ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
კახა კალაძე: შაჰ-დენიზის მე-2 ფაზის ფარგლებში, საქართველოში 400-700 მლნ დოლარის ინვესტიციები ჩაიდება
ვიცე–პრემიერის/ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, შაჰ-დენიზის მე-2 ფაზის ფარგლებში საქართველოში 400–700 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიციები ჩაიდება.
ამის შესახებ კახა კალაძემ აზერბაიჯანში ვიზიტისას განაცხადა. მინისტრის თქმით, მშენებლობის პიკის პერიოდში ქვეყანაში დაახლოებით 2000, ხოლო ექსპლუატაციის პერიოდში დაახლოებით 130 ახალი მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება. „გარდა ამისა, მილსადენის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩვენ მივიღებთ დამატებით ბუნებრივ აირს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კალაძემ.

საქართველოს დელეგაცია პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით აზერბაიჯანში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. დელეგაციაში ვიცე–პრემიერები კახა კალაძე და გიორგი კვირიკაშვილი შედიან. დღესვე დელეგაცია კონფერენციაში თემაზე “შაჰ დენიზის მეორე ფაზის დაფინანსებაზე შეთანხმება“ მონაწილეობენ. იგეგმება შაჰ-დენიზის პროექტის მე-2 ფაზის განხორციელებასთან დაკავშირებით რეზოლუციაზე ხელისმოწერა. 
"შაჰ-დენიზის" ნავთობსადენის მე-2 ფაზის პროექტის განვითარების ფარგლებში, მიმდინარე წელს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ბუნებრივი აირის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებები გაფორმდა. 

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება, რათა მოხდეს თურქეთის მიმართულებით წლიურად, დამატებით 16 მლრდ კუბური მეტრი გაზის მიწოდება. დაგეგმილია პარალელური მილსადენის მშენებლობა - 387 კმ აზერბაიჯანის, ხოლო 55 კმ საქართველოს ტერიტორიაზე. ორი დამატებითი საკომპრესორო სადგურის, ახალი წნევის რეგულირებისა და გამზომი სადგურის ინსტალაცია საქართველოში. 

არსებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს შეუძლია ტრანზიტით გატარებული გაზის 5% შეღავათიან ფასად შეისყიდოს, რაც გაზსადენის მაქსიმალური დატვირთვის შემთხვევაში წელიწადში დამატებით მილიარდ კუბურ მეტრ გაზზე მეტს შეადგენს. ამასთან, პარალელური მილსადენების მშენებლობისათვის საქართველოს პორტებისა და რკინიგზის გამოყენებით დაახლოებით 350 000 ტონა სამშენებლო ტვირთისა და მასალების გადაზიდვა განხორციელდება.

შაჰ დენიზის საბადო - ყველაზე დიდი საბადოა აზერბაიჯანში, რომელიც კასპიის ზღვაში მდებარეობს, ბაქოს სამხრეთ-აღმოსავლეთით 70 კილომეტრში. საბადო 1999 წელს აღმოაჩინეს. საბადოს ოპერატორები არიან კომპანიები - BP (25.5%), Statoil (25.5%), SOCAR (10%), Total S.A. (10%), LUKoil (10%), NIOC (10%), TPAO (9%). ”შაჰ დენიზის” საბადოს რეზერვი დაახლოებით 1 ტრილიონი კუბური მეტრია. საბადოზე გაზისა და გაზის კონდენსანტის მოპოვება 2006 წელს დაიწყო. საბადოს პირველი ფაზის განვითარებაზე 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო მეორე ფაზა 28 მლდ აშშ დოლარად არის შეფასებული, საიდანაც "სოკარმა" 2,8 მლდ აშშ დოლარი (10%) უნდა დაფაროს. მეორე ფაზიდან ამოსაღები გაზის სავარაუდო მოცულობა წელიწადში 25 მილიარდი კუბური მეტრი გაზია (პიკური მოპოვება). დღემდე საბადოდან 43 მლრდ კუბური მეტრი გაზია ამოღებული.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved