ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ენერგეტიკა – ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი სამიზნე საქართველოში
ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი ენერგეტიკაზე მოდის. 2013 წლის ორ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით შემოსული 458 600 000 აშშ დოლარიდან – 132 985 000 აშშ დოლარის კაპიტალდაბანდება ენერგოსექტორში განხორციელდა.

„ინვესტორების ინტერესი საქართველოს ენერგოსექტორის მიმართ თურქეთთან დამაკავშირებელი 500 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზის მშენებლობას უკავშირდება. ელექტროენერგია, როგორც ნავთობი, თუ არის გადამცემი ხაზები და არსებობს გასაღების საშუალება, თავის მომხმარებელს ყოველთვის იპოვის,“ – ამბობს კვლევების ცენტრ „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ ენერგეტიკული კვლევების დირექტორი მურმან მარგველაშვილი.

2013 წლის ორ კვარტალში ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციები დარგების მიხედვით ასე ნაწილდება: ენერგოსექტორი - 29% , დამუშავებითი მრეწველობა - 25%, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 2%, მშენებლობა - 17% საფინანსო სექტორი - 6%, დანარჩენი 4% კი სხვა დარგებზე ნაწილდება.

ეკონომიკის დოქტორის, სოსო არჩვაძის შეფასებით, ენერგოსექტორი გამოირჩევა კაპიტალის კონცენტრაციის, სამუშაო ძალისა და სამუშაო ადგილების სიდიდის მიხედვით: 

"აქ მოქმედებს ეკონომიკის პრინციპი: ინვესტიცია, კაპიტალი. ფინანსები მიდის იქ, სადაც მას აქვს შედარებით მაღალი დაინტერესება. მასზე არსებობს მოთხოვნა და საიდანაც შეიძლება შედარებით მაღალი მოგების მიღება. ენერგეტიკა საქართველოში სხვა დარგებთან შედარებით პერსპექტიულია.“ 
2011 წელს ქვეყანაში შემოსული 1 117,200 აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციიდან 203 951 600 აშშ დოლარის კაპიტალი ენერგოსექტორში განთავსდა. 2012 წელს 911 600 000 აშშ დოლარის ინვესტიციიდან 179 მლნ აშშ დოლარი ენერგეტიკაზე მოდის.
მურმან მარგველაშვილის შეფასებით, ენერგეტიკაში ინვესტირების დონე 2013 წელსაც შენარჩუნებულია:
„როცა დიდ ინფრასტრუქტურაში აკეთებ ინვესტიციას, შემოსავლების წყარო სტაბილურია. სახელმწიფო სერიოზულად არის განწყობილი ჰიდროენერგეტიკის მიმართ. თვითონ სახელმწიფოც აკეთებს ინვესტირებას ფონდების მეშვეობით.“

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი ამბობს, რომ 2013 წელს ინვესტიციების რაოდენობა ენერგოსექტორში 20 პროცენტით გაიზარდა:

„პროექტები, რომლებიც წამოწყებული იყო, კი არ შეჩერდა, არამედ გაგრძელდა. ინვესტორებმა დაინახეს, რომ ენერგეტიკის სამინისტროს აქვს მყარი პოზიცია ინვესტიციების დაცვის კუთხით. ენერგეტიკაში კონკურენტული გარემოა. ყველა ინვესტორზე ვრცელდება ერთიდაიგივე წესი. პროექტებში ერთვება "თანაინვესტირების ფონდი", თუმცა ჩვენ მას როგორც უცხოელ ინვესტორს, ისე განვიხილავთ.“

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წელს დაიწყო სამცხე–ჯავახეთში ორი ჰესის „არაკალ ჰესის“ და „აბულაი ჰესის“ მშენებლობა. პირველ შემთხვევაში ინვესტიციის რაოდენობამ 21,500,000 აშშ დოლარი შეადგინა, მეორე ჰესის ასაშენებლად კი 39,500,000 აშშ დოლარი დაიხარჯება.

აჭარაში შენდება „შუახევი ჰესი“ და „სხალთა ჰესი“. ორივე პროექტის სავარაუდო ინვესტიცია 300 მლნ აშშ დოლარია.

მდინარე ნენსკრას შენაკადებზე ორი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება. ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ მემორანდუმები ინვესტორებთან უკვე გაფორმდა. ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში 15 ჰესი შენდება.

სოსო არჩვაძის შეფასებით, განვითარებულ ქვეყანას სჭირდება მეტი ენერგეტიკული რესურსი:

„რომ განავითაროთ ჩვენი ჰიდრორესურსები, ამჟამინდელი 8–9 მილიარდ კილოვატსაათი ელექტროენერგიის ნაცვლად, თუ პოტენცია მთლიანად იქნება გამოყენებული, ვაწარმოოთ 80–100 მილარდ კილოვატსაათ ენერგიამდე. ეს პოტენციალი აქვს ჩვენს ჰიდრორესურსებს. თუ ამ მიმართულებით წავალთ ეს არ უნდა იყოს ექსპორტზე დამოკიდებული წარმოება. პარალელურ რეჟიმში უნდა მოხდეს რეალური სექტორის განვითარება. უნდა მოხდეს არა მხოლოდ ელექტროენერგიის ექსპორტი, არამედ ენერგოტევადი პროდუქციის ექსპორტი. ეს გაცილებით მომგებიანი იქნება საქართველოსთვის და უფრო მეტ სამუშაო ადგილებს შექმნის.“


წყარო: http://www.netgazeti.ge/GE/105/business/24955/

მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved