ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
პროექტი „სინათლე ყველა სოფელს“ გრძელდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ვიცე- პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლებმა  მცხეთის მუნიციპალიტეტის  სოფელ ბევრეთში  ახლადაშენებული ელექტროგამანაწილებელ ქსელი დაათვალიერეს და ზაურ ახვლედიანის ოჯახში სიმბოლურად, ელექტრონათურა აანთეს.

ბევრეთში 52 ოჯახი ცხოვრობს, რომლებსაც ელექტროენერგია არასოდეს მიეწოდებოდათ. ელექტროენერგია მიეწოდება ასევე სოფელში მდებარე წმინდა თეკლას სახელობის დედათა მონასტერს. აშენდა 6 კმ სიგრძის 10 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი, დამონტაჟდა 10/0.4კვ სატრანსფორმატორო პუნქტი. აშენდა 2,8 კმ სიგრძის გამანაწილებელი ქსელი და განხორციელდა ინდივიდუალური გამრიცხველიანება. 

სამუშაოებზე, რომელიც კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ შეასრულა, 233 000 ლარი დაიხარჯა.

ენერგეტიკის სამინისტროს მიერ 2013 წლიდან,  საქართველოს მასშტაბით, დეტალურად იქნა შესწავლილი უშუქო სოფლებში არსებული მდგომარეობა და   დაიწყო უშუქო სოფლების ელექტროფიკაციის პროცესი.

ელექტროგადამცემი ხაზებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის პროექტირებისა, ასევე მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ენერგეტიკის  სამინისტროს გამოუყო 1 მლნ 702 ათასი  ლარი.  ხოლო 2014 წელს 6 მლნ 500 ათასი ლარი. აღნიშნული თანხით ამჟამად ელექტროენერგია უკვე მიეწოდება 8 უშუქო სოფელს: ხაშურის  მუნიციპალიტეტი- სოფელი ღართა, კასპის მუნიციპალიტეტი-სოფელი გოსტიბე, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლები  ჭიაურა და გრძელველი, გორის მუნიციპალიტეტი-სოფელი ზემო ქსოვრისი, ადიგენის მუნიციპალიტეტი სოფელი-უტყისუბანი, ქარელის მუნიციპალიტეტი  სოფელი -ზემო ლეთეთი, მცხეთის მუნიციპალიტეტი სოფელი -ბევრეთი.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) მიერ დასრულებულია ასევე  4 სოფლის  ელექტროფიკაცია . სამუშაოებზე 400 ათასი დოლარი დაიხარჯა. ეს სოფლებია: დმანისის მუნიციპალიტეტი სოფელი-მამიშლარი, ქარელის მუნიციპალიტეტი-სოფელი იმერხევი, ახმეტის მუნიციპალიტეტი-სოფელი ჭართალა, დუშეთის მუნიციპალიტეტი -სოფელი შატილი.

ამჟამად, პროექტირების ეტაპზეა შემდეგი სოფლები: გურჯაანის მუნიციპალიტეტი- სოფელი ჭერემი, კასპის მუნიციპალიტეტი-სოფელი ცხავერი, დმანისის მუნიციპალიტეტი-სოფელი სოგუთლო, ქარელის მუნიციპალიტეტი-სოფელი ოქროსოფელი, გორის მუნიციპალიტეტი-სოფელი გაგლოანთუბანი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი-სოფელი შროშა(ექსეულიძეების უბანი), დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლები-ნოჯა, კაწალხევი, კოშკასყელი (წობანო) ნოჯიკეთი, ქვემო და ზემო ღარისწყალი, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლები ლელუბანი და კარსანი.

შესწავლის ეტაპზე კი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩონთო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოლიანის დასახლებაა.

2013 წლის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით 28 უშუქო სოფელი არსებობდა, რომელთაგან რვას ელექტროენერგია უკვე მიეწოდება. უშუქო სოფლების ელექტრიფიცირება 2015 წლის ბოლოს დასრულდება.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved