ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
უკრაინის კრიზისმა "სამხრეთ ნაკადი" შეიწირა
ევროპარლამენტმა “სამხრეთ ნაკადის” შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო და ევროკავშირს მოუწოდა, უკრაინას რუსეთთან გაზის საკითხში არსებულ დავაში დაეხმაროს. ეს ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული გადაწყვეტილებაა, რომლის მიღება ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოხერხდა.

ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომელსაც გუშინ სტრასბურგში უყარეს კენჭი, აღნიშნულია, რომ “ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ გაზსადენი “სამხრეთის ნაკადი” არ უნდა აშენდეს და ხელმისაწვდომი უნდა იყოს მიწოდების სხვა წყაროები”.

გარდა ამისა, ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის დახმარება უკრაინისადმი გაზით უზრუნველყოფაში და ევროკავშირთან აქტური ურთიერთკავშირები კიევს უსაფრთხოს გახდის პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლისგან.

ცნობილია, რომ ამ დროისთვის ბულგარეთმა თავის ტერიტორიაზე ნავთობსადენის “სამხრეთ ნაკადის” იმ მილების დემონტაჟი განახორციელა, რომელიც 2013 წელს რუსული “გაზპრომის” წარმომადგენლებთან ერთად დამონტაჟდა, როგორც “სამხრეთ ნაკადის” დაწყების სიმბოლო.

თუმცა “სამხრეთ ნაკადს”, შესაძლოა, დამცველად თურქეთი მოევლინოს. ამ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ თურქეთი “სამხრეთის ნაკადის” მილსადენის თავის ტერიტორიაზე გატარების საკითხს განიხილავს. ტანერ ილდიზმა დაადასტურა, რომ მილსადენის თურქეთის ტერიტორიაზე გატარების შესახებ მომავალ კვირაში ანკარაში დაგეგმილ შეხვედრაზე იმსჯელებენ. თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი რუსეთის სახელმწიფო კომპანია “გაზპრომის” ხელმძღვანელის მოადგილე ალექსანდრ მედვედევთან გამართავს მოლაპარაკებებს. 

თურქეთის ენერგეტიკის მინისტრ ტანერ ილდიზს არ დაუზუსტებია რას შეცვლის `სამხრეთის ნაკადის~ მილსადენის ბულგარეთის ნაცვლად თურქეთის ტერიტორიაზე გატარება. არსებულ პროექტში “გაზპრომის” ევროპელი პარტნიორები არიან იტალიის, საფრანგეთისა და გერმანიის კომპანიები. ვინ ჩაენაცვლება წამყვანი ევროპული ქვეყნების კორპორაციებს, ცნობლი არ არის.

ევროპა კი ფორსირებულ რეჟიმში განაგრძობს გაზისა და ნავთობის მიწოდების ალტერნატიული გზების მოძიებას. აქტუალური გახდა აზერბაიჯანიდან გაზსადენის დაჩქარებული გაყვანა სამხრეთ ევროპის ქვეყნებში საქართველოსა და თურქეთის გავლით. შაჰდენიზის გაზსადენის პროექტი 2012 წელს დაიწყო, თუმცა ამჟამად მისი გაფართოება იგეგმება თურქმენეთის გაზის საბადოების ხარჯზე.

თურქმენეთი თავისი გაზის უდიდეს მარაგს წლების განმავლობაში ევროპაში აგზავნიდა რუსეთის გავლით, თუმცა მისთვის წამგებიანი პირობებით: ქვეყანა გაზს ჯერ რუსულ “გაზპრომზე” ყიდდა, ხოლო ამ უკანასკნელს ბუნებრივი აირი გასამმაგებული ფასით გაჰქონდა საზღვარგარეთ, როგორც რუსული გაზი.

არაოფიციალური ინფორმაციით, თურქმენეთის მთავრობა უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს აზერბაიჯანთან კასპიის ზღვის ფსკერიდან მოპოვებული გაზის ევროპაში გასატანად. როგორც ცნობილია, მოლაპარაკებებში აქტიურად არის ჩართული ევროპული მხარეც. სავარაუდოა, რომ ახალი გაზსადენი რუსულ “სამხრეთის ნაკადს” ჩაანაცვლებს.

და ბოლოს, უკრაინის კრიზისი მკვეთრად უარყოფითად აისახა “გაზპრომის” აქციებზე. 2007 წელს კრემლში ვარაუდობდნენ, რომ “გაზპრომის” კაპიტალი ოთხჯერ გაიზრდებოდა და 1 ტრილიონ დოლარს მიაღწევდა. ახლა აღმოჩნდა, რომ “გაზპრომმა” მსოფლიოს 5000 უმსხვილეს კომპანიათა შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი დააფიქსირა. სამი წლის განმავლობაში მისი აქციები საფონდო ბირჟებზე პერმანენტულად ეცემოდა, რაც რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკური კურსიდან გამომდინარეობს.



წყარო: http://for.ge/view.php?for_id=32423&cat=2
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved