ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
განმარტებები ხუდონჰესთან დაკავშირებით
სოციალური ქსელის საშუალებით თავის პირად გვერდზე დავით მირცხულავა კვლავ ეხმიანება ხუდონჰესის თემას. იგი მოხარულია მისი მეგობრის მიერ წამოწყებული ინიციატივით, რომელიც ქსელის საშუალებით ლექციებს აქვეყნებს მაკროეკონომიკაში, რათა აუდიტორიას უკეთ შეძლებოდა სპეციფიურ საკითხებში გარკვევა. მირცხულავას აზრით, ამგვარი სახით სპეციალისტების მიერ გამოქვეყნებული შეფასებები ძალიან მნიშვნელოვანია. ხუდონჰესთან დაკავშირებით მოცემული მისი რამდენიმე მოსაზრება ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ. მოგვყავს ამონარიდი დავით მირცხულავას დღევანდელი შენიშვნიდან:

„ამას წინათ თავს უფლება მივეცი, რამდენიმე განმარტება გამეკეთებინა ხუდონჰესზე ადამიანებისათვის,რომელთაც აინტერესებთ ეს საკითხი და სვამენ კითხვას ამ ობიექტის და მთლიანად ჰიდროენერგეტიკის სარგებლიანობაზე ჩვენი ქვეყნისათვის. მრავალი მათგანი იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს შეჩერდა ამ ჰიდროსადგურის მშენებლობა. აღსანიშნავია, რომ ასეთი მაშტაბის სტრატეგიული პროექტები შეჩერდა მომაკვდავი საბჭოთა იმპერიის უამრავ რესპუბლიკაში, მრავალი მათგანის ჩამოთვლაც შემიძლია, მაგრამ მხოლოდ ერთს მოვიყვან. ტაჯიკეთში, ჰიდრორესურსებით ძალიან მდიდარ ქვეყანაში „რაგუნის ჰესი“ -ს უდიდესი ჰიდროელექტროსადგური, რომლის პარამეტრები, რამდენჯერმე აჭარბებდა ხუდონჰესის მახასიათებლებს, დაახლოებით იმავე პერიოდში გააჩერეს. მიზეზი - კრემლმა ყველა ამ ობიექტს დაფინანსება შეუწყვიტა.

ზოგიერთი გარემოს დამცველი და უფლება დამცველები, ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი, საუბრობენ სვანეთის განადგურებაზე, ეკოლოგიურ კატასტროფაზე. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ კონკრეტულ პროექტს ემხრობიან საქართველოს მტრები არიან, ან სვანეთი არ უყვართ, ძალიან ცდებიან. მე პირიქით მგონია, რომ ასეთი პროექტი სვანეთის შემდგომ განვითარებას, სვანების კეთილდღეობას, სვანეთის უმძიმესი ეკონომიკური, სოციალური, გნებავთ დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებასაც შეუწყობს ხელს. თუ ადამიანებს დღევანდელ სოციალურ-ეკონომიკურ ყოფაში დატოვებს სახელმწიფო, ნუთუ ეს უფრო არ არის მათი ნორმალური ადამიანური ცხოვრების უფლებების შელახვა? ადამიანებს ნამდვილად აქვთ უფლება უკეთესად იცხოვრონ. გარემოზე ზემოქმედებაზე ქვემოთ ვისაუბრებ. მანამდე კი მინდა, კიდევ ერთხელ დასავლეთის განვითარებული ქვეყნების მაგალითი, უფრო სწორედ ამ ქვეყნების მთიანი რეგიონის მაგალითი მოვიყვანო. ვალ და აოსტა (Valle d'Aosta), იტალიის მთიანი რეგიონი, მდებარეობს იტალიის ჩრდილო დასავლეთით. დასავლეთით ესაზღვრება საფრანგეთს, ხოლო ჩრდილოეთით შვეიცარიას, ხოლო მისი ტერიტორია შეადგენს 3,263 კმ². მოსახლეობის სიმჭიდროვე იტალიის ამ მთიან რეგიონში ყველაზე დაბალია. აღსანიშნავია ორი მეტად საგულისხმო პარამეტრი: 1991 წლიდან 2001 წლამდე მოსახლეობის ზრდამ ამ რეგიონში შეადგინა 3,1%, რაც ყველაზე მაღალი იყო იტალიის რეგიონებს შორის. ხოლო 2001-2011 წლებში მოსახლეობის ზრდამ შეადგინა 7,07% . ვალ და აოსტას ტერიტორიაზე განლაგებულია 10 კაშხალი წყალსაცავით. შვეიცარიის რეგიონის ტიჩინოს (Canton Ticino) ტერიტორია შეადგენს 2,812.2 კმ²-ს. ამ მთიან რეგიონშიც განლაგებულია შემდეგი მაღალი კაშხლები: ლუძონე 225 მ-ი სიმაღლის, კონტრა (Verzasca Dam) 220 მ, სამბუკოს კაშხალი 130 მ-ი სიმაღლის, კავანიოლი კაშხალი 111 მ. იტალიის ასევე მთიანი რეგიონი ტრენტინო(Trentino) მისი ფართობი 6,212 კმ², ტრენტინოს ტერიტორიაზე 37 მაღალი კაშხალია. მოკლედ ,რომელი ერთი ჩამოვთვალო.

ახლა ისევ გარემოს დაცვას დავუბრუნდები და მხოლოდ იმ ასპექტებს, იმ მიმართულებებს შევეხები, რაზეც მიმაჩნია რომ პროფესიული აზრის გამოთქმა შემიძლია, ნაცვლად ზოგიერთი ადამიანისა, რომელიც სეისმიკაზე, ჰიდროლოგიაზე, გეოლოგიაზე, ეროზიულ პროცესებზე და ა. შ. საუბრობს და ამ დროს ასეთ თემებზე ელემენტალური პროფესიული ანგარიშის წაკითხვაც არ შეუძლია. კლიმატის ცვლილებების პროგნოზირების უამრავი, მაღალი სიზუსტის მქონე მოდელი არსებობს მსოფლიოში, ადამიანები მხოლოდ ასეთ პროფესიულ გათვლების შედეგებს უნდა დაეყრდნონ და არა გაურკვეველ „გამოცდილებაზე“ დაფუძნებულ მარჩიელობას. მე მგონი აღარაა შუასაუკუნეები და შეგვიძლია პროფესიულ პროგნოზებს დავეყრდნოთ. გეოლოგიაზე, ჰიდროლოგიაზე, კაშხლის ტიპზე და კონსტრუქციაზე, შერჩეეულ ადგილმდებარეობაზე ვის ვენდოთ, ან ვის ენდოს საზოგადოება, ზემოთ მოყვანილ „მარჩიელებს“ თუ 2010 წელს ჩამოყალიბებულ სპეციალურად ამ პროექტისათვის მართლაც რომ გამოჩენილ ექსპერტთა საერთაშორისო საბჭოს დასკვნას, სადაც შედიოდნენ კაშხლების ექსპერტი დოქტორი ჰაროლდ კროიცერი შვეიცარიიდან, საიჟინრო გეოლოგიის ექსპერტი ვილიამ მოლერი ავსტრალიიდან და ჰიდროლოგიის ექსპერტი პროფესორი ხუან ვალდესი ამერიკის შეერთებული შტატებიდან. საზოგადოებასთან ერთადერთი თხოვნა მაქვს. იყოს პროფესიული მსჯელობა და არა ემოციური, არაფრის მომცემი ურთიერთშეურაცხყოფა, ყველა ადამიანის აზრს და მოსაზრებას პატივს ვცემ, თუნდაც რადიკალურად საპირისპირო იყოს. მე ნამდვილად მჯერა, მეტიც, დარწმუნებული ვარ ჩემი ქვეყნის ადამიანების კეთილდღეობა - საერთო ეროვნული სიმდიდრის შექმნა, პირდაპირაა დამოკიდებული მისი ძირითადი რესურსის, სიმდიდრის, ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის ათვისებაზე და რაც თავისთავად ჩვენი ქვეყნის მდგრადი განვითარების წინაპირობას წარმოადგენს.“

https://www.facebook.com/david.mirtskhulava.5/posts/10201957727013770#!/david.mirtskhulava.5/posts/10201957727013770
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved