ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ვინ მოიპოვებს ნავთობს საქართველოში?!
ექსპერტების გათვლით, საქართველოში დღევანდელი საბაზრო ფასით დაახლოებით 800 მილიარდი დოლარის ღირბულების ნავთობია

ნავთობსა და გაზის დიდ რესურსებს შეუძლია გადამწყვეტი როლი შეასრულოს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და ქვეყანას დიდი ეკონომიკური სარგებელი მოიტანოს. საქართველო თავისი გეოლოგიური აგებულებით ერთდროულად მიეკუთვნება ორ ნავთობგაზშემცველ ტერიტორიას: აღმოსავლეთ შავი ზღვის ოლქს (დასავლეთ საქართველო) და სამხრეთ-კასპიის ნავთობგაზიან აუზს (აღმოსავლეთ საქართველო). საქართველოში ნავთობისა და გაზის შედარებით დიდი თუ მცირე ბუდობების 1500-ზე მეტი გამოვლინებაა ცნობილი. 

საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ 50 ათას ტონა ნავთობს მოიპოვებენ. მოპოვებულ ნავთობს ადგილზე არ ამუშავებენ და მთლიანად ექსპორტზე გააქვთ. ქვეყანაში დღეის მდგომარეობით 14 ნავთობსაბადოა, საიდანაც ნავთობის მოპოვება ხდება.

საქართველოს ტერიტორია 25 სალიცენზიო ფართობადაა დაყოფილი, სადაც ნავთობის მოპოვებისა და ძებნა- ძიების სამუშაოებს ინვესტორი კომპანიები ასრულებენ. 1996 წლიდან დღემდე ნავთობის მოპოვების ლიცენზია 18 კომპანიაზეა გაცემული. ქვეყანაში სულ 15 ნავთობის საბადოა აღმოჩენილი, რომლებზეც სხვადასხვა დროს მიმდინარეობდა ან ახლა მიმდინარეობს კომერციული მოპოვება. ამჟამად ნავთობს 14 საბადოზე მოიპოვებენ.

ჩვენთან ნავთობისა და გაზის მოპოვება ადრეც ხდებოდა. 1981-83 წლებში ნავთობის მოპოვებამ წელიწადში 3 100 000 ტონას მიაღწია და მისი მოპოვების თვითღირებულება იმ დროისთვის ყველაზე დაბალი იყო მთელს საბჭოთა კავშირში. ქვეყანა თავისი ნავთობისა და გაზის რესურსებით ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით აჭარბებს ბევრ ნავთობგაზმომპოვებელ ქვეყანას, რომელთა ეკონომიკაში ნავთობსა და გაზს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

ტექნიკურად ამოსაღები ნავთობის მოცულობა ექსპერტთა გაანგარიშებით საქართველოში 1 მილიარდ 200 მილიონ ტონას (7 547 169 811 ბარელი) შეადგენს, რომლის ღირებულება დღევანდელი საბაზრო ფასით დაახლოებით 800 მილიარდ დოლარს აღწევს (ერთი ბარელი ნავთობის ფასი დღეს დაახლოებით 106 აშშ დოლარია). ქვეყანამ ეკონომიკური ეფექტი შესაძლოა მიიღოს 40-60 წლის განმავლობაში, თუკი შეიქმნება ნავთობისა და გაზის ძიებისა და მოპოვების ხელსაყრელი პირობები. ახალი საბადოების აღმოჩენას და ექსპლუტაციაში გაშვებას დაახლოებით 5-7 წელი დასჭირდება. ამ ეტაპის დაჩქარება შესაძლებელია აღმოჩენილი საბადოების რეაბილიტაციით, რომლებიც უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით სწრაფად შევა ექსპლუატაციაში. ამ საბადოებში დარჩენილია ათეულობით მილიონი ტონა ნავთობი, რაც ნავთობზე დღევანდელი ფასებით ათეულ მილიარდ დოლარს შეადგენს. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოში არსებობს ნავთობისა და გაზის საკმარისი რაოდენობის რესურსები და მარაგი, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და დიდი როლი შეასრულოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

სხვადასხვა უცხოელი სპეციალისტის შეფასებით, საქართველოს პოტენციური ნავთობრესურსების საერთო რაოდენობა მერყეობს 583 მლნ. ტონიდან 2800 მლნ. 

ტონამდე, ხოლო გაზის - 98 მლრდ. მ3-დან 180 მლრდ. მ3-მდე. ნავთობპროდუქტებისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების დღევანდელი დონის მიხედვით, საქართველოს ნავთობპროდუქტები საკმარისი იქნებოდა 80-300 წელი, გაზი კი დაახლოებით 30-60 წელი (ამოღების 10%-იანი ალბათობით).

ერთ სულ მოსახლეზე ნავთობისა და გაზის რესურსების მოკრძალებული და მიახლოებული შეფასებით საქართველო კანადას - 1.7-ჯერ, აშშ-ს - 12.0-ჯერ, მექსიკას - 6.8-ჯერ, ბრაზილიას - 15.0-ჯერ, ინგლისს - 12.4-ჯერ, რუსეთს - 2.0-ჯერ, ყაზახეთს - 1.4-ჯერ, ალჟირს - 2.5-ჯერ, ნიგერიას - 3.5-ჯერ, ჩინეთს -72.8-ჯერ, ავსტრალიას - 11.9-ჯერ, ინდოეთს - 202.8-ჯერ, ინდონეზიას - 45.9-ჯერ აღემატება.

ბუნებრივია, ეს ციფრები და ფაქტები ნებისმიერ ადამიანს დააფიქრებს და გაუჩენს კითხვას, თუ რატომ არ ექცევა ამ მნიშვნელოვან საკითხს სათანადო ყურადღება. თუმცა, საქართველოში ნავთობის ძიება-მოპოვებას 1995-2006 რამდენიმე უცხოური კომპანია ახორციელებდა. ესენია "კანარგო ჯორჯია", "ფრონტერა ისტერნ ჯორჯია", "ანადარკო ჯორჯია", "იორის ველი – ნავთობი და გაზი". უკანასკნელი კომპანია სახელმწიფოს საკუთრებაშია. როგორც ექსპერტები განმარტავენ, ამ დროის მანძილზე კომპანიები ნავთობს მოიპოვებდნენ არსებულ ძველ საბადოებზე და მათი შემოსვლიდან დღემდე ნავთობის მოპოვება ჯერ გაზრდილა. 1997 წელს 130,5 ათასი ტონიდან, მოპოვება 2006 წლისთვის 62,4 ათას ტონამდე შემცირდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნავთობის სახელმწიფო საკუთრების წილმა დაიკლო 1995 წელს 38,7 ათასი ტონიდან, 27,7 ათას ტონამდე 2006 წელს. 

ზემოაღნიშნულიდან ჩანს, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ჩადებულმა ინვესტიციებმა არ მოიტანა დამაკმაყოფილებელი შედეგი. როგორც "საქნავთობის", ასევე უცხოური კომპანიების ხელმძღვანელებმა, 2000 წლიდან მრავალჯერ გააკეთეს ოპტიმისტური განცხადება, რომ ნავთობის მოპოვება საქართველოში მალე გაიზრდებოდა წელიწადში რამდენიმე მილიონ ტონამდე. ასევე გვპირდებოდნენ, რომ რამდენიმე წელიწადში საქართველოს ექნებოდა დიდი რაოდენობით საკუთარი გაზი, მაგრამ ყველა ეს დაპირება ჯერ-ჯერობით არ არის შესრულებული. 

ბოლო პერიოდში, საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსებით ამერიკული კომპანიებიც დაინტერესდნენ. ამერიკულმა ნავთობკომპანია “ანადარკომ” შავ ზღვაში ფართო სეისმოძიება ჩაატარა, ლაპარაკია ფოთის განედის სამხრეთით, სამეგრელოსა და აჭარის მიმდებარე ზღვის ნაწილზე (აფხაზეთის აკვატორიას ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ), გამოვლენილია რამდენიმე უბანი, სადაც დიდი ალბათობით არის საბადოები. ორ უბანზე ამერიკულმა კომპანიამ მონიშნა კიდეც ადგილი, სად უნდა გაებურღა ჭაბურღილი. მოხდა ისე, რომ ამ დროისათვის, 2008 წლისთვის, კომპანიას ძიების ფაზა უსრულდებოდა. საერთოდ, ზღვაში ნავთობის ძებნა, განსაკუთრებით ბურღვა, ძალზე ძვირია, ერთი საძიებო ჭაბურღილი ზღვაში დაახლოებით 100-დან 150 მილიონამდე ჯდება, მაშინ როცა ხმელეთზე დანახარჯი სულ 10 მილიონამდეა. ამასთანავე, რისკი, რომ ნავთობი შეიძლება არ აღმოჩნდეს, ძალზე მაღალია - აღმოჩენის ალბათობა 20-25 პროცენტს არ აჭარბებს, ანუ ფული შეიძლება ჰაერში გადაყრილი აღმოჩნდეს. 

“ნავთობმოპოვებაში რისკი მაღალია, თუმცა, როგორც ამბობენ, “ვინც არ რისკავს, ვერც შამპანურს სვამს”. კომპანია "ანადარკომ" გვითხრა, რომ ასეთ რისკს მარტო ვერ გასწევდა, ვერც პარტნიორი მონახა და ლიცენზიის გაგრძელებაზეც სახელმწიფომ უარი უთხრა. ამჟამად საქართველოს კუთვნილ შავი ზღვის სალიცენზიო ბლოკებზე სამუშაოები არ მიმდინარეობს, ახლა დღის წესრიგშია ტენდერის ჩატარება, ამ ტერიტორიაზე ახალი კომპანიები უნდა შემოვიდნენ. საქართველოში წელიწადში დაახლოებით 50 000 ტონა ნავთობი და 8-10 მილიონი კუბ. მეტრი გაზი მოიპოვება, ხოლო მოხმარება შესაბამისად, ნავთობპროდუქტების მილიონ ტონაზე მეტია, ბუნებრივი აირის - მილიარდ 800 მილიონი კუბური მეტრი, თუმცა, შესწავლის სხვადასხვა ეტაპზე ფასდება რესურსების რაოდენობა და იმ 40 უბანზე, სადაც მივიჩნევთ, რომ შესაძლოა საბადოები იყოს, ნავთობის რესურსის რაოდენობა დაახლოებით 680 მილიონი ტონაა, ხოლო ბუნებრივი აირის - 150 მილიარდი კუბ. მეტრი. ყველაზე მეტი ალბათობა კომერციული საბადოების აღმოჩენისა თბილისთან ახლოს და შავ ზღვაშია”, - აცხადებს გაზის და ნავთობის კორპორაციის ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებების დეპარტამენტის ექსპერტი, გეოლოგი სოსო ღუდუშაური.


BFM.GE
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved