ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
გარემოს დაცვის სამინისტრო გარემოს მდგომარეობის შესახებ სექტორულ კვლევას ჩაატარებს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, მსოფლიო ბანკის დახმარებით, საქართველოში გარემოს მდგომარეობის შესახებ სექტორული კვლევის ჩატარებას იწყებს.
 
როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, უწყება კვლევის შედეგების მიხედვით, ადგილობრივი ესქპერტებისა და საერთაშორისო კონსულტანტების მონაწილეობით, მომავალი წლისთვის ქვეყნის გარემოსადაცვითი შეფასების დოკუმენტს (Country Environmental Assessment - CEA) მოამზადებს.
"დოკუმენტში ასახული იქნება არსებული ეკოლოგიური პრობლემები, გარემოს დეგრადაციისა და ბუნებრივი რესურსების არარაციონალური გამოყენების სოციალური და ეკონომიკური დანახარჯები; ასევე შეფასდება ქვეყნის შესაძლებლობა გაუმკლავდეს მიმდინარე გარემოსდაცვით პრობლემებსა და გამოწვევებს", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე და მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე მსოფლიო ბანკის გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების სექტორის მენეჯერს ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის კულსუმ აჰმედს შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამინისტროს წარმომადგენლები და მსოფლიო ბანკის გარემოსდაცვითი მიმართულების ექსპერტები: ადრიანა დამიანოვა (გარემოს დაცვის წამყვანი სპეციალისტი და საქართველოში გარემოს მდგომარეობის ანალიზისთვის დაგეგმილი კვლევის მენეჯერი), გაიანე მინასიანი (გარემოსდაცვითი ეკონომისტი) და დარეჯან კაპანაძე (გარემოს დაცვის უფროსი სპეციალისტი).

"შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში გარემოს დაცვის სფეროში არსებული ვითარება, ისაუბრეს მიმდინარე პრობლემებსა და ამ პრობლემების ეფექტურად მოგვარებისთვის უწყებათშორისი თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობაზე. განისაზღვრა სამინისტროს და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის კომპეტენციები და ფორმები, შეთანხმდა დროითი ჩარჩოები ის პრიორიტეტული სფეროები, რომელი მიმართულებითაც კველვა ჩატარდება. დაიწყო პროექტის კონცეფციის მომზადება, რის შემდეგაც ქართველ და უცხოელ ექსპერტთა ერთობლივი სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდება", - განმარტავენ სამინისტროში.


მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved