ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
მშენებლობებზე ახალი რეგულაციები წესდება
რა სტანდარტი უნდა დაიცვას კომპანიამ  ენერგოეფექტური სახლების მშენებლობისა და განახლებად ენერგიის გამოყენების დროს, ამას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი "საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის შესახებ" განსაზღვრავს.

კანონპროექტის 104 (შენობა-ნაგებობის ენერგოეფექტურობა) მუხლის თანახმად, შენობა-ნაგებობის შემომზღუდავი კონსტრუქციები და მისი ორიენტაცია, ასევე, მასში განთავსებული აღჭურვილობა-დანადგარები, რომელიც განკუთვნილია გათბობის, კონდიცირების, განათების, ვენტილაციის და თბოიზოლაციისათვის, უნდა ხასიათდებოდეს ისეთი თავისებურებით, რომ ერთობლიობაში მოხმარებული იქნეს მაქსიმალურად ნაკლები ენერგია. 

შენობა-ნაგებობის ენერგოეფექტურობის ნორმები მთავრობის შესამაბისი დადგენილებით განისაზღვრება.

კოდექსის პროექტით, ენერგოეფექტურობის დამადასტურებელი პასპორტი ისეთ შენობა-ნაგებობზე გაიცემა, რომელიც მთავრობის მიერ დადგენილ ნორმებს დააკმაყოფილებს.
 
მთავრობა იღებს ვალდებულებას ენერგოეფექტურობის სფეროს მომწესრიგებელი კანონმდებლობა ევროკავშირის 2010/31/EU რეგულაციის მოთხოვნების შესაბამისად შემუშავდეს.

ამ საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცებამდე ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარება საქართველოში 2010 წელს დაიწყო. ევროკომისიის კლიმატის ცვლილებაზე რეაგირების პროგრამის ფარგლებში, ხელი მოეწერა მერების შეთანხმებას, რომელსაც საქართველოს რვა ქალაქი უკვე შეუერთდა.

ენერგოეფექტურობის ცენტრი (EEC) ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს სამოქმედო გეგმის შემუშავებას და განხორციელებაში ეხმარება.  „მერების შეთანხმებით" გაფორმებული ხელშეკრულებით, თბილისის, რუსთავის, გორის, თელავის, ზუგდიდის, ფოთის, ქუთაისისა და ბათუმის მერიებმა აიღეს ვალდებულება ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი 20%-ით შეამცირონ. ამ მიმართულებით სამოქმედო გეგმა თბილისის, რუსთავის, გორისა და ბათუმის მერიებმა უკვე შეიმუშავეს, რომელიც ტრანსპორტის გარდა, მუნიციპალიტეტის შენობებში ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირებას და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვას ისახავს მიზნად.


Commersant.Ge
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved