ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ დღეს ხელი მოაწერეს ინდუსტრიული მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლის ეროვნული კატეგორიის მნიშვნელობის განსაზღვრის შეთანხმებას. ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, საინვესტიციო ფონდის, ენერგო სექტორის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

"ენგურჰესი" ქვეყნის ის პირველი ინდუსტრიული ძეგლია, სადაც სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე და ვიზიტორთათვის ენგურზე გადასახედი პლატფორმები მოეწყობა. პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ენერგეტიკის სამინიტროსა და შპს "ენგურჰესის" ხელშეწყობითა და თანადგომით განხორციელდება.

"ენგურის ჰიდროელექტროსადგური უნიკალური ტექნიკური და საინჟინრო ნაგებობების ურთულესი კომპლექსი და უდიდესი ჰესია სამხრეთ კავკასიაში, რომელიც დაბა ჯვრიდან შავ ზღვამდე, ათასამდე კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. ჰიდროელექტროსადგურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია კაშხალი, რომლის საერთო სიმაღლე 271.5 მეტრი, ხოლო განივი სიგრძე 728 მეტრია; ცის თაღის ფორმის კაშხალი, მისი სიმაღლით, მსოფლიოს თაღოვანი კაშხალების ხუთეულში შედის.

ინდუსტრიული და საინჟინრო მემკვიდრეობის მნიშვნელობის გააზრებისა და ამ მიმართულებით, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად აქტიურ მუშაობას იწყებს.

"ინდუსტრიული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის მნიშვნელობის დასტურია UNSESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის წლევანდელი, 39-ე სესია, სადაც ნორვეგიის რიუკან-ნოტტოდენის სამრეწველო მემკვიდრეობას - ჰიდროელექტროსადგურების, ელექტროგადამცემი ხაზების, ქარხნების, სატრნასპორტო სისტემებისა და ქალაქების ერთობლიობას - მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია ასევე, იაპონიის მეიჯი პერიოდის ინდუსტრიული რევოლუციის სივრცეები (ქარხნები, ქალაქები), ჰამბურგის საწყობები, ფორტ ბრიჯი დიდ ბრიტანეთში, "ფრაიბენტოს" ინდუსტრიული ლანდშაფტი ურუგვაიში. 2015 წელს ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით "ევროპული კულტურული მემკვიდრეობის დღეების" მთავარი თემა სწორედ ინდუსტრიული მემკვიდრეობა იქნება".

როგორც ამ მოვლენისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ქვეყანაში არსებული ჰიდროპოტენციალის გონივრული ათვისება უნდა მოხდეს.

„2015 წელს, ევროსაბჭოს და იუნესკო-ს გადაწყვეტილებით, ევროპული კულტურის მემკვიდრეობის დღეების მთავარი თემა ინდუსტრიული მემკვიდრეობა იქნება და ჩვენი მოქალაქეებისთვის დიდი პატივია, რომ ენგურჰესი მოხვდა ამ სიაში. ჩვენ ვიმყოფებით ქართული ინჟინერიის ეროვნული ჰიდრომშენებლობის უნიკალურ ძეგლთან - ენგურის კაშხალთან. ეს მდინარე თავისი უდიდესი პოტენციალით ჯერ კიდევ გასული საუკუნის გარიჟრაჟზე იპყრობდა ყურადღებას. დიდი ნიკო ნიკოლაძის, საზგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, პოლიტიკოსის ასრულებული ოცნებაა ის, რასაც დღეს ძეგლის სტატუსს ვანიჭებთ და ეს სიამაყით, სრულფასოვნების შეგრძნებით აღავსებს თითოეულ ჩვენგანს. ჩვენ ენერგეტიკის განვითარება უნდა განვაგრძოთ ამ მიმართულებით, გონივრულად ავითვისოთ ქვეყანაში არსებული ჰიდროპოტენციალი. იმდენად გონივრულად, რომ თითოეული მსგავსი ობიექტი მომავალი თაობებისთის გახდეს ჩვენი დამსახურების და პროფესიონალიზმის მაჩვენებელი. იცვლება მთავრობები, თაობები, პოლიტიკური განწყობები ქვეყანაში, ეს პროცესი მუდმივ დინამიკაშია და ბედნიერია ის თაობა, რომელიც, ყველაფრის მიუხედავად, შექმნის ასეთივე ღირებულს და დასაფასებელს, როგორც ენგუჰესია. ჩვენ უნდა შევიტანოთ წვლილი თანამედროვე საქართველოს ისტორიული დოვლათის შექმნაში", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. 

კალაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა ისიც, რომ ენგურჰესი წლების განმავლობაში აფხაზებთან დამაკავშირებელი ერთადერთი ფაქიზი კომუნიკაციის საშუალება იყო. 

"არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენი ურთიერთობა აფხაზებთან, წლებია ენგუჰესი იყო ერთადერთი დამაკავშირებელი ფაქიზი კომუნიკაცია, რაღაც ადამიანური, სოციალური, საქმიანი ურთიერთობების ხელმოსაჭიდი კავშირი. მე იმედი მაქვს, რომ ეკონომიკური, კულტურული თუ სპორტული კომუნიკაციები ხელს შეუწყობს ჩატეხილის გამთლიანების დასაწყისს. საშუალებას მისცემს შვილების თაობას, მამების შეცდომები გამოსწოროს და ახალი კუთხიდან დაიწყონ წერა ურთიერთობის, უახლესი ისტორიის, ისტორიის, რომელიც დასაბამიდან დღემდე ერთი გვქონდა და კვლავაც ერთი უნდა გვქონდეს. გავიდა დრო, როცა ქვებით მიმოვფანტეთ ურთიერთობები, ადამიანები, სიცოცხლე, დადგა დრო, ქვების შეგროვება დავიწყოთ. ჩვენ ამ ქვებით -ამ ადამიანური ურთიერტობების, ყოვედღიურობაში, მშვიდობიანობისას აღმოჩენილი გმირებით და ახალი თაობებით ავაშენებთ ზუსტად ისეთივე სახლს - საერთო სახლს, როგორიც ნებისმიერ პატრიოტს და თავის ხალხზე შეყვარებულ ქართველს, აფხაზს თუ ნებისმერი სხვა ეროვნების საქართველოს მოქალაქის ოცნებაა. ჩვენ ყველანი საუკუნეები ვცხოვრობდით ერთად, საერთო გზა გამოვიარეთ და ეს გზა კვლავაც ერთად უნდა განვლოთ. ამ გზას ისევ და ისევ გაანათებს ენგურჰესი და ის  იქნება მოწმე დიდი ერთობის  და დიდი მიტევების, დიდი შრომის და დიდი პროფესიონალიზმის“, - განაცხადა კალაძემ.

ენერგეტიკის მინისტრმა საერთაშორისო ორგანიზაციებს და ენგურჰესის ქართულ-აფხაზურ პერსონალს მადლობა გადაუხადა.


ენგურჰესი
ენგურზე ჰესის მშენებლობის დაწყებას საფუძვლად ნიკო ნიკოლაძის სურვილი და იდეა უდევს, რომელზეც მსჯელობა წლების განმავლობაში უშედეგოდ მიმდინარეობდა. ნახევარსაუკუნოვანი ფიქრის შემდეგ ჰესის მშენებლობის გადაწყვეტილება, ტერიტორიის კველვისა და დეტალური დაზვერვის შედეგად მიიღეს. საბოლოოდ ადგილზე სამშენებლო სამუშაოები 1961 წელს დაიწყო და 1988 წელს დასრულდა.  თაღოვანი კაშხლის კონსტრუირება საკმაოდ რთულ საინჟინრო კვლევით ამოცანას წარმოადგენდა. საპროექტო დამუშავების დროს ხდებოდა თაღოვანი კაშხლის კონსტრუქციის თანადათანობითი ფორმირება და ოპტიმიზაცია. საბოლოო სახით მიღებული იქნა  ოპტიმალური ფორმის 3 ცენტრიანი თაღოვანი კაშხალი, რამაც კაშხლის კონსტრუქციის საიმედობა და სიმტკიცე გაზრდა. ასეთი გადაწყვეტა სრულიად ახალი სიტყვა იყო მსოფლიო კაშხალთმშენებლობის პრაქტიკაში და ეს საკითხი დღესაც ინარჩუნებს აქტუალობას. შთამბეჭდავია ენგურჰესის საპროექტო ენერგეტიკული პარამეტრებიც, ობიექტმა ექსპლუატაციაში შესვლის პერიოდიდან (1977 წლიდან) დღემდე 110 მილიარდ კვტ.სთ-ზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა.

საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროკომისია, შვეიცარიის მთავრობა) თანადგომით (2004-2007წწ) კაშხლის რეაბილიტაცია ჩატარდა, რომლის ფარგლებში მოხდა კაშხლის ტანში არსებული გალერეების რეკონსტრუქცია, დამონტაჟდა ახალი თანამედროვე სატუმბო დანადგარები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტურბინა-გენერატორებსა და სხვა ელექტრო მოწყობილობებს. თაღოვან კაშხლზე დამონტაჟდა მონიტორინგის სრულიად ახალი თანამედროვე ტიპის სისტემა. ამდენად, დღეისათვის კაშხლის კონტროლი წარმოებს უახლესი ტიპის სხვადასვხვა სახის და დანიშნულების საკონტროლო-გამზომი აპარატურით. საერთაშორისო ექსპერტების საერთო შეფასებით ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი შეყვანილია საუკეთესოდ აღჭურვილ კაშხალთა რიგში. 
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved