ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
საქართველოში ნეტო აღრიცხვისრეგულირების საკითხებზე კონფერენცია გაიმართა
ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას „ნეტო აღრიცხვის რეგულირება საქართველოში“ დაესწრო.

ღონისძიებაში სამთავრობო უწყებების, ელექტროენერგეტიკის სექტორში დასაქმებული კომპანიების, საბანკო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და დარგის ექსპერტებმა მიიღეს მონაწილეობა.

კონფერენცია გახსნეს სემეკის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ და ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა. სემეკის წარმომადგენლებმა მონაწილეებს განახლებადი ენერგიების საყოფაცხოვრებო პირობებში გამოყენებისა და რეგულირების საკითხებზე არსებული სიახლეები გააცნეს. კერძოდ, ისაუბრეს ნეტო აღრიცხვის კუთხით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, სემეკის რეგულაციებზე - მომხმარებლის საკუთრებაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელი კომპანიის ქსელთან მიერთების შესაძლებლობებზე. 

„დღევანდელი კონფერენციის მიზანია ფართო საზოგადოებას გავაცნოთ ნეტო აღრიცხვის არსი, მისი სამართლებრივი საფუძვლები, ხელშეწყობის მექნიზმები და ა.შ. გვინდა, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი იყოს ინფორმირებული, სწორედ ამიტომ დღეს წარმოდგენილია აუდიტორიის საკმაოდ ფართო სპექტრი. ვფიქრობ, რომ საინტერესო განხილვა იქნება, თუმცა ჩვენ ამით ნეტო აღირცხვაზე მუშაობა არ დაგვიმთავრებია და იქნება გარკვეული სიახლეებიც“, - განაცხადა ირინა მილორავამ.

ენერგეტიკის მინისტრის ილია ელოშვილის თქმით კი, ამ კუთხით შემუშავდა რეგულაციები, შეიცვალა ბაზრის წესები, საშუალება მიეცა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია მსგავსი ელექტროსადგური, თავად გაყიდოს ქსელში ელექტროენერგია და ასევე საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს ქსელიდან ელექტროენერგია.

„ეს წაახალისებს ასეთი ტიპის მომხმარებელს, გააძლიერებს ჩვენს გენერაციას და ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯები ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობისკენ“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

სემეკის ახალი რეგულაციების შესაბამისად, საკუთარი მოხმარების უზრუნველსაყოფად მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს დაამონტაჟოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, აწარმოოს ელექტროენერგია საკუთარი მოხმარებისთვის, ამავდროულად, ჩაერთოს ელექტროქსელში და გამანაწილებელ კომპანიას მიაწოდოს ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია. იმ შემთხვევაში, თუ გამომუშავებული ელექტროენერგია ვერ დააკმაყოფილებს მის მოხმარებას, მას შეუძლია გამანაწილებელი კომპანიის ქსელიდან მიიღოს ელექტროენერგია. 

რეგულაციებით დადგენილია მომსახურების სტანდარტი - „ერთი სარკმლის” პრინციპი, რომლის მიხედვითაც ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია ვალდებულია გაუწიოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელს მომსახურება სრული ციკლით და უზრუნველყოს მისი გამანაწილებელ ქსელთან მიერთება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შესაბამისად. თუ თვეში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ კომპანიისათვის (ქსელისათვის) მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობა მეტი იქნება მომხმარებლის მიერ კომპანიისგან (ქსელიდან) მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე, სხვაობა (ქსელში მიწოდებული ჭარბი ელექტროენერგია) აისახება მომდევნო თვის ანგარიშსწორების ქვითარში კრედიტის სახით. 

იმ შემთხვევაში, თუ თვეში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ კომპანიისათვის (ქსელისათვის) მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობა ნაკლები იქნება კომპანიიდან (ქსელიდან) მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე, ანგარიშსწორება მოხდება მხოლოდ სხვაობის შედეგად მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე. 

საანგარიშო წლის ბოლო თვეს ანგარიშსწორების ქვითარში კრედიტის სახით ასახული ელექტროენერგია ჩაითვლება გამანაწილებელი კომპანიის მიერ შესყიდულად და კომპანია, მისთვის დადგენილი შესყიდული ელექტროენერგიის ფასის შესაბამისად მომხმარებელს გადაუხდის ელექტროენერგიის საფასურს.

მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved