ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ირაკლი კოვზანაძე: ინვესტიციები დიდწილად განსაზღვრავს ეკონომიკურ ზრდას, მით უფრო ისეთი ტიპის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა
- ინვესტიციების მოზიდვა ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე პირდაპირპროპორციულად აისახება, ასე რომ თქვენ უწყებას და პირადად თქვენ სერიოზული მისია გაქვთ დაკისრებული. რას აკეთებს ამისთვის საპარტნიორო ფონდი და რა შესაძლებლობები გააჩნია ინვესტორთა დაინტერესებისთვის?
 
- აქსიომაა – ინვესტიციები დიდწილად განსაზღვრავს ეკონომიკურ ზრდას, მით უფრო ისეთი ტიპის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, რომელიც არ გამოირჩევა მდიდარი რესურსებით და რომელიც ფონს უნდა გავიდეს სტრატეგიული მდებარეობის ოპტიმალურად გამოყენებით, ინოვაციების დანერგვით, მაღალ ტექნოლოგიებზე ორიენტირებით და ამ ყველაფერთან ერთად როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კაპიტალისთვის ძალიან მისაღები ბიზნეს–გარემოთი და საინვესტიციო კლიმატით. 
 
მე ვფიქრობ, საამისოდ ყველა წინაპირობაა შექმნილი და საქართველოს მიმართ თავისუფალი კაპიტალის ინტერესი მომავალში კიდევ უფრო მზარდი იქნება.
 
ჩვენი, ,,საპარტნიორო ფონდის" მისიაა შევავსოთ ქვეყანაში გრძელვადიანი კაპიტალი, რისი გარკვეული დეფიციტიცაა ქვეყანაში და ასევე გავიყოთ რისკი ინვესტორთან. ეს ორი ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტორებთან ურთიერთობისას, რამდენადაც ისინი, როცა ხედავენ ჯანსაღ პარტნიორულ დამოკიდებულებას სახელმწიფოს მხრიდან, გაცილებით იოლად და თამამად დგამენ მნიშვნელოვან და მასშტაბურ ნაბიჯებს. 

ჩვენი პრიორიტეტებია: ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, უძრავი ქონება/ინფრასტრუქტურა და წარმოება. 

- როგორია საპარტნიორო ფონდის დაფინანსების პრინციპები, ანუ საიდან ფინანსდება ფონდი, რა შესაძლებლობები გააჩნია მას და როგორ მუშაობს ინვესტორთა დაინტერესებისთვის?
 
- ,,საპარტნიორო ფონდის" მფლობელობაშია შემდეგი სახელმწიფო ორგანიზაციები: "საქართველოს რკინიგზა", "გაზისა და ნავთობისა კორპორაცია", "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა", "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი" და "თელასის" აქციათა 25%. სწორედ ამ ორგანიზაციების წარმატებული საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლები აკუმულირდება ფონდში სხვადასხვა პერსპექტიულ პროექტებში შემდგომი ინვესტირების მიზნით. ფონდს ასევე აქვს საშუალება, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით მოიზიდოს სახსრები კომერციული ბანკებიდან ან/და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან. 
 
"საპარტნიორო ფონდის" აქტივები, გამომდინარე მის შემადგენლობაში მყოფი ორგანიზაციების აქტივებიდან, 5 მილიარდ ლარს აღწევს. ჩვენ, როგორც საფინანსო ისნტიტუტი, ვმართავთ ამ აქტივებს და ერთ–ერთი პრიორიტეტული და პერსპექტიული მიმართულებაა აქციების განთავსება. ეს პროცესი გარკვეულწილად უკვე ხორციელდება. კერძოდ, საქართველოს რკინიგზას და გაზის და ნავთობის კორპორაციას გამოშვებული აქვთ ევრობონდები. "გაზის და ნავთობის კორპორაციის" ევრობონდების მეშვეობით უკვე ფინანსდება ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკაში ბოლო 20 წლის ყველაზე მასშტაბური პროექტი – გარდაბნის შერეული ციკლის 230 მეგავატიანი თბოელექტროსადგურის მშენებლობა.

- რა პროექტებზე მუშაობს ამჟამად საპარტნიორო ფონდი?
 
- გამოვყოფდი ყველა სეზონზე წყალუხვობით გამორჩეულ მდინარე ნენსკრაზე 210 მგვტ–იან ჰიდროელექტროსადგურის პროექტს. ამ ეტაპზე დასრულების სტადიაშია პროექტის კომლექსური შესწავლა და ფონდი აქტიურად მუშაობს პროექტის ინვესტორებისთვის შეთავაზებაზე. ასევე ახალი პროექტია სამშენებლო პანელების წარმოების პროექტი, რომელიც პრაქტიკულად დასრულებულია და მზად არის დასამტკიცებლად და ჩასაშვებად. და, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური – გარდაბნის შერეული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტი, რომლის მთლიანი საინვესტიციო ღირებულებაც 200 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს. ეს პროექტი მთლიანად ფონდის და მისი შვილობილი ორგანიზაციების დაფინანსებით ხორციელდება და საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ეს იქნება ყველაზე მასშტაბური ენერგეტიკული პროექტი.
 
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს პროექტი ერთგარი გარღვევა იქნება გენერაციის ახალი წყაროების შექმნის კუთხით. თბოელექტროგენერაციის ერთ-ერთი უპირატესობაა, რომ ასეთი ობიექტების ექსპლუატაციაში გაშვებას ორჯერ ნაკლები დრო ესაჭიროება, ვიდრე იმავე სიმძლავრის ჰიდროენერგეტიკული ობიექტის გამართვას. ჩვენ მსხვილ თურქულ კომპანია "ЗALIK ENERJI"-სთან უკვე მოვაწერეთ ხელი დამატებით ხელშეკრულებას უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ვგეგმავთ, რომ გარდაბნის ახალი თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციაში 2015 შემოდგომაზე შევა. 


სტატიის სრული ვერსია: http://commersant.ge/?page=news&id=5098


მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved