ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ირინა მილორავამ სემეკის 2016 წლის საქმიანობა შეაჯამა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ კომისიის 2016 წლის საქმიანობა შეაჯამა და 2017 წლის გეგმებზე ისაუბრა.

კომისიის თავმჯდომარემ კომისიის 2016 წლის საქმიანობა დადებითად შეაფასა და დეტალურად განიხილა განხორციელებული პროექტები.
ირინა მილორავამ ყურადღება გაამახვილა სატარიფო პოლიტიკაზე, კომისიის მიერ მიღებულ სატარიფო გადაწყვეტილებებზე. ისაუბრა მიმდინარე წელს განხორციელებულ ინოვაციურ პროექტზე - ე.წ. ნეტო-აღრიცხვის რეგულაციაზე, რომელიც განახლებადი ენერგიების საშუალებით საყოფაცხოვრებო პირობებში ელექტროენერგიის გამომუშავებას შეეხება.

ირინა მილორავას თქმით, მიმდინარე წელს, კომისიის გადაწყვეტილებების საფუძველზე მოქალაქეებს ჯამში ჩამოეწერათ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული 4 მლნ 018,458 ლარი. ბუნებრივი გაზის ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების ვადების დარღვევის გამო განახევრებული თანხების ჯამმა შეადგინა - 154 402 ლარი.
კომისიაში შეიქმნა ქოლ ცენტრი და 2017 წლიდან ამოქმედდება უფასო ნომერი - 16 216. ნებისმიერ მომხმარებელს რომელიც თვლის, რომ ირღვევა მისი უფლებები ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში აქვს შესაძლებლობა მომართოს კომისიას ან კომისიასთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.

ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ამოქმედდა ახალი რეგულაციები: განისაზღვრა კომპანიების მიერ ცხელ ხაზზე პასუხის გაცემის დრო; გეგმიური და არაგეგმიური წყვეტების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისა და მიწოდების აღდგენის ვადები; მომსახურების ხარისხის სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელთა სასარგებლოდ გადასახდელი კომპენსაციის ოდენობა. ასევე განისაზღვრა ახალი რეგულაციები, რომლის მიხედვითაც კომისია მოახდენს კომპანიის მიმართ ფინანსური მექანიზმების გამოყენებას მისი წახალისების ან დაჯარიმების მიზნით, რომელიც აისახება კომპანიისათვის შესაბამის მომსახურებაზე დადგენილ ტარიფში.

შემუშავდა ელექტრომომარაგების წყვეტების მაჩვენებლების ხარისხის სტანდარტები. კერძოდ, ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებს დაევალათ მომხმარებელთა ელექტრომომარაგების საიმედოობის წლიური მაჩვენებლების შენარჩუნება და დაბალი მაჩვენებლის შემთხვევაში მისი გაუმჯობესება; ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია ვალდებულია არ გააუარესოს ელექტრომომარაგების საიმედოობის მაჩვენებლები წინა წლის მაჩვენებლებთან შედარებით; სტანდარტის დარღვევის შემთხვევაში კომპანია დაჯარიმდება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

2017 წელს კომისია მომხმარებელთა უფლებების დაცვის წლად აცხადებს. ენერგეტიკის სექტორში პირველად ამოქმედდება მისტიური მომხმარებლის პროგრამა, რომლის მიზანია გამოავლინოს კომპანიებსა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობისას წარმოშობილი ხარვეზები.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved