ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
კონფერენცია - თბილისი ენერგოეფექტური ქალაქი
ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ "მერების შეთანხმების" ფარგლებში ორგანიზებული კონფერენცია ,,თბილისი ენერგოეფექტური ქალაქი’’ გახსნეს.

,,ჩვენი ქვეყანა ბოლო წლებია აქტიურად მუშაობს  ენერგეტიკის განვითარების მიმართულებით მთლიანობაში და ამის შემადგენელია უპირველეს ყოვლისა ენერგოდამოუკიდებლობის საკითხი. კონკრეტულად ეს თემა არის უმთავრესი ქვაკუთხედი ჩვენი არა მარტო ლოკალური განვითარებისთვის და წინსვლისთვის, არამედ რეგიონული როლის და ფუნქციის სერიოზული განახლების, რებრედინგის საკითხშიც. ენერგეტიკის სამინისტრო მზად არის ითანამშრომლოს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიები--- ეს არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ჩვენი სურვილების და სწრაფვების რეალიზაციისთვის.

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება - გახდეს ორგანიზაცია  „ენერგეტიკული გაერთიანების“ წევრი,  რაც იმას ნიშნავს, რომ ევრო-დირექტივებში ასახული საკითხები სავალდებულო გახდება ქვეყნისათის, მათ შორის ენერგოეფექტურობის კუთხით და ჩვენ ამისათვის მზად უნდა ვიყოთ. ზემოაღნიშნული ვალდებულებების შესრულებას ხელს უწყობს ისეთი მიმდინარე პროექტები როგორიცაა:
•    პირველი ენერგოეფექტური სამოქმედო გეგმის შემუშავება.  რომელიც ხორციელდება ევროპისა და რეკონსტრუქციის ბანკის დახმარებით (EBRD),  ევროკავშირის დირექტივის გათვალისწინებით და იგი დასრულების სტადიაზეა;

•    დაბალემისიებიანი განვითრების სტრატეგიების შესაძლებლობათა გაძლიერება, სუფთა ენერგიის პროგრამა -პროექტი მიმდინარეობს USAID-ის მხარდაჭერით.  საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ჩართულ მხარეს. პროექტის მიზანია - მოხდეს კერძო სექტორის ინვესტირების წახალისება და ხელშეწყობა ენერგოეფექტურ ღონისძიებებსა და მწვანე შენობების პოპულარიზაციაში, ასევე, ხელი შეუწყოს ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარებას მუნიციპალიტეტებში;

•    მერების შეთანხმების ინიციატივა - 2014 წლიდან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო წარმოადგენს ევროკავშირის ინიციატივის „მერების შეთანხმების“ ეროვნულ კოორდინატორს საქართველოში,  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად.  მერების შეთანხმება ითვალისწინებს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების ხელშეწყობას და შესაბამისად “მდგრადი ენერგეტიკის განვითარების  სამოქმედო გეგმების შემუშავებას“ მუნიციპალიტეტებისათვის. ჩვენ აღნიშნული პროექტის ფარგლებში მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან და სხვა უწყებებთან;

•    ენერგოეფექტურობა და მდგრადი ენერგიები საქართველოში - საქართველოს მთავრობასა და დანიის მთავრობას შორის 2015 წელს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რის საფუძველზეც დაიწყო ახალი პროექტი - სახელწოდებით „ენერგოეფექტურობა და მდგრადი ენერგიები საქართველოში“. პროექტის მიზანია შემუშავდეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა: ენერგოეფექტურობა სამშენებლო სექტორში, ენერგოეფექტურობა საყოფაცხოვრებო საქმიანობაში, საპილოტო პროექტის განხორციელება რომელიმე მუნიციპალიტეტში და განახლებადი ენერგიების ქსელთან ინტეგრაცია. პროექტის მიმღებია ენერგეტიკის სამინისტრო, ხოლო ჩართული მხარეებია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ელექტროენერგიისა და წყლის მარეგულირებელი ეროვნული კომისია, ფინანსთა სამინისტრო და სხვა.

ეს არის ის მთავარი პროექტები, რომლებიც მიმდინარეობს ენერგოეფექტურობის კუთხით. ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას სხვადასხვა დონორებთან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების მიზნით. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ყველა ის პროექტი, რომელიც ემსახურება ჩვენს მიზნებს, ჩვენს დაგეგმილ მომავალს ენერგეტიკაში, არის მხარდაჭერილი ენერგეტიკის სამინისტროს მიერ, არის ხელშეწყობილი საქართველოს მთავრობის მიერ და ემსახურება ამ ქვეყნის მოქალაქეების კომფორტს, უსაფრთხოებას, ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციას და მთლიანობაში ძლიერი, ეკონომიკურად მდგრადი და ენერგოდამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობას.’’ - განაცხადა კონფერენიაზე სიტყით გამოსვლილას კახა კალაძემ.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved