ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
რუსეთის გავლენის ასაცილებლად უკრაინა ფიქალის გაზის მოპოვებას იწყებს
უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა და ამერიკულმა ნავთობკომპანია "შევრონმა” ოლესის ოლქში, რომელიც ქვეყნის დასავლეთით მდებარეობს, ფიქალის გაზის მოპოვებაზე შეთანხმება გააფორმეს 

მანამდე კონტრაქტს ოფიცალურმა კიევმა ხელი კიდევ ერთ ნავთობგიგანტ ”შელისთანაც” მოაწერა. 

როგორც უკრაინის ენერგეტიკისა და ქვანახშირის მრეწველობის მინისტრმა, ედუარდ სტავიცკიმ განაცხადა, მოპოვებული გაზის ღირებულების პროგნოზირებას მხოლოდ მას შემდეგ შესძლებს, როდესაც გეოლოგიური დაზვერვა დასრულდება. 

”რისი თქმაც დანამდვილებით შემიძლია, ფიქალის გაზი გაცილებით იაფი იქნება, ვიდრე ის ბუნებრივი აირი, რომელსაც დღეს პარტნიორებისგან ვყიდულობთ. ჩემი აზრით, ოლესის გაზის ფასი, სულ მცირე, სამჯერ ნაკლები იქნება”, - განაცხადა სტავიცკიმ. 

მინისტრის თქმით, ”შევრონი” პირველ ეტაპზე გეოლოგიურ დაზვერვასა და პირველი ჭაბურღილის მშენებლობაში 350 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.
”მოპოვებული გაზის მოცულობა, საბაზისო სცენარით, წელიწადში 5 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, ხოლო ოპტიმისტური პროგნოზით - 8 -10 მილიარდ კუბურ მეტრს”, - აღნიშნა სტავიცკიმ. 

შეთანხმების მიხედვით, უკრაინა მოპოვებული გაზიდან, სულ მცირე, 30%-ს მიიღებს. მისი წილი, მოცულობიდან გამომდინარე, კიდევ უფრო გაიზრდება. 

უკრაინა აქამდე მთლიანად რუსულ გაზზე იყო დამოკიდებული, რასაც მოსკოვი პოლიტიკური გავლენის მოსახდენად ეფექტურად იყენებდა. უკვე ბოლო რამდენიმე წელია, უკრაინა საწვავის გაიაფებაზე რუსეთის დათანხმებას ცდილობს. იმავდროულად კიევი გაზის მიწოდების დივერსიფიკაციას გეგმავს, რასაც ევროპისგან ბუნებრივი აირის შესყიდვებით, ფიქალის გაზის წარმოებითა და ზღვის შელფის ათვისებით აპირებს. როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა, 2020 წლისთვის უკრაინა გაზის მოხმარებას საკუთარი ნედლეულით მთლიანად უზრუნველყოფს. 



მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved