ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ილია ელოშვილი: არ არსებობს არც ერთი წარმატებული ქვეყანა, რომელმაც თავისი ჰიდრო რესურსები ბოლომდე არ აითვისა
Commersant.Ge
„თუ ჩვენ არ შევქმენით ახალი, იაფი წყაროები, ჰიდრორესურსები, საშუალო შეწონილი ტარიფი გაიზრდება. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ ამ კომპანიებმა მოითხოვონ სამომხმარებლო ტარიფის გაზრდა.“
 
 
 
– ელექტროენერგიის  ექსპორტის  პერმანენტული შემცირების პარალელურად ექსპერტები საუბრობენ, რომ შესაძლოა ამ პროცესებმა გამოიწვიოს დენის ტარიფის გაძვირება. ეთანხმებით თუ არა ასეთ შეფასებას? 
 
– ამ მოსაზრებას ნაწილობრივ ვეთანხმები იმიტომ, რომ თუ ჩვენ არ შევქმენით ახალი, იაფი წყაროები, ჰიდრორესუსები, ამ შემთხვევაში საშუალო შეწონილი ტარიფი, რასაც იღებენ სადისტრიბუციო კომპანიები იმისთვის, რომ შემდეგ საბოლოო სამომხმარებლო ტარიფზე დავიდნენ, გაიზრდება. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ ამ კომპანიებმა მოითხოვონ სამომხმარებლო ტარიფის გაზრდა. 
 
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ენერგეტიკის სამინისტრო მაქსიმალურ ძალისხმევას იყენებს იმისთვის, რომ შეიქმნას იაფი წყაროები. კანონმდებლობა გაცილებით ლიბერალური და მოქნილი გახდა.  შესაბამისად, ამ კანონმდებლობის შექმნის შემდეგ უკვე მოეწერა ხელი ახალ მემორანდუმს, რომელიც 500 მგვტ–ის ელექტროენერგიის გამომუშავებას ეხება. ასევე ენერგეტიკის სამინისტროში გამოცხადებული იყო ტენდერი 5 ჰესზე, საერთო სიმძლავრე –300 მგტვ–ზე მეტი და უკვე რამდენიმე მონაწილე გვყავს. მაგალითად, თურქული კომპანია „ჩალიკი“, „საქართველოს ბანკი“, კომპანია „ფერი“.
 
ეს არის ძალიან კარგი პრეცედენტი, პირველადაა, როდესაც კომპანიებმა არსებული პროექტებისგან ერთმანეთში კონკურენცია დაიწყეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მქსიმალურად ვცდილობთ შეიქმნას ახალი სიმძლავრეები და ტარიფი იმ დონეზე შევინარჩუნოთ, რა დონეზეც დღეს არსებობს. გარდა ამისა, არც ერთი პროექტი, რომელიც ჩვენ დაგვხვდა, არ ჩავარდნილა. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე პროექტს, რომელსაც შიდა, თავისი პრობლემები აქვს. მაგალითად, ჩვენ მათ დაფინანსების პრობლემებს ვერ მოვუგვარებთ და ასე შემდეგ, თუმცა ამ ნაწილშიც ვცდილობთ, დავეხმაროთ. საგანგაშო არაფერი არ არის, მთავარია ყველამ გავიაზროთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ინფრასტრუქტურის, ახალი სიმძლავრეების შექმნა. 
 
– გამოსავალი მხოლოდ ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაშია, თუ შესაძლებელია იმ ქვეყნებთან, საიდანაც ჩვენ ელექტროენერგიას ვყიდულობთ, ტარიფებთან დაკავშირებით მოხდეს რაიმე გადახედვა? 
 
– ჩვენ გვაქვს ელექტროენერგიის მიღების 3 წყარო. ჰიდროები, თბოსადგური და იმპორტი. თბოსადგური დამოკიდებულია გაზის ფასზე, რომელიც აღარ გაიაფდება თუ არ გაძვირდა, იმპორტი არ გაიაფდება თუ არ გაძვირდა. ამიტომ ერთადერთი სტაბილური წყარო, რაც შეიძლება შევქმნათ, არის საკუთარი რესურსები ჰიდრორესურსების ხარჯზე. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ხუდონი და სხვა დიდი პროექტები. ჩვენ როცა ვუყურებთ ობიექტურ რეალობას, აქედან გამომდინარე ვთვლით, რომ მაქსიმალურად მოხდეს ამ ახალი პროექტების განვითარება. 
 
– როდესაც მსხვილ ჰიდროელექტროსადგურებზე არის საუბარი, არასამთავრობო ორგანიზაციებს ამ მიმართულებით საკუთარი მოსაზრებები აქვთ და სხვა ფაქტორებიც მოქმედებს, გარემოზე ზემოქმედების შეფასებები და ასე შემდეგ. მთლიანობაში, ამ ახალმა ინვესტიციებმა ენერგეტიკაში  და ჰესების მშენებლობებმა თუ შეიძლება მომავალში გარემოს იმდენად დიდი ზიანი მოუტანოს, რომ სარგებელი ვერ დააბალანსოს? 
 
– არა. ჩვენ არაფერს ახალს არ ვაკეთებთ. მთელ მსოფლიოს ეს უკვე გამოვლილი და გაკეთებული აქვს. არ არსებობს არც ერთი წარმატებული ქვეყანა, რომელსაც თავისი ჰიდრო რესურსები ბოლომდე არ აეთვისებინოს. ჩვენც  ეს უნდა გავაკეთოთ. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ გავაკეთოთ ისეთი ფორმით, რომ გარემოს რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს. თუმცა გარემოს ზიანი მიადგება. მას ზიანს ნებისმიერი მშენებლობა მიაყენებს. იგივე გადამცემი ხაზების, მილსადენის და ასე შემდეგ მშენებლობა. ამიტომ ჩვენი ამოცანა ის კი არ უნდა იყოს, რომ პროცესები გავაჩეროთ იმიტომ, რომ თურმე მათ გარემოზე ზემოქმედება მოაქვთ, არამედ ჩვენ პროექტები მაქსიმალურად კარგად უნდა გავაკეთოთ, ისე, რომ გარემოს რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს. 
 
– თქვენ ტარიფის გაძვირებასთან  დაკავშირებით ისაუბრეთ, ხომ არ დაფიქსირდა შემთხვევა, რომ მარეგულირებლისთვის მიემართა რომელიმე კომპანიას გადახედვის თხოვნით ან თქვენ როგორ ვარაუდობთ, ტარიფთან დაკავშირებით რა პერიოდში შეიძლება ცვლილება მოხდეს ქვეყანაში?
 
– „ენერგო–პროს“ ხელმოწერილი აქვს 2014 წლის სექტემბრამდე, მანამდე ტარიფის არანაირი გადახედვა არ იქნება. თუმცა „ენერგო–პროს“ შემთხვევაში ნაკლებ სავარაუდოა ეს მოხდეს, შეიძლება პირიქით შემცირებაზე ვისაუბროთ. რაც შეეხება „თელასს“, მას აქვს 2027 წლამდე ხელმოწერილი მემორანდუმი, სადაც დაფიქსირებულია პირობები. აქ ყველაზე მთავარია საშუალო შეწონილი ტარიფი, ამის გაზრდა არ უნდა მოხდეს, რათა მათ არ მოითხოვონ ტარიფის გადახედვა. ჯერჯერობით ჩვენ ამას ვარეგულირებთ და ასეთი საშიშროება ამ ეტაპისთვის არ დგას. 
 
– როდის შეიძლება, რომ საქართველო ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს? 
 
– საქართველო მთლიანად ენერგოდამოუკიდებელი ვერასოდეს ვერ გახდება, ამის ილუზია არავის არ უნდა ჰქონდეს. ჩვენი ენერგომატარებლების  75 პროცენტი უცხოეთიდან შემოდის, ამიტომ პირველი, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ამ იმპორტის დივერსიფიკაცია მოვახდინოთ. მეორე, შევქმნათ საკუთარი რეზერვები იგივე წყალსაცავების სახით და ასე შემდეგ, ესეც ენერგოდამოუკიდებლობის ერთ–ერთი კომპონენტია. მესამე, გამოვიყენოთ ჩვენი ჰიდრორესურსები. ეს არის ყველაფერი ის, რაც საბოლოო ჯამში უფრო მეტ ენერგოდმოუკიდებლობას მოგვცემს. 
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved