ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
განცხადება ვაკის პარკის რეკონსტრუქციის თაობაზე

ენერგეტიკისა და გარემოს ეროვნული ასოციაცია ეხმიანება ვაკის პარკში მიმდინარე სამშენებლო პროცესს, რაც ითვალისწინებს რესტორან „ბუდაპეშტის“ ადგილას მასშტაბური, მრავალსართულიანი სასტუმროს მშენებლობას.  ასოციაცია უერთდება მშენებლობის მოწინააღმდეგე საზოგადოებას და აფიქსირებს მკაფიო ნეგატიურ დამოკიდებულებას როგორც პარკის ტერიტორის გასხვისების, ასევე კანონიერ მფლობელობაში მყოფ ნაკვეთებზე პარკისთვის შეუსაბამო პროექტების განხორციელების მიმართ.

პირველ რიგში, გვსურს აღვნიშნოთ, რომ მთელი პასუხისმგებლობა ვაკის პარკში მიმდინარე პროცესებზე ეკისრება ქალაქის მერიას, რომლის მიერაც პარკის ტერიტორიის გასხვისება, სამშენებლო ნებართვების გაცემა, პროექტების დამტკიცება მიმდინარეობს საჯარო ინტერესისა და პარკის ფუნქციური დანიშნულების გათვალისწინების გარეშე. სწორედ ამ პროცესის შედეგად ვაკის პარკს თითქმის მთელ პერიმეტრზე ჩამოჭრილი აქვს ნაკვეთები, რომელიც თავისი დანიშნულებით არაფერს სძენს პარკს.

ვაკის პარკი წარმოადგენს ნაწილს იმ დიდი სარეკრეაციო ზონისა, რომელიც მოიცავს კუს ტბის ფერდობს, ლოკომოტივის სტადიონსა და საკუთრივ პარკის ტერიტორიას. უკანასკნელი ათი წლის მანძილზე ჩვენ ვხედავთ როგორ თანმიმდევრულად და მეთოდურად ხდება მოცემული მწვანე სივრცის ურბანიზაცია, რაც დაუშვებლად მიგვაჩნია მოცემულ ტერიტორიაზე.  შეშფოთებას იწვევს საკუთრივ პარკის რეკონსტრუქციის პროცესიც, მისი იერსახის ცვლილება.

პარკს საზოგადოებრივ დანიშნულებასთან ერთად გააჩნია მემორიალური ღირებულებაც. მას თავიდანვე ეწოდა გამარჯვების პარკი ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა უკვდავსაყოფად.  საქართველომ თავისი ისტორიის მანძილზე უპრეცედენტო მსხვერპლი გაიღო მეორე მსოფლიო ომში და ეს მოვლენა იმსახურებს თაობების სამარადისო ხსოვნას.  გამარჯვების დღე არ არის მხოლოდ ომის ვეტერანთა დღესასწაული, ეს მთელი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ისტორიული მომენტია.

მიგვაჩნია, რომ პარკში მიმდინარე მშენებლობა სრულიად ცვლის არსებულ სურათს და საზოგადოებრივი დანიშნულების მქონე ტერიტორია გადაიქცევა კერძო საკუთრების ფონად, მის ეზოდ, რადგანაც დამძიმდება შენობის ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე ინფრასტრუქტურით, დაბინძურებით, ხმაურითა და ავტომანქანების მიმოსვლით.

მოვუწოდებთ თბილისის მერიას, სასწრაფოდ შეაჩეროს მშენებლობა, გადახედოს მოცემულ პროექტს, პროცესში ჩართოს აქტიური დაინტერესებული საზოგადოების და წარმოადგინოს ტერიტორიის განვითარების ახალი ხედვა საჯარო ინტერესის გათვალისწინებით.

მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved