ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
კახა კალაძე: ეკონომიკური ზრდის ტემპის უზრუნველყოფისთვის ენერგეტიკული პოტენციალის გაზრდაა საჭირო
დღეს რა მდგომარეობა გვაქვს ენერგოსექტორში და რა მიმართულებას ირჩევს ქვეყანა ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების მისაღწევად? 
_ ერთად აღებულ ყველა სახის ენერგიას თუ გავაანალიზებთ, ვნახავთ, რომ მოხმარებული ენერგიის 75 პროცენტი იმპორტირებულია, ნავთობპროდუქტებსა და ბუნებრივ აირს მთლიანად გარეწყაროდან ვიღებთ. საქართველოსთვის ყველაზე ენერგოტევადი რესურსია ჰიდრორესურსი, რის გამოც გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს ელექტროენერგიის გამომუშავების მხრივ _ მოხმარებული ელექტროენერგიის 78 პროცენტის გენერაცია ჰესების მიერ ხდება, დანარჩენი კი ივსება იმპორტირებულ ენერგომატარებლებზე მომუშავე თბოსადგურებითა და ელექტროენერგიის პირდაპირი იმპორტით, რომელიც უფრო და უფრო აღემატება წყალუხვობის პერიოდში ექსპორტზე გატანილი ელექტროენერგიის რაოდენობას. საქართველოს ელექტროსისტემა იმ ერთიანი სისტემის ნაწილია, რომელიც ცენტრალიზებულად იყო აწყობილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით. სსრკ-ს დაშლის შემდეგ სისტემის გათიშვამ და მაშინდელი ხელისუფლების უნიათობამ საქართველო წლების მანძილზე სიბნელეში ამყოფა. უკანასკნელი წლებში მოხერხდა ელექტროენერგიის სტაბილური მიწოდება, რამაც, თავის მხრივ, ტარიფიც გაზარდა. მიუხედავად ამისა, მდგომარეობა ერთობ მყიფეა და ენერგოსისტემის დაცულობის უზრუნველსაყოფად და მოსალოდნელი რისკების გასანეიტრალებლად, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. გვახსოვს, 2006 წლის ზამთარში, რა მდგომარეობა შექმნა რუსეთთან დამაკავშირებელი გაზსადენისა და ენერგოგადამცემი ხაზების გაწყვეტამ. ინფრასტრუქტურული საკითხების გარდა, მოსახლეობისთვის ყველაზე აქტუალურია საკითხია დასაქმება, რაც ეკონომიკის განვითარებასა და გაზრდას უკავშირდება. ქვეყნის მოქალაქეებმა მკაფიოდ უნდა იცოდნენ, რომ ეკონომიკის გაზრდა და დასაქმება გულისხმობს სამუშაო ადგილების შექმნას, ახალ საწარმოებს, რომელსაც ელექტროენერგია სჭირდება. ეკონომიკური ზრდის ტემპის უზრუნველყოფისთვის კი ენერგეტიკული პოტენციალის გაზრდაა საჭირო.  

როგორ შეგვიძლია პოტენციალის გაზრდა? 
_ ამისათვის ორი ძირითადი გზა არსებობს: ელექტროენერგიის იმპორტის გაზრდა ან ქვეყნის შიგნით გამომუშავების მატება. იმპორტი, თავისთავად, გამოიწვევს სხვა ქვეყანაზე ენერგეტიკული დამოკიდებულების გაზრდას, მისთვის ყოველწლიურად გაძვირებული ფასის გადახდას, რაც უახლოეს მომავალში ტარიფზე იმოქმედებს. ეს სხვა ქვეყანა კი დღეს არსებული იმპორტის ყველაზე იაფი ტარიფით რუსეთია. ქვეყნის შიგნით გენერაციის გაზრდა კი მოგვცემს ფასების კონტროლის, ტარიფის გრძელვადიანი პროგნოზირების საშუალებს, გააძლიერებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობას. ჩვენი ძირითადი რესურსი ჰიდრორესურსია, რომლის თეორიული ენერგეტიკული პოტენციალი 130 მილიარდი კილოვატ საათია, ათვისებული კი გვაქვს მისი 7 პროცენტი. ჩვენი მთავრობის ეკონომიკური კურსი, რაც სამთავრობო პროგრამასა და საარჩევნო დაპირებებს ეფუძნება, ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას გულისხმობს და მოქალაქეების უმთავრესი მოთხოვნაც სწორედ ესაა. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, აღებულ ვალდებულებას კი შესრულება სჭირდება. 

ხშირად გსაყვედურობენ მწვანეების ჯგუფები წინა ხელისუფლების კურსის გაგრძელებასა და რესურსების მაქსიმალურ ათვისებაზე. 
_ ვისარგებლებ შემთხვევით და მოკლედ გიპასუხებთ ოპონენტთა ძირითად კითხვებზე. ხშირად ისმის საკითხი განახლებადი ენერგიის ალტერნატიული წყაროების ათვისების შესახებ _ ენერგეტიკის სამინისტრო ამ მიმართულებით მუშაობს და კონკრეტული ნაბიჯებიც გადადგმულია, მაგრამ სპეციალისტებმა იციან, რომ დღეს, საქართველოში, ჰიდრორესურსის ჩანაცვლება მზისა და ქარის ენერგიით შეუძლებელია. ეს ახლადშექმნილი ილუზიაა, რომლითაც რაღაც ჯგუფები მანიპულირებენ საზოგადოებრივ აზრზე. საერთოდ, ენერგეტიკა იმდენად დახურული დარგია ჩვენს ქვეყანაში, რომ ძირითადი ინფორმაცია მითოლოგიის სფეროდანა. ჩვენ ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ და მოსახლეობის ინფორმირება იქნება სისტემატური, მოცულობითი და, რაც მთავარია, სასარგებლო. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რა არის მისთვის უსაფრთხო, სასარგებლო და ეკონომიური. ენერგოეფექტურობის თემაზე დაწყებულია კანონმდებლობის შემუშავება და, ევროპასთან დაახლოების პროცესში, ამ საკითხს ვერანაირად ვერ ავუვლით გვერდს, თუმცა იმის  მტკიცება, რომ ენერგოეფექტურობის ზრდა მოაგვარებს იმ ენერგეტიკულ გამოწვევებს, რაც უკვე ვახსენეთ, ისეთივე აბსურდია, როგორც გადაჭარბებული მტკიცება გადამცემი ხაზებისა და ჰიდროელექტროსადგურების ტექნიკური დანაკარგის შესახებ. ეს ყველაფერი ნორმის ფარგლებშია და ევროპულ მაჩვენებლებსაც კი აკმაყოფილებს. უკვე აღვნიშნე, რომ საქართველო თავისი ჰიდროპოტენციალის მხოლოდ 7 პროცენტს მოიხმარს. რესურსის მაქსიმალური ათვისება არ ნიშნავს 100 პროცენტიან მაჩვენებელზე გასვლას, რაც აბსურდი და უსაფუძვლო, პოპულისტური ბრალდებაა, ეს ნიშნავს ჩვენი უახლესი ენერგეტიკული და ეკონომიკური გამოწვევების შესაბამის განვითარებას, რაც მდგრადი განვითარების პრინციპებს ეფუძნება და არა ჭარბი განვითარებისა. 


სტატიის სრული ვერსია: http://versia.ge/index.php/2013-07-31-11-22-32/
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved