ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ნეტო–აღრიცხვის არსებული წესები მოსახლეობას ელექტროენერგიის გამომუშავების საშუალებას აძლევს
საქართველოში არსებული რეგულაციების შესაბამისად, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ გამოიმუშაონ ელექტროენერგია საკუთარი მოხმარებისათვის და ჭარბი ელექტროენერგია მიაწოდონ გამანაწილებელ კომპანიას.

ნეტო-აღრიცხვის წესები, რომელიც მომხმარებელს ფინანსურ სარგებელსაც სთავაზობს, საქართველოში ახალი დანერგილია. ნეტო–აღრიცხვის რეგულირების შესახებ „პირველი“ სემეკის წევრს გოჩა შონიას ესაუბრა:  
 
რას გულისხმობს ნეტო-აღრიცხვა და რა შემთხვევაშია შესაძლებელი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დამონტაჟება?

ნეტო-აღრიცხვა არის პროცესი, რომელიც გულისხმობს განახლებად ენერგიებზე (მზე, წყალი, ქარი) მომუშავე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ჩართვას ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში. არსებული რეგულაციების შესაბამისად, საკუთარი მოხმარების უზრუნველსაყოფად მომხმარებელს შეუძლია დაამონტაჟოს განახლებად ენერგიებზე მომუშავე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, აწარმოოს ელექტროენერგია საკუთარი მოხმარებისთვის, ამავდროულად პარალელურ რეჟიმში ჩაერთოს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში და გამანაწილებელ კომპანიას მიაწოდოს ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 100 კილოვატს. 

მნიშვნელოვანია, რომ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სიმძლავრე უნდა შეესაბამებოდეს მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელთან მისაერთებელ სიმძლავრეს. რა თქმა უნდა, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა მიაწოდოს გამანაწილებელ ქსელს ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია და მიიღოს შესაბამისი საფასურიც, მაგრამ მთავარი პრინციპია, რომ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია უნდა აკმაყოფილებდეს კონკრეტული მომხმარებლის მოთხოვნას და არ უნდა განვიხილოთ როგორც ელექტროენერგიით ვაჭრობის საშუალება

რას გულისხმობს ნეტო აღრიცხვის რეგულაციებით განსაზღვრული ანგარიშსწორება? 

თუ თვეში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული და გამანაწილებელი კომპანიის ქსელისათვის მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობა მეტი იქნება მომხმარებლის მიერ გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე, სხვაობა (ქსელში მიწოდებული ჭარბი ელექტროენერგია) აისახება მომდევნო თვის ანგარიშსწორების ქვითარში კრედიტის სახით. 

იმ შემთხვევაში, თუ თვეში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული და გამანაწილებელი კომპანიის ქსელისათვის მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობა ნაკლები იქნება გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე, მომხმარებელი კომპანიასთან ანგარიშსწორებას მოახდენს მხოლოდ სხვაობის შედეგად მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე. 

საანგარიშო წლის ბოლო თვეს, ანგარიშსწორების ქვითარში კრედიტის სახით ასახული ელექტროენერგია ჩაითვლება გამანაწილებელი კომპანიის მიერ შესყიდულად. შესაბამისად, კომპანია ვალდებული იქნება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელს გადაუხადოს კრედიტის სახით ასახული ელექტროენერგიის საფასური. 


პროცედურულად როგორ უნდა მოხდეს გამანაწილებელ ქსელში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ჩართვა და თუ არიან გამანაწილებელი კომპანიები მზად, რომ უზრუნველყონ სადგურის ქსელზე მიერთება. რა რეგულაციები არსებობს ამ კუთხით? 

მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელში ჩასართავად, მომხმარებელმა უნდა მიმართოს შესაბამის გამანაწილებელ კომპანიას, შეავსოს განაცხადი. კომისიის ნორმატიული აქტის - „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებით“ განსაზღვრულია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ვადები და მიერთების საფასური, მიერთების ძაბვის საფეხურისა და მისაერთებელი სიმძლავრის შესაბამისად. ამასთან, დადგენილია მომსახურების სტანდარტი, რომელიც ითვალისწინებს “ერთი სარკმლის” პრინციპს და გულისხმობს ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიის ვალდებულებას, გაუწიოს მომხმარებელს მომსახურება სრული ციკლით და ხელი შეუწყოს მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებას. დაწვრილებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია კომისიის ვებ გვერდზე:http://gnerc.org/ge/el-energy/users1

რა რეგულაციებს გამოიყენებს კომისია იმ შემთხვევაში თუ გამანაწილებელმა კომპანიამ არ უზრუნველყო მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელზე მიერთება, დაარღვია კომისიის მიერ განსაზღვრული ვადები და პროცედურები? 

პირველ რიგში, მოქალაქეებს შეუძლიათ კონსულტაცია გაიარონ კომისიის შესაბამის დეპარტამენტებთან ან დარეკონ ქოლ ცენტრში შემდეგ ნომერზე -2420180. ასევე, თუ კომპანიის მიერ დაფიქსირდება რაიმე სახის დარღვევა როგორც მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელთან მიერთების ვადების, ასევე მიერთების პროცედურების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ მომართონ კომისიას შესაბამისი განცხადებით. კომისია ინდივიდუალურად განიხილავს საკითხს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. მაგალითისათვის, კომისიას მომართა ფიზიკურმა პირმა განცხადებით, სადაც აღნიშნული იყო რომ გამანაწილებელმა კომპანიამ არ უზრუნველყო მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცედურები, დარღვეული იყო ქსელზე მიერთების ვადები. კომისიამ შეისწავლა აღნიშნული საკითხი და მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველყო სადგურის ქსელზე მიერთება, ამასთანავე, დარღვევის გამო კომპანია (სს „თელასი“) დაჯარიმდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. 

წყარო: PIA.GE
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved