ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
„არაგვიჰესი"ექსპლუატაციაში გაეშვა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მლეთაში „არაგვიჰესის" ექსპლუატაციაში გაეშვა. 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ  ზემო მლეთაში ცერემონიას ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი, მთავრობისა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები  დაესწრნენ. 

პროექტი შპს "ენერგო-არაგვმა"განახორციელა.

ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა 2012 წლის თებერვალში დაიწყო და 2014 წლის თებერვალში დასრულდა. „არაგვიჰესის" დადგმული სიმძლავრე 8 მგვტ, ხოლო წლიური გამომუშავება 50მლნ.კვტ.სთ-ია. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 13 მლნ. აშშ დოლარია. 

დასაქმებულთა რაოდენობა მშენებლობის სხვადასხვა პერიოდში შეადგენდა 50-120 ადამიანს. ჰესის ოპერირების პერიოდში კი 10 ადამიანი დასაქმდება.

„არაგვი ჰესი" არის პირველი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც განხორციელდა მხოლოდ ქართული და ევროპული კერძო ინვესტორების თანამშრომლობის შედეგად. სადგური აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის ევროპული დანადგარებით და მართვის სისტემებით, რომელიც დაამზადა ავსტრიულმა კომპანია „კიოსლერმა".

როგორც ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლება მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს, რათა მთის სოფლებში შესაბამისი ინფრასტრუქტურა და არსებობისთვის აუცილებელი პირობები შეიქმნას. 

“არაგვიჰესი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, როგორც პირველი ერთობლივი ავსტრიულ-ქართული კერძო ინვესტიციით განხორციელებული პროექტი. ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია საქართველოს მთის აღორძინება. მთის დაცლილი სოფლები, მთის მთლიანი მიგრაცია განაპირობა არასახარბიელო, მძიმე საარსებო გარემომ. როცა მთაში შეიქმნება შრომისა და დასვენებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა, იქნება ელექტროენერგია და სხვა სოციალური პირობები, მთიელი დაუბრუნდება მშობლიურ კერას. ჩვენ ათეულობით წლების მანძილზე თითქმის მიტოვებული სოფლების განათება დავიწყეთ; ჩვენ მაქსიმალურად ყველგან მივიყვანთ გაზს, ეს პროექტი დაწყებულია და ჩვენ ვაპირებთ 2017 წლისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გაზიფიცირება იყოს დასრულებული; მოწესრიგდება მისასვლელი გზები; მთავრობამ იმუშავა სოფლის აღორძინების და აგრარული პროექტებზე და ეს ყველაფერი უზრუნველყოფს მოსახლეობის აქ დაბრუნებას”, - განაცხადა კახა კალაძემ. 
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved