ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ჰიდროენერგეტიკა და ელექტროენერგიის მოხმარება საბჭოთა პერიოდში
– ყველაზე დიდი პროექტი საბჭოთა დროს იყო სვანეთის ჰესი. ამ საკითხში გარკვეული ვარ, რადგან მაშინ საკავშირო ცენტრალურმა კომიტეტმა შეკითხვა გამოუგზავნა მეცნიერებათა აკადემიას. 1987 წელს მეცნიერებათა აკადემიამ შექმნა კომისია და მეც ვიყავი იმ კომისიის წევრი. ჩვენ მაშინ უარყოფითი დასკვნა დავდეთ. რასაკვირველია, საქართველოში უნდა განვითარდეს ჰიდროენერგეტიკა, იმიტომ რომ ღმერთმა მოგვცა კავკასიონი და უზარმაზარი წყალნაკადები, მდინარეებს ვგულისხმობ. გათვლილია ყველაფერი და საქართველოს თეორიულად შეუძლია, რომ ჩვენი მდინარეების ხარჯზე ყოველწლიურად 100 მილიარდი კილოვატსაათი გამოიმუშაოს. დღეს არსებულ პირობებში კი, რეალურად შესაძლებელია 60-70 მილიარდის გამომუშავება, მაგრამ რამდენს ვიმუშავებთ? შვიდ მილიარდს, ანუ 10-პროცენტს იმ ჰიდრორესურსების, რაც გვაქვს. ამიტომ, ბუნებრივია, ჰიდროენერგეტიკა საქართველოში უნდა განვითარდეს.

– უარყოფითი დასკვნა დავწერეთ იმიტომ, რომ მოსკოვი უარს გვეუბნებოდა.  გვთავაზობდა, ჩვენ გვაქვს იაფი ნავთობი, ააშენეთ თბოსადგურებიო და ასეც ხდებოდა. იყო დრო, როდესაც ერთ კილოგრამ მანდარინს 2 მანეთად და 10 კაპიკად ვყიდდით, ტონა ნავთობს კი ვყიდულობდით 330 მანეთად, ესე იგი, 15 კილოგრამი მანდარინის ფასად. დღეს ტონა მანდარინი რომ გაყიდო, ტონა ნავთობს მაინც ვერ იყიდი.  ერთი სიტყვით, საბჭოთა კავშირმა მთლიანად შეაფერხა ჰიდროენერგეტიკის განვითარება.

– მეცნიერებათა აკადემიის უარი განპირობებული იყო  ორი მიზეზით: პირველი, წყლით უნდა დაფარულიყო რამდენიმე სოფელი და, როგორც იმ კომისიის წევრი ისტორიკოსები ამტკიცებდნენ, არქეოლოგიური სიმდიდრე იფარებოდა; მეორე, როდესაც ნორმალურ ქვეყნებში ჰიდროელექტროსადგური შენდებოდა, მასზე დახარჯული თანხის, სულ მცირე, 22-25 პროცენტი ბუნების დაცვით სამუშაოებზე მიდიოდა. საბჭოთა კავშირში კი სასაცილო იყო ეს ნორმა –  3-5 პროცენტი.  ამიტომ ჩვენ დავწერეთ, რომ თუ მაინც გადაწყდება მშენებლობა, აუცილებლად 20-პროცენტამდე უნდა გაიზარდოს ბუნების დაცვითი სამუშაოების დაფინანსებაო.

– ამგვარი სამუშაოების ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ორ ქვეყანას: ავსტრიასა და შვეიცარიას, ამიტომ 1992 წელს მოვიწვიე ავსტრიელი და შვეიცარიელი სპეციალისტები. ერთი კვირის განმავლობაში მოიარეს ის რეგიონები, სადაც უნდა აშენებულიყო ჰიდროელექტროსადგურები და ჩამოწერეს რეკომენდაციები. გარდა ბუნების დაცვითი სამუშაოებისა, ასეთ დროს მოსახლეობაზეც უნდა იფიქრო.  შვეიცარიელებმა თქვეს, როდესაც მთიან რეგიონში გადავწყვიტეთ დიდი ჰიდროელექტროსადგურის აშენება, ადგილობრივმა მოსახლეობამ ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია, მაგრამ შემდეგ, როდესაც ავუშენეთ კულტურის სახლი, მუსიკალური სკოლა, გავუყვანეთ კარგი გზები და სხვა უამრავი რამ გავუკეთეთ, დიდი სიამოვნებით თვითონაც ჩაებნენ ამ სამუშაოებშიო. რაც შეეხება ზედმეტ პანიკას, რომ დიდი ჰიდროელექტროსადგურები შეცვლის კლიმატს: მათ თქვეს, თქვენ ისე ახლოს ხართ ზღვასთან, წყალსაცავის ჰავას არ შეცვლისო, მაგრამ მთავარი მაინც ადგილობრივი ბუნების დაცვითი სამუშაოებია.

– სვანეთში  სამუშაოების მეხუთედი უკვე შესრულებულია. „მწვანეებს“ აბრალებდნენ, რომ ვითომ მათი გამოსვლების გამო შეწყდა ეს მშენებლობა, მაგრამ ეს ტყუილია. საქმე ის არის, რომ საბჭოთა კავშირი უკვე დაშლის პირას იყო, მოსკოვი ამას გრძნობდა და ამ მიზეზით შეწყვიტეს მშენებლობა. თან მხოლოდ ჩვენთან კი არა, ყველა მოკავშირე რესპუბლიკაში შეწყდა დიდი მშენებლობები, რომლებიც საკავშირო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. უბრალოდ ფულს აღარ ხარჯავდნენ.

– როდესაც დღეს ტურიზმის განვითარებაზე ვლაპარაკობთ, იცით, ტურიზმს რამდენი ენერგია სჭირდება?! ავიღოთ კუნძული მალიორკა, ტურისტული მექა, სადაც ყოველ 25 წამში ჯდება და აფრინდება თვითმფრინავი. დავინტერესდი და აღმოჩნდა, რომ იქ თითო ტურისტზე 1 000-კილოვატამდე ელექტროენერგია იხარჯება. ტურისტს უნდა ცივი წყალი, ცხელი წყალი, სათამაშო აპარატები, კონდიცირება და მთელი თანამედროვე ტექნიკა, რაც არსებობს, ეს ყველაფერი კი ელექტროენერგიაა. საბჭოთა დროს საქართველოში ვინ ჩამოდიოდა დასასვენებლად? საბჭოთა რესპუბლიკების წარმომადგენლები და აღმოსავლეთ ევროპელები, ძირითადად, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან. შედარებისთვის: თუ მალიორკაზე თითო ტურისტზე 1 000 კილოვატსაათი ელექტროენერგია იხარჯება, ჩვენთან 80 კილოვატი იხარჯებოდა.  დღეს  შეიძლება 100 კილოვატი იხარჯებოდეს. ელექტოენერგიით რომ დავაკმაყოფილოთ თანამედროვე ტურისტული ინდუსტრია, ჩემი გაანგარიშებით, 2-2,5 მილიარდი კილოვატსაათი მხოლოდ ტურისტულ სფეროს უნდა მივცეთ. ტურიზმის ინდუსტრიას ენერგეტიკაზე დიდი მოთხოვნა აქვს.

– ეკოტურიზმი იაფფასიანი ტურიზმია, ამიტომაც ვასხვავებ. არის ტურისტი, რომელიც დღეში 5-10 დოლარს გიტოვებს, იმიტომ რომ ის წავა და ტყეში, ბუნგალოში იცხოვრებს. მაგრამ, თუ ჩვენ ვაპირებთ ძვირად ღირებული ტურიზმის განვითარებას, მაშინ ტურისტმა დღეში 100-150 დოლარი მაინც უნდა დაგიტოვოს და თუ ასეთი ტურიზმი გინდა, გჭირდება: ჯერ ერთი, ელექტროენერგია;  მეორე, მომზადებული კადრები, რომლებიც დღეს არ გვყავს. კი ბატონო, ბუნგალოს ტურისტს მოემსახურები: ნავზე დასვამ, ჩანჩქერთან მიიყვან, მაგრამ, თუ ჩვენ ძვირად ღირებული ტურიზმი გვინდა, ძალიან გაწვრთნილი პერსონალი გვჭირდება და მესამე ფაქტორია კვება. ჩვენ დღეს საკვები პროდუქტის 80 პროცენტი თურქეთიდან შემოგვაქვს. ესე იგი, ტურისტს რომ აჭმევ, იმ ფულით თურქეთს ამდიდრებ. ამიტომ სოფელი უნდა განვითარდეს, რომ ის ფული შენ დაგრჩეს და შენი ქვეყანა განავითარო. აი, ეს სამი საკითხი: ენერგეტიკა, მომსახურება და კვება უნდა გადაწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ტურიზმს თუ განავითარებ, ფული სხვაგან წავა.

– საქართველოში მთელი საბჭოთა კავშირის არსებობის განმავლობაში ელექტროენერგიის ძირითადი მომხმარებელი იყო მრეწველობა. 60-65-პროცენტს მოიხმარდა. დანარჩენი მოდიოდა სოფლის მეურნეობასა და რკინიგზაზე. მოსახლეობა მოიხმარდა 12 პროცენტს. დღეს კი მთლიანად მოსახლეობა მოიხმარს, იმიტომ რომ წარმოება არ მუშაობს, სოფელი რა დონეზეა, კარგად მოგეხსენებათ და ტრაბახობენ, ქუჩები განათებულიაო. მრეწველობას მიაქვს ელექტროენერგიის ძირითადი ნაწილი და, თუ ის არ იქნა, რა თქმა უნდა, ყველაფერი განათებული იქნება. დიდი წარმოებებიდან დღეს სუნთქავს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა და რუსთავის აზოტი.  თუ სოფლის მეურნეობა მაღალ დონეზე განვითარდა, მასაც დასჭირდება ელექტროენერგია.

– როდესაც ენგურჰესი აშენდა, თავიდან ძალიან ძვირი იყო მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის თვითღირებულება, რადგან უნდა ამოეღო ის თანხა, რაც მშენებლობაზე დაიხარჯა, მაგრამ დღეს ძალიან იაფია. 10-12 წელიწადში დიდი ჰიდროელექტროსადგურები თავიანთ მშენებლობაზე დახარჯულ თანხას ასე თუ ისე ფარავენ და შემდეგ უკვე ელექტროენერგია ძალიან იაფდება. თბოენერგია გაცილებით ძვირია. ჩემი გაანგარიშებით, უახლოს პერიოდში საქართველოში, მეტ-ნაკლებად რომ დაკმაყოფილდეს ყველა მოთხოვნილება, მათ შორის, გაზრდილი ტურისტული მოთხოვნილება, ელექტროენერგიის გამომუშავება 12-მილიარდიდან უნდა ავიდეს 18-20-მილიარდამდე. ამის რეალური შესაძლებლობა არსებობს.

ჟურნალ თბილისელების მიხედვით.
http://www.tbiliselebi.ge/?mas_id=15206&year=2012&rubr_id=1&jurn_id=31
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved