ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა
“ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ კანონში” 2014 წლის 12 დეკემბერს შესული ცვლილების შესაბამისად, გადამცემი სისტემის ოპერატორის - ს/ს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (სსე) მიერ ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატებთან - ს/ს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგოსთან“ და შ.პ.ს. „ენერგოტრანსთან“ შეთანხმებით შემუშავდა „საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა“. გეგმა განხილული იქნა, როგორც ენერგეტიკის სამინისტროს, ასევე სემეკის წარმომადგენლებთან და ამ სფეროში მოღვაწე დარგის წამყვან სპეციალისტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად. 2015 წლის 26 მარტს, საქართველოს მთავრობის №641 განკარგულებით, გეგმა მოწონებული იქნა, 2015 წლის 8 აპრილს ენერგეტიკის მინისტრის №39 ბრძანებით კი ოფიციალურად იქნა დამტკიცებული.

”საქართველოს გადამცემი ქსელის ათწლიანი განვითარების გეგმა”, ეს არის ქვეყნის გადამცემი სისტემის ინფრასტრუქტურის გაძლიერების, დროში გაწერილი პროგრამა, რომელიც წარმოადგენს პასუხს გადამცემი ქსელის არსებული პრობლემების გამოსასწორებლად, მომავალი გამოწვევების საპასუხოდ და შესაძლებლობების განსახორციელებლად, რაც მთელ რიგ ტექნიკურ და ეკონომიკურ გაანგარიშებებს ეფუძნება.

”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”, ენერგეტიკის სამინისტროს თანადგომით, ისწრაფვის, განავითაროს სათანადო ინფრასტრუქტურა და მომხმარებლებისათვის უზრუნველყოს საიმედო და მაღალი ხარისხის მომსახურება. შესაბამისად, განვითარების გეგმის მიზანია მდგრადი, საიმედო, ეკონომიკური და ეფექტური ელექტროგადამცემი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც განვითარების ნებისმიერ საფეხურზე უზრუნველყოფს: ქსელის უსაფრთხოებას, საიმედოობას და ელექტროენერგიის ხარისხს; ახალი გადამცემი ხაზების, გენერაციის წყაროებისა და ქვესადგურების მშენებლობას და მათ ქსელთან მიერთებას; საკმარის გამტარუნარიანობას განახლებადი ენერგიის წყაროების ქსელში ინტეგრაციისა და ქვეყნებს შორის ელექტროენერგიის ვაჭრობის უზრუნველსაყოფად; ასევე მზაობას ევროპული გაერთიანებული ენერგოსისტემის ENTSO-ს განვითარების ათწლიან გეგმასთან ინტეგრირებისთვის.

”აღნიშნულ გეგმაში გათვალისწინებული მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შედეგად გაიზრდება ქვეყნის საექსპორტო და სატრანზიტო პოტენციალი და საქართველოს ექნება შესაძლებლობა, გახდეს რეგიონის სატრანზიტო ენერგეტიკული კვანძი,”- განაცხადა ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ.

გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის შესამუშავებლად, 2014 წელს სსე-ში შეიქმნა გუნდი, რომელიც ძირითადად დისპეტჩერიზაციის მიმართულების ელექტრული რეჟიმების და განვითარების სამსახურის წევრებისგან შედგება. გუნდმა, სსე-ის სხვადასხვა სტუქტურების დახმარებით, შეიმუშავა პროექტის განხორციელების კონცეფცია და უზრუნველყო გეგმის შედგენა. ამ გუნდის მიერ იქნა ჩატარებული ყველა საჭირო ტექნიკური გაანგარიშებები საინჟინრო მოდელირების პროგრამების PSSE და Digsilent Power Factory გამოყენებით. ასევე ამავე გუნდის მიერ მოხდა ევროპული ხარჯი-სარგებელის ანალიზის CBA მოდიფიცირება საქართველოს ენერგოსისტემისთვის და განვითარების პროექტების (ინვესტიციების) შეფასება.


მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved