ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ქართული ელექტროენერგეტიკის ანბანი

სტატიების ციკლი, რომელსაც “ლიბერალი” მომდევნო თვეებში შემოგთავაზებთ, ენერგეტიკული საკითხების ინტენსიური შესწავლისა და ამ დარგის სპეციალისტებთან ხანგრძლივი დისკუსიის შედეგად დაიწერა. მათი მიზანი ენერგეტიკის სფეროს მამოძრავებელი საფუძვლების შესახებ მკითხველის ინფორმირებაა. ეს ცოდნა ყველა აქტიური მოქალაქისათვის სასურველია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ჩართულია ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის თემაზე მიმდინარე დისკუსიაში. რაც უფრო მეტად დემოკრატიული საზოგადოება ვხდებით, მით მეტია თითოეული მოქალაქის როლი და გავლენა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებებზე, შესაბამისად კი, ჩვენი ქვეყნის საერთო მომავალზე.

სტატიები საქართველოს ელექტროენერგეტიკის შესახებ სამ ნაწილად იქნება წარმოდგენილი. პირველი ნაწილი აღნიშნული სფეროს ზოგად მიმოხილვას დაეთმობა. მეორე ნაწილში მოცემული იქნება საქართველოს ჰიდროენერგეტიკის მდგომარეობა, მისი პოტენციალი, ინფორმაცია გახმაურებული პროექტების შესახებ, როგორიცაა ხუდონჰესი, ყაზბეგის ჰესები და ა.შ., ჰიდროენერგეტიკის სპეციფიკისა და ეკონომიკური მიზანშეწონილობის თემები. მესამე ნაწილში მიმოვიხილავთ ენერგიის ალტერნატიული წყაროების ათვისების პერსპექტივას საქართველოში, მათ ენერგეტიკულ და ეკონომიკურ პარამეტრებს, ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელობასა და მის კავშირს როგორც ელექტროსისტემის მდგრადობის, ასევე მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის კუთხით.

ჩემი ამოცანაა, რაც შეიძლება მარტივად გადმოვცე ელექტროენერგიის წარმოებასთან დაკავშირებული ძირითადი მაჩვენებლები და მაქსიმალურად მოვერიდო რთულად გასაგები ცნებებით მსჯელობას. ამიტომ, თემაში გათვითცნობიერებულ ადამიანებს, შესაძლოა, მოყვანილი მაგალითები და შედარებები ერთობ უტრირებულად მოეჩვენოთ.


----------

ეს ანეკდოტი შორეულ, ბნელ 90-იან წლებში შეითხზა:

მეხსიერებადაქვეითებული ბებო მიიყვანეს ტელევიზიაში ეთერის საშუალებით ოჯახის მოსაძიებლად. დიქტორი კითხულობს, რა გამოვაცხადო, რა ინფორმაციაო. არ ვიცით, არაფერი არ ახსოვს, არც სახელი, არც ოჯახის წევრები, არც ასაკი, არც მისამართი, არც ტელეფონი, საერთოდ არაფერი, მხოლოდ ამბობს, მახსოვს რომ მეშვიდე ფიდერზე ვზივარო.

ფიდერი, მეცხრე ბლოკი, ენერგომამები... ეს არის ტერმინები, რომელიც 20-ოდე წლის წინანდელ საქართველოში იცოდა ქვეყნის ფაქტიურად ყველა მოსახლემ. თუმცა, ენერგეტიკაზე ოდნავ კვალიფიციური წარმოდგენა არც მაშინ შექმნილა და არც ახლაა. გარკვეულწილად ეს ლოგიკურიცაა. რიგით მოქალაქეს არაფრით არ აინტერესებს რა განსხვავებაა ვოლტსა და ვატს შორის, როგორია განახლებადი და წიაღისეული რესურსების ენერგეტიკაში გამოყენების თანაფარდობა და რით ჯობია წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგური დერივაციულს. მისთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ორი რამ: ენერგია არსებობდეს და ეს ენერგია იყოს ხელმისაწვდომი.

აქედან გამომდინარე, ენერგეტიკა ისეთივე სპეციფიური სფეროა, როგორც მედიცინა, ფიზიკა, კომპიუტერული ინჟინერია და ა.შ. ჩვენ ყველანი მოვიხმართ “გუგლს”, მაგრამ არაფერი გაგვეგება მის მამოძრავებელ ალგორითმზე. შესაბამისად, საჯარო სივრცეში ენერგეტიკული პროექტების პროფესიული განხილვა ისეთივე აბსურდია, როგორც პაციენტის მიერ საკუთარი თავისთვის დანიშნული მკურნალობა. მიუხედავად ამისა, სამედიცინო სფეროშიც კი, სადაც დიაგნოზს და რეცეპტს ექიმი ადგენს, საჭიროა პაციენტის ჩართულობა და მიღებულ გადაწყვეტილებაში მისი მონაწილეობა.

ძირითად ენერგორესურსებს, რომელსაც ქვეყანა მოიხმარს, ნავთობპროდუქტები, გაზი, ელექტროენერგია, ქვანახშირი და შეშა წარმოადგენს. ამ ჩამონათვალიდან, ზოგიერთი მოიპოვება საქართველოში, ზოგიერთი არა, რის გამოც ხორციელდება მათი შემოტანა, ანუ იმპორტი. შეფარდება ადგილობრივ და იმპორტირებულ ენერგორესურსებს შორის 25 / 75-ზეა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ 75 პროცენტით დამოკიდებული ვართ ენერგიის გარე წყაროებზე და მათ მომწოდებელ უცხო ქვეყნებზე. თითოეული ჩამოთვლილი ენერგორესურსის განხილვა ერთობ საინტერესოა, თუ რამდენი მოიპოვება ქვეყნის შიგნით, რამდენი შემოდის გარედან, რომელი ქვეყნებიდან შემოდის, რა ფასად და ა.შ., მაგრამ ყველა მათგანის განხილვა ერთ სტატიაში ვერ მოხერხდება, ამიტომ ამჯერად განვიხილოთ ელექტროენერგია.

ქვეყანაში ელექტროენერგიის მიღების ორი წყარო გაგვაჩნია: ჰიდროელექტროსადგურები და თბოელექტროსადგურები. თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია იმპორტში გვეთვლება, ვინაიდან მისი გამომუშავება გარედან შემოტანილი საწვავით ხდება. თანაფარდობა ჰიდროელექტროსადგურებისა და თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიას შორის 78 / 22-ზეა. ჰიდროელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე (ანუ პოტენციურად რამდენის გამომუშავება შეუძლია საქართველოში არსებულ ყველა ჰიდროელექტროსადგურს ერთად) 2630 მეგავატს წარმოადგენს (1 მეგავატი უდრის 1000 კილოვატს), ხოლო თბოელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 680 მეგავატს უდრის. ყველა ელექტროსადგური ერთად აღებული წელიწადში გამოიმუშავებს 9,7 მლრდ. კილოვატ საათ ელექტროენერგიას (2012 წელი).

საქართველო წელიწადში მოიხმარს დაახლოებით 10 მილიარდ კილოვატ საათამდე ელექტროენერგიას. ოცდახუთი წლის წინ ელექტროენერგიის მოხმარება ქვეყნის მასშტაბით 18 მილიარდ კილოვატ საათზე მეტს უდრიდა. თუმცა, ეს არაა ერთადერთი განსხვავება. მთავარი განსხვავება ელექტროსისტემაშია. საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა საერთო ელექტროსისტემა, რომელიც ერთიან ქსელში მოიცავდა კავშირის მთელ ტერიტორიაზე არსებულ გენერაციის ობიექტებს, საიდანაც საჭიროებისამებრ ხდებოდა ელექტროენერგიის განაწილება ცენტრალური სადისპეტჩეროების მეშვეობით. ცხადია, საქართველო იყო ქვეყანა, რომელიც მოიხმარდა იმაზე მეტ ელექტროენერგიას, ვიდრე აწარმოებდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. თბოსადგურები, რომელიც მთელი წლის მანძილზე მუშაობდა (საუბარია ყოფილ თბილსრესზე, რომელიც გარდაბანში მდებარეობს და 10 ენერგობლოკისგან შედგებოდა), ამორტიზდა, გაჩერდა, ზოგი აფეთქდა, გამოვიდა მწყობრიდან და რაც მთავარია, შეწყდა იაფი, ზოგ შემთხვევაში კი უფასო საწვავის მოწოდება ერთ დროს მოძმე საბჭოთა რესპუბლიკების მხრიდან. საქართველო დარჩა იმ ელექტროენერგიის ამარა, რომელსაც გამოიმუშავებდა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ჰიდროელექტროსადგურები და რაც ვერაფრით ყოფნიდა არსებულ მოთხოვნას. რა შედეგი მოჰყვა აღწერილ მოცემულობას, ჯერჯერობით ყველას კარგად ახსოვს.

ელექტროენერგიის მოხმარება მაცხოვრებლებისა და წარმოების მიერ დაახლოებით 60/40-ზე შეფარდებით ხდება. წინანდელთან შედარებით, მოხმარების განახევრების ძირითადი მიზეზი, ცხადია, გაჩერებული წარმოებაა. 90-იან წლებში კი არათუ ნახევარს, არამედ 1988 წელს მოხმარებული ელექტროენერგიის მხოლოდ მესამედს ვხარჯავდით. მსოფლიოში ელექტროენერგიის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის ერთ-ერთ ინდიკატორს წარმოადგენს. გამოდის, რომ ჩვენ დღეს ორჯერ იმაზე ცუდად ვცხოვრობთ, ვიდრე 25 წლის წინანდელ პერიოდში, როდესაც შაქარი და კარაქი ჯერ ისევ ტალონებით ნაწილდებოდა.

როგორც ვხედავთ, ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის ჩვენს მთავარ რესურსს, როგორც მოცულობის, ისევე ეკონომიკური მიზანშეწონილობის თვალსაზრისით წყალი წარმოადგენს. წყალი ჩვენთვის იგივეა, რაც კუვეიტისთვის ნავთობი. განსხვავებით ნავთობისაგან, წყალი განახლებად ენერგიას წარმოადგენს, არც გარემოს აბინძურებს და არც ნახშირბადის დიოქსიდის გამოყოფაშია შემჩნეული. ეს უკანასკნელი კი გლობალური დათბობის მთავარ მიზეზს წარმოადგენს.

წყლის ენერგიას ჩვენ ვიღებთ მდინარეებისგან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 26 ათასი მდინარეა, ენერგეტიკული თვალსაზრისით, ეფექტურად გამოსაყენებელი, მათგან მხოლოდ ხუთია. ამ სიაში ენგურს პირველი ადგილი უჭირავს. 

მდინარის წყლის რესურსის გამოყენებას ერთი დიდი პრობლემა აქვს. მოგეხსენებათ, რომ მდინარეებში წყლის მოდინება სეზონურია, ზაფხულში უხვწყლიანია, ზამთარში საგრძნობლად იკლებს. ჰიდროელექტროსადგურები კი ორი ძირითადი ტიპისაა: ერთი, რომელიც მუშაობს წყლის მოდინებაზე, ანუ ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად იღებს წყალს იმის მიხედვით, თუ რამდენია მოდინება (ასეთ ჰესს სეზონური ეწოდება), მეორე კი წყალსაცავიანი, რომელიც დაგროვილი წყლით გამოიმუშავებს ელექტროენერგიას (ასეთ ჰესს მარეგულირებელი ეწოდება, რადგან საშუალება აქვს არეგულიროს სიმძლავრე წყლის ნაკადის მატება-დაკლების მეშვეობით).

საქართველოში მხოლოდ რვა წყალსაცავიანი ჰესი გვაქვს. დანარჩენი 50 ცალი კი მოდინებაზე მომუშავე სეზონური ჰესია. ენერგეტიკული კალენდრით ზაფხულის სეზონი 4 თვეს მოიცავს მაისიდან აგვისტოს ჩათვლით, დანარჩენ 8 თვეს კი ზამთრის სეზონი ეწოდება. ზაფხულის სეზონზე საქართველოს ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მოთხოვნაზე მეტია, რაც ნიშნავს, რომ ჭარბი ელექტროენერგია გადის ექსპორტზე. პრობლემა გვექმნება ზამთრის სეზონზე, როდესაც მდინარეებში წყალი იკლებს და ჰესები ვეღარ მუშაობენ დადგმულ სიმძლავრეებზე. შესაბამისად, ზამთარში გვაქვს ელექტროენერგიის დეფიციტი, რასაც ვავსებთ ელექტროენერგიის პირდაპირი იმპორტითა და ასევე, იმპორტირებულ საწვავზე მომუშავე თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით.

შექმნილი სიტუაცია საქართველოს დამოკიდებულს ხდის უცხოურ ენერგომატარებლებზე, რაც მძიმე მდგომარეობაში ამყოფებს ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკას; დამოკიდებულება იძულებულს გვხდის დავექვემდებაროთ ენერგორესურსების იმ ფასებს, რომელსაც ექსპორტიორი ქვეყნები გვიწესებენ. ეს ფასები კი მუდმივად მზარდია და ყოველწლიურად დაახლოებით 10 პროცენტით იზრდება (აღსანიშნავია, რომ ამდენივეთი იზრდება მოხმარებაც, რაც კიდევ უფრო ზრდის ჩვენს დამოკიდებულებას იმპორტზე); ქვეყნის ენერგობალანსი კრიტიკულად უახლოვდება იმ ზღვარს, როდესაც დეფიციტის აღმოფხვრის ერთადერთ გზად სამომხმარებლო ტარიფის გაზრდა-ღა დარჩება, თუმცა ენერგოდამოუკიდებლობის საკითხს ეს გზაც ვერაფრით შველის.

ეკონომიკური აღმავლობა, საწარმოების გახსნა, სამუშაო ადგილების შექმნა, დასაქმება - ამ ყველაფრის განხორციელება მეტი ენერგიის გარეშე უბრალოდ ფიზიკის კანონებს ეწინააღმდეგება. ჩვენ გვჭირდება მეტი ელექტროენერგია, რაც ნიშნავს დამატებით მინიმუმ 3 მლრდ. კილოვატ საათს 2018 წლისთვის.

შეგვიძლია გადავხედოთ ისეთი საშუალო განვითარებული ქვეყნების მოხმარებას ერთ სულ მოსახლეზე, რომელთა შედარებაც საქართველოსთან გონივრულია ქვეყნის მასშტაბებიდან გამომდინარე. ეს არის ინდიკატორები, პარამეტრები, ჭეშმარიტებები, რომელიც უნდა იცოდეს ყველამ. საზოგადოებისთვის ელემენტარული საფუძვლების ცოდნა აუცილებელია, თუ საიდან მოდის ის რესურსი, რაც ჩვენი მოხმარებისთვის სასიცოცხლოა.

მთელ მსოფლიოში ელექტროენერგიის წლიური მოხმარება 20 ტრილიონ კილოვატ საათს უდრის. აქედან ნახევარს მოიხმარს მხოლოდ ხუთი სახელმწიფო - აშშ, გერმანია, იაპონია, ჩინეთი, რუსეთი. ეს ნიშნავს პლანეტის 7 მილიარდიანი პოპულაციიდან 2 მილიარდ ადამიანს. 3 მილიარდი კი მოიხმარს დანარჩენ 10 ტრილიონ კილოვატ საათს. დანარჩენ 2 მილიარდს კი თვალით არ უნახავს ელექტროენერგია (ძირითადად აფრიკისა და აზიის ქვეყნებში). აქედან გამომდინარე, ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვან მაჩვენებელს წარმოადგენს თუ რამდენია ელექტროენერგიის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე. საქართველო აფხაზეთის ჩათვლით 2.2 ათას კილოვატ საათს მოიხმარს წელიწადში, ერთ სულ მოსახლეზე და ამ მაჩვენებლით მსოფლიოს ქვეყნებს შორის მეასე ადგილი უჭირავს.

ყველაფერი დანარჩენი უკვე სპეციალისტების თემაა, რომლებმაც უნდა მიიღონ როგორც კონკრეტული გადაწყვეტილებები, ასევე ჩამოაყალიბონ სტრატეგია, თუ რისი გაკეთება ჯობია: ვიყოთ იმპორტზე დამოკიდებულები, ვიყოთ ენერგოდამოუკიდებლები, ავაშენოთ ჰესი თუ ატომური სადგური, გადავიხადოთ ძვირი ქარის და მზის ენერგიის ათვისების ტექნოლოგიებში თუ თბოსადგურების მეშვეობით შევქმნათ მეტი დადგმული სიმძლავრე. საზოგადოებრივ სივრცეში მსგავს სპეციფიურ თემებზე მსჯელობა მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციის მექანიზმია, რომლის მეშვეობითაც დაინტერესებული მხარეები საჯარო პოლიტიკაზე ზემოქმედებას ახდენენ.

თავისთავად ცხადია, რომ თუნდაც უკიდურესად არაკომპეტენტურ მსჯელობას ვერავის აუკრძალავ, მაგრამ კარგი იქნებოდა, ნებისმიერი საკითხის განხილვისას თანმიმდევრულობა მაინც დაგვეცვა და ზოგადი პრინციპებიდან კონკრეტული ასპექტების განხილვისკენ გვემოძრავა. ქართული საზოგადოება სამწუხაროდ პირიქითაა მოწყობილი. ეს კი არაფერს მოგვიტანს ახალი ანეკდოტური პერსონაჟების გარდა, რომლებიც კვლავ ღარიბ, გაუნათლებელ და დუხჭირ ქვეყანაში გააგრძელებენ ცხოვრებას.

წყარო: http://www.liberali.ge/ge/liberali/articles/116707/

მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved