ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
თურქეთი ატომური ელექტროსადგურების მშენებლობას იწყებს

რუსეთი მზადაა, თურქეთში მესამე და მეოთხე ატომური ელექტროსადგური ააშენოს, - ამის შესახებ "აკუიუ"-ს (AKKUYU) ატომური ელექტროსადგურის დირექტორის მოადგილემ, რაუფ კასუმოვმა განაცხადა. "აკუიუ" თურქეთში პირველი აეს-ია, რომლის მშენებლობაზე შეთანხმებას მეზობელ ქვეყანასთან რუსულმა კომპანია "ატომსტროიექსპორტმა" 2010 წელს მიაღწია. თუმცა, პროექტი ჯერ კიდევ შემუშავების ფაზაშია. 

"აკუიუ" საკმაოდ მასშტაბური იქნება. ხმელთაშუაზღვისპირეთში, პროვინცია მერსინში დაგეგმილი მშენებლობა 20 მილიარდი დოლარი დაჯდება, თურქული აეს-ის ოთხი რეაქტორის ერთიანი სიმძლავრე 4800 მგვატია.გეგმის მიხედვით, მისი ექსპლუატაციის პირველი ეტაპი 2019 წელს დაიწყება.

თუმცა, ექსპერტების აზრით, "აკუიუს" მშენებლობის ვადა კიდევ 1,5, წლით გადაიწევს, რადგან თურქეთისთვის ეკოლოგიური, ხოლო რუსეთისთვის კი -ეკონომიკური თვალსაზრისით არამომგებიანია.

რუსულმა მხარემ პროექტში, ჯერჯერობით, ერთი მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. იმავდროულად, აქტიურად ეძებს პარტნიორებს თურქულ კომპანიებს შორის. ის მზადაა, ადგილობრივ საწარმოებს აქციათა 49%-იც დაუთმოს, თუ აეს-ის ინფრასტრუქტურის მშენებლობით დაკავდებიან. "ატომექსპორტმა" გაზაფხულზე დახმარება ფრანგულ გიგანტს EDF-საც სთხოვა, თუმცა, გამოხმაურება ვერ მიიღო.

ყველაფრის მიუხედავად, "აკუიუ" რუსეთის მთავრობის პრიორიტეტებში შედის. რამდენიმე დღის წინ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, "ატომსტროიექსპორტს" წელს 22,5 მილიარდი რუბლი (706 მილიონი დოლარი) გამოუყოს.

ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს თურქეთისთვისაც. ის ყოველწლიურად 60 მილიარდი დოლარის ენერგორესურების იმპორტს ახორციელებს. როგორც მეზობელ ქვეყანაში იმედოვნებენ, მხოლოდ ერთი ატომური ელექტროსადგურის მეშვეობით საკუთარ სავაჭრო დეფიციტს, რომელიც მოცულობით მსოფლიოში მესამეა, 3 მილიარდი დოლარით შეამცირებს.

როგორც თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ტენერ ილდიზმიმ რუსულ სააგენტო "იტარ ტასს" განუცხადა, ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთან ქვეყნის ენერგოინფრასტრუქტურის გადახედვაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. პროექტი 19 პუნქტს აერთიანებს, მათ შორის, საკანონმდებლო აქტების, ფიზიკური უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და ადამიანური რესურსების დაგეგმარების საკითხებს. პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება. ამასთანავე, მუშაობენ "აკუიუს" გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მიღებაზეც.

"ჩვენი ეკოლოგიისა და ქალაქის დაგეგმარების სამინისტრო და სხვა შესაბამისი უწყებები რუსული კონსორციუმის შემუშავებულ დოკუმენტს სწავლობენ. თურქეთი კარგად აცნობიერებს, რაოდენ მასშტაბური და მნიშვნელოვანია რუსეთისთვის ეს ინვესტიცია. "აკუიუს" ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ფუკუსიმაზე ავარია მოხდა, რის გამოც აუცილებელი გახდა, უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულიყო. დამატებითი დროის აღება დაგვჭირდა. ორივე მხარე სამუშაოს, კერძოდ, ტექნიკურ მხარეს, აკურატულად ვეკიდებით. არახელსაყრელი რომ ყოფილიყო, არც თურქეთი და არც რუსეთი პროექტის რეალიზაციას არ დაიწყებდნენ. ეს კოლოსალური პროექტია, რომელიც პოლიტიკურმა სტაბილურობამ მოიტანა. დღეს არანაირი საბაბი არ გვაქვს, ელექტროენერგიის გენერირების 2019 წლის გეგმებზე უარი ვთქვათ", - აცხადებს თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი.

აღსანიშნავია, რომ თურქეთს, როგორც ელექტროენერგიის ექსპორტისთვის მიმზიდველ ბაზარს, ქართული მთავრობაც განიხილავს. მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზისა და მსხვილი ჰესების მშენებლობაც, ძირითადად, მეზობელ ქვეყანაში ენერგორესურსების მზარდ მოთხოვნაზეა გათვლილი.

მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved