ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ხათუნა გოგალაძე: გარემოსდამცველები არ შეიძლება იყვნენ ჰესების წინააღმდეგი
პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ხათუნა გოგალაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი ხონის, თერჯოლის და ქუთაისის 25-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს ხვდებიან.

შეხვედრაზე ქუთაისის 25-ე სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრმა თეკლა მებურიშვილმა ხათუნა გოგალაძეს კითხვა გიგანტურ ჰესებთან დაკავშირებით დაუსვა. კერძოდ, მას აინტერესებდა, რატომ აყენებენ ეჭვქვეშ გარემოსდამცველები ჰესების აშენების საკითხს, რაზეც მინისტრმა მას უპასუხა, რომ გარემოსდამცველებმა არ შეიძლება წინააღმდეობა გაუწიონ ჰესების აშენებას, რადგან ჰესი მწვანე ენერგეტიკაა:

"ჰესები საერთოდ - ეს არის მწვანე ენერგეტიკა. თბოელექტროსადგურებისგან, ატომური ელექტროსადგურებისგან განსხვავებით, ეს არის სუფთა ენერგია. შესაბამისად, გარემოსდამცველებისათვის ჰესები, მწვანე ენერგეტიკა, ისევე როგორც ენერგეტიკასთან მიბმული ენერგოეფექტურობა, ეს არის ყოველთვის მისასალმებელი და კარგი."
გოგალაძე მიიჩნევს, რომ როდესაც გარემოსდამცველები ჰესებზე საუბრობენ, ისინი კონკრეტული ჰესის აშენების შედეგად გამოწვეულ შესაძლო პრობლემებზე საუბრობენ:
"როდესაც გარემოსდამცველები ჰესებზე საუბრობენ და რაღაც პრობლემებს ხედავენ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმ მოსაზრებით გამოწვეული, რომ მწვანე ენერგეტიკა ძალიან კარგია, გვინდა, ეს აუცილებელია, ქვეყნის განვითარებას და ეკონომიკას ჭირდება, ყველაფერს ჭირდება, ამაზე საუბარი არ არის. საუბარია ყოველთვის იმაზე, ესა თუ ის კონკრეტული ჰესი ამა თუ იმ კონკრეტულ ადგილას რა ზიანს აყენებს გარემოს, ხომ არ არის ეს ზიანი შეუქცევადი პროცესების გამომწვევი გარემოსათვის, ეს ზიანი სხვა სოციალურ პრობლემებს ხომ არ გამოიწვევს, რამდენად არის ამ ყველაფერში ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა, იმიტომ რომ ადგილობრივ მოსახლეობას კი არა ქვეყნის ყველა მოქალაქეს აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რამდენად ღრმად და სრულფასოვნად არის ჩატარებული ის კვლევები, რომლებმაც უნდა განსაზღვროს იგივე ჰესთან, თუ მის გარემოსთან ზემოქმედებასთან დაკავშირებული შედეგი. ყოველთვის საუბარია ამ მიმართულებით."

მინისტრი მიიჩნევს, რომ გარემოსდამცველები არ შეიძლება იყვნენ ჰესების წინააღმდეგი: "სამწუხაროდ, ცუდად ხდება ხოლმე ამის გაგება, რომ გარემოსდამცველები ჰესების წინააღმდეგი არიან. გარემოსდამცველები არ შეიძლება იყვნენ ჰესების წინააღმდეგი, ზოგადად ასე, იმიტომ რომ ეს არის სუფთა ენერგია, მაგრამ მათ ყოველთვის აქვთ ძალიან ფრთხილი დამოკიდებულება გარემოს მიმართ. თუ რამე კითხვები აქვთ ეს არის ყოველთვის იმასთან კავშირში, თუ რა მოსდის ამ დროს გარემოს. ვიცით, ზუსტად არის ეს ყველაფერი შეფასებული? რა მოუვა ბიომრავალფეროვნებას, გეოლოგიის კუთხით როგორ გვაქვს საქმე, ხომ არ გამოიწვევს ზედმეტ ეროზიებს, რისი დაკარგვა ხდება და რას ვიღებთ. ეს არის კითხვები, რომლებიც გარემოსდამცველებს აწუხებთ ხოლმე ყველა პროექტთან დაკავშირებით და ჰესებიც მათ შორის არის."

წყარო: http://www.netgazeti.ge/GE/105/News/23967/

მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved