ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
გამორიცხული არ არის, ენერგოკომპანიებმა ენერგოტარიფის გაზრდა მოითხოვონ
ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი: ენერგოგამომუშავების შემცირების პირობებში, ერთადერთი გამოსავალი ენერგეტიკული ობიექტების  დაჩქარებული მშენებლობებია

ელექტროენერგიის  ექსპორტი  განვლილი 4 წლის  მანძილზე, პერმანენტულად მცირდება. ოფიციალური  უწყებების  ცნობით,   2013 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობამ 450 მილიონი კვტ/საათი შეადგინა. 2012 წელს სისტემური  გამომუშავებიდან   ექსპორტის მთლიანი წილი 528 მილიონი კვტ/საათით განისაზღვრა, რაც 57%-ით ნაკლები იყო 2011 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით.
 
წელს საქართველოს გენერაციის ობიექტებმა საზღვარგარეთ 930,6 მილიონი კვტ/საათი ენერგია გაყიდეს. კიდევ უფრო დიდი იყო მოცულობა 2010 წელს, როდესაც ექსპორტის სარეკორდო მაჩვენებელი დაფიქსირდა.  
 
მეზობელ ყვეყნებში ელექტროენერგიის  გადადინების ოდენობამ 1 მილიარდ 524 მილიონი კვტ/საათი  შეადგინა. ექსპორტის წილის შემცირების საპირისპიროდ  იზრდება საიმპორტო  მოცულობები.  მიმდინარე  წლის 10  თვის  მანძილზე სისტემას  281 მილიონი კვტსაათი ენერგია აქვს  ნაყიდი. წლის მთლიან  ბალანსში  ჯერ  შესული  არაა ბოლო  2  თვის  მაჩვენებელი, რომელიც,  სპეციალისტების  ვარაუდით, ამ  რიცხვს მნიშვნელოვნად  გაზრდის. არსებული სტატისტიკის  მიხედვით,   2012 წელს იმპორტის წილმა   ქვეყანაში  614  მილიონი კვტ/საათი შეადგინა.   წინა წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 23%-ით გაიზარდა.  მთლიანი ენერგეტიკული  ბალანსი  გასულ  წელს 9 მილიარდ 700  მილიონი კილოვატ  საათი  იყო. 
 
ახალი ელექტროენერგეტიკული სიმძლავრეების არქონის პირობებში ენერგეტიკოსები იმპორტის ზრდის ტენდენციის  შენარჩუნებას მომდევნო 3–4 წლის განმავლობაშიც ვარაუდობენ. ენერგეტიკულ  ბალანსში დაახლოებით  5  % ით   ყოველწლიურად იზრდება მოხმარების წილი, რასაც ადგილობრივი გენერაციის ობიექტები ვერ აკმაყოფილებენ. ისინი  გამომუშავების  პიკზე  ფუნქციონირებენ. ენერგეტიკის  აკადემიის პრეზიდენტი კომერსანტთან საუბრისას  განმარტავს, რომ არასახარბიელო  ჰიდროლოგიური მოცემულობის  გამო, მიმდინარე  წლის ენერგოგამომუშავება  გასულ წელთან შედარებითაც  გაუარესებული  იქნება.  ჰესების  წყალსაცავებში  ჰიდრორესურსი შესამჩნევად  ნაკლებია.  ერთადერთ  გამოსავალს რევაზ არველაზე  ახალი ენერგეტიკული ობიექტების დაჩქარებულ  მშენებლობაში  ხედავს.  აკადემიის  პრეზიდენტი ფიქრობს, რომ დღევანდელ ქართულ ენერგეტიკას ეკონომიკისთვის სტიმულატორის ნაცვლად მუხრუჭის როლი უფრო აქვს.  
 
მზარდი  დეფიციტის  პირობებში,  ენერგეტიკოსი  ბალანსის შევსების  წყაროს რუსეთისა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემებს  განიხილავს,  საიდანაც იმპორტი  ამჯერადაც ხორციელდება.  ამ  მიმართულებითაც  პერსპექტივა  არასახარბიელოა.  ენერგო მოხმარების პიკურ  საათებზე  შესასყიდ ენერგიას  საქართველო  კილოვათსაათზე  9–ნახევარ  ცენტს იხდის,  რაც  საშუალო  სამომხმარებლო  ტარიფზეც  დიდია.   ამ  შემთხვევაში  კი გამორიცხული  არაა,  ახლო  მომავალში  სადისტრიბუციო  კომპანიებმა  მარეგულირებელ კომისიას  ტარიფის  გადახედვის  მოთხოვნითაც მიმართონ. სტაბილური  სატარიფო   პოლიტიკის  გრძელვადიან  პერიოდზე  განსაზღვრის მიუხედავად,  მათთან გაფორმებული მემორანდუმები  მაინც ითვალისწინებს  განაკვეთის  გადახედვის   პირობებს.  
 
გენერაციის საშუალო  შეწონილი  ტარიფის  მნიშვნელოვანი მატების  შემთხვევაში, ელექტროგამანაწილებელ  კომპანიებს  უფლება  აქვთ  სემეკს სამომხმარებლო ფასის  გაზრდა  მოსთხოვონ.



რადიო „კომერსანტი,“ FM 95,5
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved