ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს
ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და კომპანია „სოკარის“ პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა ხელი მოაწერეს საქართველოს მთავრობასა და კომპანია სოკარს შორის 2011 წლის დეკემბრში გაფორმებულ მემორანდუმში ცვლილებებს.

დღესვე, „გაზისა და ნავთობის კორპორაციის“ დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა და შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტის“ ხელმძღვანელმა ზაურ გულიევმა ხელი მოაწერეს „ბუნებრივი გაზით მომარაგების შესახებ“ - „კორპორაციას“ და შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“ შორის დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებებს.

ასევე, ხელი მოეწერა „ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის თაობაზე“ „არნსკ“-ს და „კორპორაციას“ შორის 2012 წლის ივლისში გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებებს.

ცვლილებების თანახმად, საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. ამასთან, შემცირდება სოკარიდან შესასყიდი სოციალური გაზის ფასი, რაც ნაწილობრივ ამცირებს ეორვნული ვალუტის უცხოურ ვალუტასთან გამყარების შედეგად გამოწვეულ ფინანსურ ზარალს.

საქართველო ბუნებრივი აირის დამატებით მუცულობებს სამხრეთ კავკასიური (ე.წ. შაჰ-დენიზის) მილსადენიდან მიიღებს და წინა წლების მსგავსად აღარ დადგება ტექნიკური შეზღუდვების გამო აზერბაიჯანიდან მოცულობების მიღების პრობლემა.

გარდა ამისა, სოკარი მზადყოფნას გამოთქვამს 1000 კუბ.მ-ზე 35-40 აშშ დოლარით შეამციროს გაზგასამართი სადგურებისთვის კომერციული გაზის ფასი.
2012 წელთან შედარებით საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარება თითქმის 40 %ით არის გაზრდილი, რამაც განაპირობა ბუნებრივი აირის მოცულობების დამატებით მიღების აუცილებლობა.

,,მოგეხსენებათ საქართველოში გაზის გაზრდილი მოხმარების გამო დღის წესრიგში დადგა დამატებითი მოცულობების მოძიების საკითხი.
რამდენიმე შეხვედრის და პროდუქტიული მუშობის შედეგად ჩვენმა პარტნიორმა აზერბაიჯანის მთავრობამ და კომპანია სოკარის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ეს დამატება შაჰ -დენიზის მილსადენიდან განხორციელდეს.

ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა ექნება წლების განმავლობაში დამატებით 500 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღოს აზერბაიჯანიდან. უაღრესად მნიშვნელოვანი და ხაზგასმით აღსანიშნავია - აზერბაიჯანის მხარემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ტექნიკური შეზღუდვის გამო წარმოშობილი პრობლემა აღმოეფხვრა და მათი მხრიდან შესაძლებელი გახდა დამატება სამხრეთ კავკასიური , იგივე შაჰ-დენიზის მილსადენის საშუალებით.
ჩვენ ვაფასებთ და სრულად ვაანალიზებთ ამ პარტნიორულ, კეთილმეზობლურ დამოკიდებულებას ჩვენი მეგობრების მხრიდან , მათ საფუძვლიან მუშაობას იმისთვის რომ მოეძიათ საშუალება კომპანია სოკარისთვის გაზრდილიყო შემოსატანი გაზის მოცულობა.

აქვე აღსაღნიშნავია რომ ამის პარალელურად შემცირდა სოკარისგან შესასყიდი სოციალური გაზის ფასი, რაც ნაწილობრივ ამცირებს უცხოურ ვალუტასთან ლარის გაუფასურების შედეგად არსებულ ფინანსურ ზარალს.

ეს მიმდინარე შეთანხმებები არის ნათელი დემონსტრირება იმ მეგობრობის, კეთილმეზობლური დამოკიდებულების და საერთო სტრატეგიული ინტერესების - რაც წლების მანძილზე აკავშირებს ჩვენს ქვეყნებს და რაც ურყევი და შეუცვლელია მომავალშიც.

აქვე მსურს აღვნიშნო, რომ მიუხედავად საქართველოში მიმდინარე არაჯანსაღი პოლიტიკური ოპონირებისა ყოფილი სახელისუფლებო პარტიის მხრიდან, მიუხედავად მცდელობისა, რომ ჩვენი ქვეყნებს შორის მეგობრობა და პოლიტიკური თუ ბიზნეს ურთიერთობები სათავისო დემაგოგიისთვის გამოეყენებინათ, ამ მრავალმხრივი და ურთულესი მოლაპარაკებების პროცესში, ჩვენ ქვეყნის მთავრობა, უშუალოდ მოლაპარაკებებში მონაწილე დელეგაციები იდგნენ მოწოდების სიმაღლეზე, და პროფესიონალურად წარმართეს პროცესი. დიდი მადლობა ყველას ვინც ჩვენი ქვეყნის გაზმომარაგების უზრუნველყოფაში თავისი წვლილი შეიტანა, დიდი მადლობა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას რომ არ აჰყვა გარკვეული პირების ან ჯგუფების დემაგოგიას და პოლტიკური ეიფორიის შექმნაში არ მიიღო მონაწილეობა.

მადლობა საქართველოში მოღვაწე კომპანია სოკარს, წარმატებებს ვუსურვებ აზერბაიჯანის და საქართველოს მთავრობებს თავიანთ საქმიანობაში ჩვენი ქვეყნების და ჩვენი მეგობრობის საკეთილდღეოდ.“ - განაცხადა კახა კალაძემ
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved