ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
„ევროკავშირის მდგრადი ენერგიის კვირეული“ 22-დან 26 ივნისის ჩათვლით გაიმართება
საინფორმაციო კამპანია „ევროკავშირის მდგრადი ენერგიის კვირეული“ 22 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით გაიმართება. COVID-19-თან დაკავშირებული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რეკომენდაციებიდან გამომდინარე, კამპანიის აქტივობების უმეტესობა სოციალური, სამაუწყებლო და ონლაინ მედია პლატფორმების მეშვეობით ჩატარდება.

„მდგრადი ენერგიის კვირეულისთვის“ მომზადებული საინფორმაციო აქტივობები მოიცავს სხვადსხვა ფაქტებსა და ციფრებს, ვიდეორგოლებს განხორციელებული პროექტების შესახებ, სასარგებლო რჩევებსა და სხვა საინფორმაციო მასალებს.

„ევროკავშირის მდგრადი ენერგიის კვირეული“ სექტორის ყველა მონაწილეს აძლევს შესაძლებლობას, წარმოაჩინოს განხორციელებული სამუშაოები და ხელი შეუწყოს პოზიტიურ ცვლილებებს.

“აშკარაა, რომ აღარ გვაქვს იმის ფუფუნება განვაგრძოთ ცხოვრება გარემოს ხარჯზე - ბუნებრივი რესურსების ამოწურვით, ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურებით. ევროკავშირი ყოველწლიურად ატარებს მდგრადი ენერგიის კვირეულს, რათა აამაღლოს ცნობიერება და ხაზი გაუსვას იმ ცენტრალურ როლს, რომელსაც ენერგია ასრულებს. აქ ორი ძირითადი გზავნილია: შემცირდეს ენერგიის მოხმარება და წიაღისეული საწვავი „მწვანე“ ენერგიით ჩანაცვლდეს.  ორივე გზას აქვს როგორც გარემოსდაცვითი, ასევე ფინანსური დადებითი მხარეები.

საქართველოს გააჩნია სუფთა ენერგიის აუთვისებელი რესურსები, რომელთაც აქვთ პოტენციალი, რომ ჰაერი უფრო სუფთა და უსაფრთხო გახადოს, შეაჩეროს გლობალური დათბობა, გააუმჯობესოს მოქალაქეების ჯანმრთელობა და ხელი შეუწყოს მათ დასაქმებას.

ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს მიერ ენერგიის მარაგის, უსაფრთხოებისა და კავშირების გაუმჯობესებას, ისევე როგორც ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის განვითარებას. ჩვენ ვეხმარებით ქვეყანას მისი ენერგეტიკული სექტორის რეფორმაში, რათა ენერგიის მარაგი უფრო საიმედო, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი გახდეს, როგორც თითოეული ოჯახისთვის, ასევე ბიზნესისთვის.

მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა და მივულოცო საქართველოს ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მიღება, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია უფრო მდგრადი და მწვანე საქართველოსკენ!“- განაცხადა კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

 „ჩვენ დიდად ვაფასებთ ევროკავშირისა და საერთაშორისო დონორების მხარდაჭერას საქართველოში ენერგეტიკული რეფორმების განხორციელების პროცესში, რომელთა მიზანსაც წარმოადგენს ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის გზით საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით მდგრადი განვითარება, ენერგოეფექტურობის დანერგვა საყოფაცხოვრებო და კომერციულ სექტორებში, ენერგობაზრის ლიბერალიზაცია, სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდა და სხვ.

2006 წელს ევროკომისიის მიერ დაფუძნებულ მდგრადი ენერგეტიკის კვირეულს საქართველო მალევე შეუერთდა და მას შემდეგ ჩვენ ყოველწლიურად აღვნიშნავთ მას სხვადასხვა აქტივობებით. კვირეული კარგი საკომუნიკაციო პლატფორმაა ხალხთან ეფექტური დიალოგის წარმოებისთვის, რათა მოვუთხროთ, რას ვაკეთებთ ქვეყნის უსაფრთხო ენერგეტიკული მომავლისთვის და მოვისმინოთ მათი შეფასებები და შეხედულებები. წელს მას კიდევ უფრო დიდი დატვირთვა აქვს, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა იმყოფება ზემოხსენებული რეფორმების აქტიურ ფაზაში, რაც გულისხმობს ენერგეტიკის სექტორში უკვე მიღებული ახალი კანონებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა თუ ღონისძიებების დანერგვის პროცესს.“ აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

დამატებითი ინფორმაცია

2006 წელს ევროკომისიის ინიციატივით წამოწყებული ევროკავშირის მდგრადი ენერგიის კვირეული, ყოველწლიურად კრებს ასობით ორგანიზაციას და ადამიანს, როგორც ევროპაში, ასევე მის ფარგლებს მიღმა, რათა ხელი შეუწყოს გამოცდილების გაცვლას და ახალი იდეების წახალისებას სათბურის აირების გაფრქვევის, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის საკითხებთან დაკავშირებით, ევროკავშირის კლიმატისა და ენერგიის მიზნების  მისაღწევად.

საქართველო აქტიურად მუშაობს ქვეყანაში ენერგოეფექტურობის განვითარების, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის მიმართულებით. საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული სავარაუდო წვლილის (INDC) დოკუმენტის მიხედვით ქვეყანას დაგეგმილი აქვს 2030 წლისათვის, 15%-ით შეამციროს სათბურის აირების გაფრქვევა ჩვეულებრივი ბიზნესის განვითარების სცენართან შედარებით.

საქართველოს ენერგეტიკის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა განახლებადი ენერგიის რესურსების განვითარებას, მდგრადი ენერგიის წარმოებასა და გამოყენებას, ასევე ენერგოეფექტურობის მიდგომების დანერგვას.

ამ ამბიციური მიზნების მისაღწევად, საქართველოს უწყებები მჭიდროდ თანამშრომლობენ საერთაშორისო პარტნიორებთან, რაც მნიშვნელოვანია როგორც სათბურის აირების გაფრქვევისა და გარემოს დაბინძურების შემცირების , ასევე ქვეყანაში იაფი, უსაფრთხო და მდგრადი ენერგიის წარმოების თვალსაზრისით. ამ ყველაფრის სარგებელი კი საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდაა.

რა მნიშვნელობა აქვს მდგრად ენერგიას საქართველოსთვის?

1970 წლიდან დღემდე, ენერგიის, გათბობისა და ტრანსპორტისთვის წიაღისეული საწვავის მოხმარებამ სათბურის აირების გაფრქვევა 80%-ით გაზარდა. მეტიც, 2040 წლამდე, ენერგიაზე გლობალური მოთხოვნა, სავარაუდოდ, 30% -ით გაიზრდება. (წყარო: Global Environment Facility)

საქართველოში სათბურის აირების გაფრქვევების ყველაზე დიდი წილი (62%) ენერგეტიკის სექტორზე მოდის, რომელსაც მოჰყვება სოფლის მეურნეობა (19%), წარმოება და ინდუსტრია (12%) და ნარჩენების სექტორი (7%). (წყარო: UNDP)

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო აწარმოებს განახლებადი ენერგიის მნიშვნელოვან რაოდენობას ჰიდროელექტროსადგურების მეშვეობით, ყოველწლიურად მაინც უწევს ენერგიის 70%-ის იმპორტი, რისი თითქმის სრული წილი წიაღისეული საწვავია.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved