ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
საქართველოსა და KFW-ს შორის დაფინანსების ხელშეკრულებები გაფორმდა
GHN.GE
საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW) შორის გაფორმდა დაფინანსების ხელშეკრულებები. 

ქართული მხრიდან ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ, გერმანული მხრიდან - გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევა ვიტმა. 
ხელშეკრულებები ითვალისწინებს შემდეგი პროექტების დაფინანსებას: „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი" და „საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა".

„ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის" პროექტი მიზნად ისახავს ქ. ქუთაისისა და მისი მიმდებარე რეგიონებისათვის მყარი ნარჩენების ეფექტურ მართვას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობა, მყარი ნარჩენების ტრანსპორტირებისა და ნაგავსაყრელის ფუნქციონირებისათვის საჭირო მანქანების/აღჭურვილობის შეძენა ასევე, ქუთაისის ძველი ნაგავსაყრელის დახურვა. 
პროექტის განხორციელების მიზნით KfW-ს მიერ საქართველოსათვის გამოიყოფა 20 მილიონი ევროს ოდენობის შეღავათიანი ფინანსური რესურსი. პროექტის თანმდევი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, ევროკავშირის მიერ სამეზობლო საინვესტიციო ინსტრუმენტის (NIF) ფარგლებში, გამოიყოფა გრანტი 2 მილიონი ევროს ოდენობით, რომლის ადმინისტრირებას განახორციელებს KfW. 

"საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამის" დასაფინანსებლად საქართველოსათვის გამოიყოფა 35 მილიონი ევროს ოდენობის შეღავათიანი ფინანსური რესურსი, რომელიც გაყოფილია ორ ნაწილად, ნაწილი I - 22,15 მილიონი ევროს ნაწილი II - 12,85 მილიონი ევროს ოდენობით.
პირველი ნაწილი განკუთვნილია 500/220კვ ქვესადგური „ჯვარის" მშენებლობისთვის. დამატებით დამტკიცებულია ევროკავშირის თანადაფინანსების გრანტი 8 მილიონი ევროს ოდენობით. ქვესადგურთან დამაკავშირებელი ხაზების მშენებლობა განხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით 25,2 მილიონი ევროს ოდენობის შეღავათიანი ფინანსური რესურსით. 
აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება ქვეყნის ჩრდილო - დასავლეთ ნაწილში მდებარე ჰესებიდან ელექტროენერგიის მიწოდება დასავლეთ საქართველოს, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონისა და თურქეთის მიმართულებით. ასევე შესაძლებელი იქნება ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდა აღმოსავლეთ საქართველოს მიმართულებით.
თანხის მეორე ნაწილიც ენერგეტიკის სექტორში პრიორიტეტული პროექტის დაფინანსებას მოხმარდება. 

დღეის მდგომარეობით, გერმანიის მიერ ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოსთვის საჯარო სექტორში გამოყოფილია დაახლოებით 410 მილიონი ევრო გრანტის და შეღავათიანი ფინანსური რესურსის სახით, მათ შორის, ენერგეტიკის, წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის სფეროებში და ასევე, იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერის მიზნით. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია KfW-ს მიერ განხორციელებული ორი პროექტი:
-  შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტი, რომლის ფარგლებში აშენდა საქართველოსა და თურქეთს შორის ახალი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი და 500/400/220 კილოვოლტიანი ქვესადგური;
-  ბათუმში წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის პროექტი, რომლის ფარგლებში განხორციელდა ბათუმის ცენტრალური ნაწილის წყლით უზრუნველყოფა, აშენდა კანალიზაციის თანამედროვე გამწმენდი ნაგებობა. მიმდინარეობს ბათუმის მთელ ტერიტორიაზე და მიმდებარე სოფლებში წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია/მშენებლობა. იწყება ბათუმის ცენტრში სანიაღვრე სისტემების მოწესრიგება.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved