ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული მნიშვნელობა და ბრძოლა ევროპის ბაზრისთვის
ბოლო რამდენიმე თვის წინ განვითარებულმა მოვლენებმა და უკრაინის კრიზისმა კავკასიის რეგიონის გეოპოლიტიკური და ენერგეტიკული მნიშვნელობა კიდევ უფრო გაზარდა. კერძოდ, რეგიონში მოსკოვისა და ბაქოს პოზიციების გათანაბრება, სავარაუდოდ, სასარგებლო შედეგის მომტანი იქნება, რადგან ამით დაგეგმილი გაზსადენების განხორციელებას შეეწყობა ხელი, გაიზრდება კონკურენცია და შეიცვლება ბაზრის მოთამაშეების როლი. რუსეთ-თურქეთის ენერგეტიკული ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლა ამ ორი ქვეყნის დამოკიდებულებას დასავლეთის მიმართ ცალსახად შეცვლის. ევროპა, რომელიც აზერბაიჯანის შაჰ- დენიზი 2-ის საბადოს განვითარებას დიდ მხარდაჭერას უცხადებს და „ტრანს- ანატოლიური“ გაზსადენის განხორციელებაში აქტიურადაა ჩართული, რუსულ გაზზე დამოკიდებულების მაქსიმალურად შემცირებას ისახავს მიზნად. (Natural Gas Europe., 2015).

მხარეების სხვადასხვა პოზიციის გამო, კავკასიის რეგიონზე განსაკუთრებულად დიდი ინტერესები გაჩნდა. შედეგად ისმის კითხვა: როგორ მოხდება რეგიონის ენერგეტიკული ტრანსფორმაცია, ვინ იქნება დომინანტი რეგიონის ბაზარზე და რა ალტერნატივების წინაშე დგას როგორც ევროპა, ასევე რეგიონის სხვა ქვეყნები.

რუსეთის ბუნებრივი გაზის რეზერვები 2013 წლის მონაცემების მიხედვით 48.7 ტრლნ კუბ.მ-ს შეადგენს და იგი ამ კომპონენტში მსოფლიო ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. ქვეყნის ბუნებრივი გაზის მარაგი მთლიანი მსოფლიო გაზის მარაგის დაახლოებით მეოთხედს შეადგენს. საბადოების უმეტესობა ციმბირშია განთავსებული, სადაც ქვეყნის მთლიანი რეზერვების 40%-ია თავმოყრილი, ხოლო დანარჩენი - ჩრდილოეთის მხარეში. (International Energy Associasion., 2014). რუსეთი, რომელიც გლობალური მასშტაბით ბუნებრივი გაზის მიმწოდებლებს შორის მოწინავე პოზიციას იკავებს, მთელი ევროპის მოხმარების დაახლოებით 30%-ს უზრუნველყოფს (წლიურად 150 მლრდ კუბ.მ - 2013წ). უკრაინის კრიზისამდე ევროპას რუსული გაზის 50% ტრანზიტის სახით უკრაინის გავლით მიეწოდებოდა. ყირიმსა და სხვა რეგიონებში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო გაზის მიწოდება მნიშვნელოვნად შეფერხდა.

ევროკავშირისა და ამერიკის სანქციების გამო რუსეთის მიერ დაგეგმილი South stream-ის გაზსადენის მშენებლობა, რომელიც შავი ზღვის გავლით ბულგარეთის, სერბეთის, უნგრეთის, სლოვენიისა და ხორვატიის მეშვეობით ავსტრიაში სრულდებოდა, უარყოფილ იქნა ევროკავშირის მიერ. ეს გაზსადენი, რუსეთისათვის ევროპისთვის გაზის მიწოდების კუთხით უკრაინის ალტერნატივას წარმოადგენდა, რომლის მეშვეობითაც წლიურად 63 მლრდ კუბ.მ გაზის ტრანზიტი იყო დაგეგმილი.

რუსეთის ბიუჯეტის 50% მხოლოდ ნავთობისა და გაზის ოპერაციებიდან მიღებულ შემოსავლებზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, ნახშირწყალბადების რეალიზაციის შემცირება დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკას. საერთაშორისო სანქციებისა და გაზის სატრანზიტო პარტნიორის სახით უკრაინის „მხარდაჭერის“ დაკარგვამ რუსეთს დიდი თავსატეხი გაუჩინა. 2019 წელს რუსეთს ტრანზიტის კონტრაქტი ეწურება უკრაინის სახელმწიფო კომპანია „ნაფტოგაზთან“, რომლის მეშვეობითაც ხდება უკრაინაში გაზის შემოტანა და ტრანზიტი ევროპის მიმართულებით. დიდი ალბათობით აღნიშნული კონტრაქტის გაგრძელება აღარ მოხდება და რუსეთს ახალი ალტერნატივების ძიებაღა დარჩენია. სწორედ ამ მიზნით, გასული წლის ბოლოს მოლაპარაკებები დაიწყო თურქეთთან ახალი გაზსადენის Turkish Stream-ის მშენებლობაზე, რომლის საპროექტო სიმძლავრე წლიურად 63 მლრდ კუბ.მ იქნება. წინასწარი მონაცემებით თურქეთს აღნიშნული გაზსადენით 2016 წლის დეკემბრისთვის 16 მლრდ კუბ.მ მიეწოდება. დღეისათვის რუსეთი თურქეთისთვის უმსხვილესი გაზის მიმწოდებელია, რომელიც ამ უკანასკნელს წლიური მოთხოვნის (45 მლრდ კუბ.მ) დაახლოებით 56%-ს აწვდის (25.2 მლრდ კუბ.მ). (RT., 2015).

კავკასიის რეგიონში თურქეთის შემდეგ რუსეთის ყველაზე მსხვილ მომხმარებელს სომხეთი წარმოადგენს. სომხეთი 100%-ით რუსული გაზის იმპორტზეა დამოკიდებული, რომელიც ამ რესურსს საქართველოს გავლით იღებს „ჩრდილო- სამხრეთის“ მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით. მართალია სომხეთში რეალიზებული გაზი, რომელიც წლიურად საშუალოდ 2 მლრდ კუბ.მ-ია, რუსეთისათვის დიდი მოცულობა არაა, მაგრამ ეს რეგიონში სერიოზულ პოლიტიკურ ბერკეტს წარმოადგენს თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ სომხეთის შიდა გაზის სადისტრიბუციო ქსელის მფლობელი კომპანიის ArmRosgazprom-ის 100%-იანი წილი რუსეთის სახელმწიფო კომპანია Gazprom-ს ეკუთვნის. გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე სომხეთი მეზობელი ქვეყნებიდან იზოლაციაში იმყოფება.

ერთ-ერთი გაზის მიღების ალტერნატივა კი, რომელსაც დივერსიფიცირების კუთხით შესაძლოა მიმართოს, არის ირანი, თუმცა ზევით აღნიშნული გარემოების გამო რუსეთი ამ ფაქტს არ დაუშვებს. სომხეთის მხრიდან ამ არჩევანზე უარის თქმის უმთავრესი ფაქტორი ისიცაა, რომ რუსეთთან 2014-2018 წლების მანძილზე 1000 კუბ.მ გაზის 189 აშშ დოლარად შესყიდვის კონტრაქტი აქვს გაფორმებული, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი შეღავათია. (NEWEUROPE online., 2013).

რუსულ ბუნებრივ გაზზე დამოკიდებულების კუთხით, თურქეთთან და სომხეთთან შედარებით საქართველო უფრო თავისუფალია. საქართველოს წლიური მოხმარების, რომელიც საშუალოდ 2 მლრდ კუბ.მ-ია, დაახლოებით 10%-ია უზრუნველყოფილი რუსული გაზით. როგორც ზევით არის აღნიშნული, საქართველო რუსეთსა და სომხეთს შორის სატრანზიტო კორიდორია და სწორედ ტრანზიტის ანაზღაურების სანაცვლოდ ყოველწლიურად იღებს გატარებული გაზის 10%-ს, რომელიც წლიურად საშუალოდ 200 მლნ კუბ.მ-ს შეადგენს. 

კავკასიის რეგიონში ნახშირწყალბადების რეზერვების სიმდიდრით მეორე ქვეყანა აზერბაიჯანია, რომლის დამტკიცებული მარაგები ამჟამად დაახლოებით 991 მლრდ კუბ.მ-ია. (შაჰ-დენიზი 2-ის განვითარების შემდეგ დაახლოებით 1.4 ტრლ კუბ.მ-ით გაიზრდება). (Central Intelligence Agency., 2014). აზერბაიჯანი რეგიონში რუსეთის უმთავრეს კონკურენტს წარმოადგენს, რომელმაც ჩაანაცვლა რუსული გაზის მიწოდება საქართველოში 2006 წლის შემდეგ(1.89 მლრდ კუბ.მ - 2014წ) და თურქეთში მოთხოვნის ზრდის ფონზე ზრდის მიწოდებასაც „სამხრეთ კავკასიური მილსადენის“ მეშვეობით შაჰ-დენიზი 1-ის პროექტის ფარგლებში (5.8 მლრდ კუბ.მ - 2014წ). (საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია. 2015).

აზერბაიჯანისთვის რეგიონში პოზიციების გაძლიერების კუთხით მნიშნველოვან ფაქტორს TANAP-ის გაზსადენის პროექტის განხორციელება წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც შაჰ-დენიზის მე-2 ფაზის განვითარების შემთხვევაში ქვეყანას შესაძლებლობა აქვს საკუთარი გაზი საქართველო-თურქეთის გავლით ევროპას მიაწოდოს. რუსეთ-თურქეთის ახალი დაგეგმილი Turkish Stream-ისგან განსხვავებით, TANAP-ის პროექტს ევროპისგან უფრო დიდი მხარდაჭერა აქვს, რასაც ადასტურებს ისიც, რომ გასული წლის 1 დეკემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის და ევროკომისარის შეფჩოვიჩის ხელმოწერით ენერგეტიკის მიმართულებით ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. (DW., 2014).

11 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების თANAP-ის მილსადენის საწყისი გამტარუნარიანობა 16 მლრდ კუბ.მ იქნება, საიდანაც 2018 წლის ბოლოს ან 2019 წლის დასაწყისში 6 მლრდ კუბ.მ თურქეთს, ხოლო დანარჩენი 10 მლრდ კუბ.მ ევროპას მიეწოდება. საბოლოოდ, 2026 წლისთვის გაზსადენის სიმძლავრე 31 მლრდ კუბ.მ- მდე გაიზრდება.

Turkish Stream-ის პროექტის განხორციელებამ შესაძლოა TANAP-ის პროექტს „ვეტო“ დაადოს, რომელიც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია თურქეთისა და კავკასიაში მისი მეზობელი ქვეყნებისთვის, მაშინ როცა Turkish Stream-ი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, რომელიც აშშ-ს და ევროკავშირის სანქციებით კუთხეშია მიმწყვდეული.

თურქეთის პრიორიტეტი საკუთარი ტერიტორიების გახსნა უნდა იყოს ისეთი პროექტებისთვის, რომელიც ქვეყნის რეგიონალურ ენერგეტიკულ მნიშნველობას კიდევ უფრო გაამყარებს. სამომავლოდ „ენერგეტიკულ თამაშში“ ახალი მონაწილეები შემოვლენ ირანის, ერაყის და კასპიის რეგიონის ქვეყნების სახით და თურქეთმა ამ ქვეყნების რესურსების ევროპასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გატარება უნდა უზრუნველყოს. ამით თურქეთი კიდევ უფრო გაამყარებს რეგიონის ენერგეტიკული ცენტრის სტატუსს. (DEMİRTAŞ., 2014).

ზემოთაღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, რეგიონში ყველაზე მეტად თურქეთის პოზიციები გამყარდება, რადგან სწორედ მასზეა დამოკიდებული ორი ალტერნატიული გაზსადენის ბედი: „თურქეთის ნაკადისა“ და „ტრანს-ანატოლიური“ გაზსადენის. ამ პოზიციიდან გამომდინარე თურქეთი შეეცდება მის ხელთ არსებული ბერკეტები ქვეყნის სასარგებლოდ გაზის ფასებთან და მოცულობებთან დაკავშირებით გამოიყენოს, შედეგად „თურქეთის ნაკადის“ განხორციელებისთვის რუსეთს სერიოზულ ფასდათმობებსა და შეღავათებზე წასვლა მოუწევს. მეორე მხრივ, თურქეთი, რომელიც „ნატოს“ წევრი ქვეყანაა და პრო-დასავლურად მოიაზრება, უარს ვერ იტყვის „ტრანსანატოლიური გაზსადენის“ მშენებლობაზე, რომელსაც მთელი ევროპა მხარს უჭერს. თუმცა თუ დავუშვებთ იმას, რომ მომავალში რუსეთმა შესაძლოა დივერსიული აქტები განახორციელოს აზერბაიჯანი-საქართველოს მაგისტრალურ მილსადენებზე, „თურქეთის ნაკადის“ მეშვეობით ოფიციალური ანკარა როგორც ქვეყნისთვის, ასევე ევროპისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების გარანტიას შექმნის.


ენერგოდაიჯესტი, 
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ანალიტიკური დეპარტმენტი
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved