ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
დღეს პარლამენტი განახლებადი ენერგიების ხელშეწყობის შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს
პარლამენტი "განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ" კანონპროექტის განხილვას იწყებს. 

როგორც დოკუმენტის განმარტებით ბარათში წერია, კანონპროექტის უმთავრესი მიზანი ადგილობრივი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით საქართველოს იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება და მომხმარებლის ელექტროენერგიაზე მოთხოვნის სრული დაკმაყოფილება - უზრუნველყოფაა. 

ამ მიზნების მიღწევას კი, ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც კანონპროექტის ავტორია, ინვესტორებისთვის სხვადასხვა წამახალისებელი მექანიზნების შეთავაზებით აპირებს, რომელიც ასეთი ტერმინის – "მხარდაჭერის სქემების" ფარგლებში იქნება კანონში და კანონქვემდებარე აქტებში მოცემული. 

ეს სქემები ეკონომიკის სამინისტრომ კანონის ამოქმეებიდან 12 თვის განმავლობაში უნდა შეიმუშავოს და დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარედგინოს. 

კანონპროექტის მიხედვით, "მხარდაჭერის სქემა" არის ნებისმიერი ინსტრუმენტი, სქემა ან მექანიზმი, რომელსაც იყენებს საქართველო ცალკე ან ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელ მხარესთან/მხარეთა ჯგუფთან ერთად, რომელიც ხელს უწყობს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის საქართველოში გამოყენებას ამ ენერგიის ღირებულების შემცირების გზით, გასაყიდი ფასის ზრდით, ან განახლებად ენერგიასთან დაკავშირებული ვალდებულების მეშვეობით ან სხვაგვარად ზრდის ასეთი ენერგიის შეძენილ მოცულობას. 

აღნიშნული ასევე მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, საინვესტიციო დახმარებას, გადასახადისგან გათავისუფლებას ან მის შემცირებას, გადასახადის უკან დაბრუნებას, განახლებად ენერგიასთან დაკავშირებული ვალდებულების მხარდაჭერის სქემებს, მათ შორის ისინი, რომლებიც იყენებენ "მწვანე სერტიფიკატებს" და პირდაპირი ფასის მხარდამჭერ სქემებს, რაც მოიცავს სპეციალურ მწვანე და პრემიალურ ტარიფებს. ამ ტერმინების განმარტებები კანონპროექტში ასევე მოცემულია: 

მწვანე სერტიფიკატი - გაყიდვადი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ენერგიის მოცემული წილი ან რაოდენობა წარმოებულია განახლებადი წყაროებიდან და რომლითაც შესაძლებელია ვაჭრობა, განახლებადი ენერგიის მწარმოებლებისგან დამოუკიდებლად. მწვანე სერტიფიკატის ფასი შესაძლოა განისაზღვროს გარანტირებული მინიმალური ფასით. 

პრემიალური ტარიფი - სატარიფო პოლიტიკის ინსტრუმენტი, რომელიც განახლებადი ენერგიის მწარმოებლების მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას, საბითუმო ფასზე დამატებით, უზრუნველყოფს ფიქსირებული პრემიალური ანაზღაურებით. პრემიალური ტარიფი შეიძლება იყოს ცვალებადი. ცვალებადი პრემიალური ტარიფი გამოითვლება, როგორც სხვაობა საშუალო საბითუმო ფასსა და წინასწარ განსაზღვრულ გარანტირებულ ფასს შორის. 

სპეციალური მწვანე ტარიფი - სატარიფო პოლიტიკის ინსტრუმენტი, რომელიც განახლებადი ენერგიის მწარმოებლების მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას, საბითუმო ფასის გარდა, უზრუნველყოფს ფიქსირებული ანაზღაურებით.

წყარო: https://bm.ge/ka/article/dges-parlamenti-ganaxlebadi-energiebis-xelshewyobis-shesaxeb-kanonproeqtis-ganxilvas-iwyebs/40418
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved