ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
უნდა აშენდეს თუ არა, ხუდონჰესი?!

დავით მირცხულავა ხუდონჰესის შესახებ კითხვებს პასუხობს:

"1. ხუდონჰესის გამომუშავება 1 მილიარდ 500 მლნ. კვტ.სთ იქნება, ენგურჰესის შემდგომ ყველაზე მძლავრი სადგური საქართველოს ენერგოსისტემაში და ეს საქართველოს ჰიდროგენერაციის დაახლოებით 16 %-მდეა.

2. მემორანდუმით ხუდონჰესს აღებული აქვს ვალდებულება საქართველოს ენერგოსისტემას მისცეს 133 მლნ. კვტ.სთ ზამთრის 4 თვის განმავლობაში 5,84 ცენტად (დღეს 2013 წელს ზამთრის ენერგია სწორედ ამდენი ღირს 9,6 თეთრი, თუ იმპორტირებული ენერგიის ფასს შევადარებთ ძირითადად რუსეთიდან, წელს პიკურ დროს მისი ფასი იქნება 9,5აშშ ცენტი/ კვტ. სთ-ზე) 2019-20 წლისათვის ხუდონჰესის მიერ გამომუშავებული ენერგია იქნება ერთ-ერთი ყველაზე იაფი ენერგიის წყარო ამ პერიოდისათვის.

3. ამის გარდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს # 214 დადგენილებით ყველა მშენებარე ელექტროსადგურის ვადებულებად განისაზღვრა, რომ თავისი გამომუშავებული ელექტროენერგიის 20% მიყიდოს სახელმწიფოს, რაც ხუდონის შემთხვევაში უკვე 133 მლნ. კვტ სთ კი არ არის -არამედ 300 მლნ. კვტ. სთ.-ია, რაც ძალიან საგულისხმოა.

4. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი, ხუდონჰესის აშენება ენგურჰესს საშუალებას მისცემს გამოიმუშაოს დამატებითი ენერგია ყველანაირი ინვესტიციის გარეშე. ინვესტორი კომპანია თავის ანგარიშებში მიუთითებს რომ ეს იქნება 300 მლნ.კვტ.სთ-ი. ჩემი გათვლებით, კი ეს იქნება მნიშვნელოვნად მეტი, მაგალითად თუ 2011 წლის ჰიდროლოგიურ (არასაუკეთესო წელი წყლის თვალსაზრისით) მონაცემებს დავეყრდნობით ენგურჰესი დამატებით გამოიმუშავებს 476 მლნ. კვტ სთ ენერგიას.

ბატონებო, ეს 476 მლნ კვტ.სთ უდრის ჟინვალჰესის წლიურ გამომუშავებას (საშუალო მრავალწლიურზე მეტიც არის) ანუ კიდევ ერთ ჟინვალჰესს აუშენებლად მივიღებთ და, რაც ყველაზე ფასეულია ეს არის უიაფესი ენგურჰესის ენერგია , რომლის ფასი 1,18 თეთრია და რომლის სიიაფე ძირითადად განსაზღვრავს ელექტროენერგიის ტარიფის სიიაფეს მთელ საქართველოში.

5. ოპონენტები აპელირებენ იმაზე , რომ თითქოს ხუდონი მოგების გადასახადს გადაიხდის მხოლოდ 2037 წლის შემდეგ, რაც რბილად რომ ვთქვათ საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა და არ შეესაბამება სინამდვილეს. ხუდონჰესი ქვეყნის ბიუჯეტში მისი ექსპლუატაციის დაწყებიდან მე-2 წელსვე გადაიხდის მოგების გადასახადს და მისი სიდიდე შეიცვლება პირველი 20 წლის განმავლობაში 7 მლნ . აშშ დოლარიდან 40 მილიონ დოლარამდე ყოველწლიურად და ჯამში იქნება 410 მილიონი აშშ დოლარი. ასევე ნაგებობის მშენებლობის 5 წლის განმავლობაში ყოველწლიურად საშემოსავლო გადასახადის სახით ბიუჯეტში შევა 38,4 მილიონი ლარი, ხოლო ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ ყოველწლიურად 4,8 მილიონი ლარი. მშენებლობის დასრულების შემდეგ ქონების გადასახადის სახით ყოველწლიურად ადგილობრივ (მესტიის) ბიუჯეტში შევა საშუალოდ 12,3 მილიონი ლარი.

6. ამასთანავე საქართველოს ენერგეტიკული (ელ. ენერგიის დისპეტჩერიზაციისა და ტრანსპორტირების) კომპანიები დამატებითი შემოსავლების სახით ყოველწლიურად მიიღებენ 19 მილიონ დოლარამდე.

7. საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღებისათვის, საშინელი სიღარიბის დაძლევისათვის, მომავალში თითოეული ადამიანის კეთილდღეობისათვის საჭიროა უამრავი საწარმოს, მათ შორის ენერგოტევადის შექმნა, რაც ბუნებრივად ითხოვს დამატებითი ენერგიის წყაროების- გენერაციის ობიექტების აშენებას. ასეთი საწარმოების კონკურენტუნარიანობის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია შედარებით იაფიანი ელექტროენერგია, რაც პირდაპირ ჩვენი საკუთარი ჰიდრორესურსების ათვისებაზეა დამოკიდებული.

8. მრავალჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ საქართველოში არის სულ 60-მდე ჰიდროელექტროსადგური, აქედან წყალსაცავიანს ხელის თითებზე ჩამოვთლით. ჩვენზე პატარა ტერიტორიის შვეიცარიაში, ალპების ქვეყანაში 550-ზე მეტი ჰესია, აქედან 250 წყალსაცავიანი, ჰესები შენდება დღეს 21 საუკუნეში ავსტრიაში, ხორვატიაში და მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში. სეისმური, მცირემიწიანი იაპონია 2023 წლამდე კიდევ 100-ზე მეტ წყალსაცავიან ჰესს ააშენებს. ყველა ქვეყანას, ვისაც გააჩნია ჰიდრორესურსი ითვისებს ამ რესურს. და კიდევ ერთი, მცირე და საშუალო ჰესები ვერასდროს ვერ შეასრულებს წყალსაცავიანი მარეგულირებელი ჰესების ენერგეტიკულ ფუნქციას.

9. მინდა იმ ურთულეს პრობლემაზეც გავამახვილო ყურადღება, რაც წყალსაცავების მშენებლობის დროს განსახლების პრობლემას ეხება, არასდროს და არსად არ ყოფილა ეს მარტივი პრობლემა. ეს არ იყო მარტივი ენგურჰესის მშენებლობის დროს, ასევე ურთულესი იყო ჟინვალჰესის მშენებლობის დროს, არ იყო მარტივი ბაქო-თბილისი-ჯეიხანის და ბაქო-თბილისი-ერზერუმის მშენებლობის დროს, არც ავტობანების მშენებლობის დროს ყოფილა ეს პროცესი მარტივი. ათასობით ადამიანმა, რომელთა განსახლება განხორციელდა ამ პროექტების დროს, უდიდესი, განსაკუთრებული ღვაწლი შეიტანა საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული ობიექტების მშენებლობის საქმეში. ეს ადამიანები მართლაც უდიდეს პატივისცემას, მადლიერებას და დაფასებას იმსახურებენ საქართველოს ყველა მოქალაქისგან სვანეთიდან დაწყებული კახეთით დამთავრებული და სტეფანწმინდიდან დაწყებული სარფით დამთავრებული.

შირად საზღვარგარეთულ მაგალითებზე მეკითხებიან ასეთ შემთხვევაში და მომყავს ძალიან მცირემიწიანი (მოსახლეობის რიცხვის გათალისწინებით) იაპონიის მაგალითი. კერძოდ 2000 წელს იაპონიაში ტოკიოდან 60 კმ_ში და იაკოჰამიდან 40 კმ_ში აშენდა „მიაგასე კაშხალი“, რომლის სიმაღლე 156 მ, კაშხლის ბეტონის მოცულობა 2 მლნ მ3 (ზუსტად იმდენი რაც ხუდონის) წყალსაცავის შექმნა და აქედან გამომდინარე მჭიდროდ დასახლებული მიწების დატბორვა შეეხო: სოფლებს კიოკავას (374 ჰა) -274 ოჯახი- 1104 ადამიანს, ქალაქ ტსუკუის ნაწილს- 107 ჰა-1 ოჯახი 2 ადამიანი, ქალაქ აიკავას ნაწილს 9 ჰა-6 ოჯახი- 30 ადამიანს, ჯამში 490 ჰა, 281 ოჯახი-1136 ადამიანი, ამ პროექტის დროს ურთულესი მოლაპარაკებები ამ ადამიანებთან დასრულდა ღირსეული კომპენსაციებით , მათ შეექმნათ ახალი მნიშვნელოვნად გაუმჯებესებული სოციალურ-ეკონომიკური გარემო და იაპონიისათვისაც მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი განხორციელდა."


მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved