ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
„ტრანს ელექტრიკა“: ინფორმაცია, რომ „ხუდონჰესის“ პროექტი შესწავლილი არ არის, სინამდვილეს არ შეესაბამება
კომპანია „ტრანს ელექტრიკა ჯორჯია" უარყოფს მოსაზრებას, თითქოს ხუდონჰესის პროექტი არ არის შესწავლილი შესაბამისი საერთაშორისო მოთხოვნების მიხედვით.
გარდა ამისა, კომპანიის განცხადებით, სინამდვილეს არ შეესაბამება ის საკითხიც, რომ ხუდონჰესის ახალი ორიგინალური პროქტი არ არსებობს და ის წარმოადგენს მხოლოდ საბჭოთა კავშირის პერიოდში გაკეთებული პროექტის ახლებურ ინტერპრეტაციას.
კომპანია „ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას" განცხადებას geotimes.ge უცვლელად გთავაზობთ:

„ა.წ. 2013 წლის 4 ნოემბრის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „პირველი სტუდიის" ეთრში განხილული იყო „ხუდონჰესის" პროექტთან დაკავშირებული საკითხები. 

ხუდონის განმხორციელებელი კომპანია „ტრანს ელექტრიკა" წუხილს გამოთქვამს იმის გამო რომ, გადაცემაში არ იყო მიწვეული არც ერთი ექსპერტი, რომელიც შეძლებდა უშუალოდ პროექტთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე კვალიფიციური პასუხების გაცემას, რაც თვით გადაცემის მსვლელობისას უამრავჯერ გახდა აუცილებელი და შესაბამისად კითხვები დარჩა პასუხგაუცემელი.
გადაცემის მიმდინარეობისას გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა ნინო ჩხობაძემ გააკეთა განცხადება, რომ არ არსებობს ხუდონჰესის ახალი ორგინალური პროექტი და ის წარმოადგენს მხოლოდ ძველი, საბჭოთა კავშირის პერიოდში გაკეთებული პროექტის ახლებურ ინტერპრეტაციას.
კომპანია „ტრანს ელექტრიკა" სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ეს არ შეესაბამება სინამდვლეს და ამ ტიპის განცხადებები არის უბრალოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
კომპანია „ტრანსელექტრიკას" დაკვეთით ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის სრულიად ახალი პროექტი 2011-2012 წლებში მოამზადა შვეიცარულმა კომპანია „შტუკემ", რომელიც ამ ტიპის პროექტების განხორციელების ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტულ კომპანიად ითვლება მსოფლიოში.

ქალბატონი ნინო ჩხობაძე, როგორც ამ გადაცემაში ისე მასმედიის სხვა საშუალებებში ყველანაირი დასაბუთებისა და არგუმენტების გარეშე საუბრობს პროექტის გეოლოგიურ კვლევებზე და მათ სიმწირეზე, რაზედაც კომპანია „ტრანს ელექტრიკა" ერთმნიშვნელოვანედ აცხადებს, რომ ამ სამუშაოების შემსრულებლის შვეიცარიული კომპანია „შტუკე"-ს მიერ 2012-2013 წლებში ჩატარებული გეოლოგიური, გეოფიზიკური, სეისმური, ჰიდროლოგიური, ფილტრაციული კვლევები და სხვა კვლევები ჩატარდა ასეთი ტიპის ობიექტებისათვის, მსოფლიოში მიღებული საუკეთესო სტანდარტების და რეგლამენტების შესაბამისად. 

რაც შეეხება უშუალოდ ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტთან დაკავშირებით მისი მსოფლიო სტანდარტების მიხედვით შესწავლას და დასაბუთებას, ამ მიმართებაში ვალდებულად ვთვლით გავაკეთოთ შემდეგი განცხადება - ჯერ კიდევ იმ წლებში როდესაც ჩვენი კომპანია არ იყო ჩართული მის განხორცილებაში ამ პროექტის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე სახელმწიფოს ენერგეტიკისათვის, საქართველოში უკვე შესრულებული იყო მეტად მნიშვნელოვანი მოცულობების კვლევები საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ:
მსოფლიო ბანკის 2005 წლის გადაწყვეტილებით და მათივე დაფინანსებით, ხუდონჰესის პროექტი (ტექნიკურ- ეკონომიკური დასაბუთება) 2007 წელს მოამზადა კომპანიების კონსორციუმმა „Stucky-Colenco-მ".
  2008 წელს ფრანგულ-იტალიურმა კონსორციუმმა: "BRL inginerie", "A.R.S Progetti S.r.l. ambiente risorse sviluppo" ასევე მსფლიო ბანკის დაფინანსებით მოახდინა გარემოზე და სოციალური ზემოქმედების შეფასება.
2008 წელს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ჩატარდა კვლევა „ენერგო სექტორის განვითარების გარემოზე ზემოქმედების სტრატეგიული შეფასება." აღნიშნული კვლევა ჩაატარა ევროპულმა კომპანიამ "SEEC".
2010 წელს მსოფლიო ბანკის მოთხოვნით ამ პროექტთან დაკავშირებით შეიქმნა საერთაშორისო ექსპერტთა საბჭო,რომელშიც შედიოდნენ მსოფლიოს წამვანი მეცნიერები: ჰიდროენერგეტიკოსი, გეოლოგი, ჰიდროლოგი, რომელთაც დეტალურად შეისწავლეს აღნიშნული პროექტი და მოამზადეს დადებითი დასკვნა.

აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ პროექტი არ არის შესწავლილი შესაბამისი საერთაშორისო მოთხოვნების მიხედვით, არ შეესამება საინამდვილეს. 

კომპანია „ტრანსელექტრიკა" წუხილს გამოთქვამს ხუდონჰესის საკითხის განხილვის ზედმეტად არაჯანსაღ, არასაქმიან და არაპროფესიონალურ ვითარებაში გადაყვანის მცდელობებთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ ამდაგვარი ქმედება ამ პროცესს ნადვილად არ წაადგება, მაგრამ ასევე, გამოთქვამს მზაობას, განიხილოს ნებისმიერი წერილობით მიწოდებული პროფესიონალური შენიშვნა, წინადადება, რეკომენდაცია და გაითვალისწინოს ის გზშ-ს საბოლოო ანარიშში.
სამწუხაროა, რომ კომპანიის მიერ რეგლამენტის დაცვით, გარემოს დაცვის სამინისტროში წარდგენილ მასალებზე, კომპანიაში შემოსულია მხოლოდ ორი ორგანიზაციის შენიშვნები, მათ შორის გარემოს დაცვის სამინისტროსა და ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას" შენიშვნები, სხვა ორგანიზაციებს სავალდებულო ვადებში და რაც უფრო სამწუხაროა, არც შემდეგ შენიშვნები არ წარმოუდგენიათ.
გასაკვირია, თუ სატელევიზიო ეთერში და პრესაშიფიქსირდება რაიმე „სერიოზული" შენიშვნები, რატომ ვერ მოხერხდა, რომ კომპანიისთვისაც ყოფილიყო მოწოდებული შესაბამისი შენიშვნები. 
მიუხედავად ამისა, კომპანია კვლავ გამოთქვამს მზაობას საქმიან ვითარებაში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ექსპერტს მიაწოდოს შესაბამისი განმარტებები ნებისმიერ საკითხზე.

კომპანია „ტრანსელექტრიკა" ასევე აცხადებს, რომ მომავალში პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე შექმნილი იქნება საერთაშორისო ექსპერტთა საბჭო, სადაც მიწვეულნი იქნებიან მსოფლიოს აღიარებული სპეციალისტები და მუდმივ ზედამხედველობას გაუწევენ პროექტის განვითარებას და პერმანენტულად მოამზადებენ საექპერტო დასკვნებს, რომელიც იქნება გასაჯაროებული და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება საშუალება მათი გაცნობის" - ნათქვამია კომპანია „ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას" განცხადებაში.

მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved