იმისთვის, რომ ამ მოცულობამ მიაღწიოს ჩაფიქრებულ ბაზრებამდე – თურქეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი და იტალია – ორი გაზსადენი აშენდება: TANAP-ი და TAP-ი. BP-ის გათვლებით, მხოლოდ ამ გაზსადენების აშენება 15 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდება. ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ, ამ გაზსადენების გამტარიანობა ორჯერ გაიზრდება, რაც ტრანსპორტირების დამატებითი მარშრუტების ათვისებას შეუწყობს ხელს.
ტრანსანატოლიური გაზსადენი (TANAP) სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაგრძელება იქნება თურქეთის აღმოსავლეთ საზღვართან. გაზსადენი საქართველო-თურქეთის საზღვართან აიღებს სათავეს და თურქეთ-ბულგარეთის საზღვრამდე გაგრძელდება. იქ მას შეუერთდება სხვა მილსადენი, რომლის მეშვეობითაც გაზი იტალიამდე მიაღწევს.
TANAP-ი თურქეთის დასავლეთ საზღვართან ტრანსადრიატიკულ გაზსადენს (TAP) შეუერთდება. აქედან TAP-ი გადაკვეთს საბერძნეთს და ალბანეთს ადრიატიკის ზღვის ნაპირამდე, შემდეგ მილსადენი წყალქვეშ გაივლის იტალიამდე. აქედან კი უკვე იტალიის გაზის ტრანსპორტაციის ქსელს შეუერთდება.
პროექტის მთავარი დოკუმენტის, აზერბაიჯან-თურქეთის მთავრობათაშორისი ურთიერთგაგების მემორანდუმის მიხედვით, ტრანსანატოლიური მილსადენის საკონტროლო პაკეტის მფლობელი, ასევე მთავარი ინვესტორი და მილსადენის ოპერატორი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია იქნება. მას 80%-იანი წილი ეკუთვნის, თურქეთის მილსადენების სახელმწიფო კომპანია – Botas-ი და ნავთობკომპანია – Turkish Petroleum-ი კი 10-10%-ს ფლობენ.
სხვადასხვა გათვლებით, TANAP-ის მშენებლობა 5-დან 6 მილიარდ აშშ დოლარამდე დაჯდება. მშენებლობის ხარჯის დიდი ნაწილის დაფარვას აზერბაიჯანი ნავთობის ექსპორტით მიღებული შემოსავლებით აპირებს. სრული დატვირთვის შემთხვევაში, მილსადენი ევროპისკენ 30 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გატარებას შეძლებს.
ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა ევროპული და სამხრეთ კორიდორის გასწვრივ მაღალია. იტალია, რომელიც გაზსადენის დანიშნულების ბოლო პუნქტია, ევროპაში ბუნებრივი გაზის ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზარია: აქ გაზის მოხმარება 70 მილიარდ კუბურ მეტრს აღწევს. სამხრეთ კორიდორის გახსნით, საბერძნეთის და ბულგარეთის ბაზრები ახალი წყაროდან მიიღებენ გაზს. ალბანეთისთვის სამხრეთ კორიდორი ქმნის გაზის ინდუსტრიის განვითარების შესაძლებლობას, რაც ელექტროენერგიის წარმოების ეფექტურობაზეც აისახება.
ყველა ეს ქვეყანა საშუალოდ 50%-ზე მეტად რუსულ გაზზეა დამოკიდებული, ამიტომ, სპეციალისტების შეფასებით, შაჰ დენიზის განვითარება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ევროპის ენერგოდამოუკიდებლობას. შაჰ დენიზის მეორე ფაზამ შეიძლება სერიოზული კონკურენცია გაუწიოს რუსეთის ფავორიტ პროექტს სამხრეთის ნაკადსაც. სამხრეთის ნაკადი მოსკოვის მხრიდან ჩაფიქრებული იყო, როგორც ინსტრუმენტი იმისთვის, რომ სამხრეთ კორიდორის მხრიდან არსებული კონკურენცია დაებლოკა და ევროპის გაზით მომარაგებაზე მონოპოლია კიდევ დიდი ხნით შეენარჩუნებინა.
სპეციალისტებისთვის გაურკვეველია, შეძლებს თუ არა სამხრეთის ნაკადი როდესმე კომერციული თვალსაზრისით რაციონალურად ოპერირებას. გაზპრომი ამ დრომდე მალავს სამხრეთის ნაკადთან დაკავშირებულ ყველა დეტალს – მათ შორის, ვინ იქნება გაზის მომწოდებელი ამ პროექტისთვის, რა დაჯდება გაზსადენის აშენება და ოპერირება, ან რა ფასად მიიღებენ ევროკავშირის მომხმარებლები სამხრეთის ნაკადით გაზს.
სპეციალისტების გათვლებით, სამხრეთის ნაკადის მთავარი მომწოდებელი უნდა იყოს თურქმენეთი, თუმცა სხვადასხვა კვლევებით დასტურდება, რომ ევროკავშირისთვის თურქმენული გაზის მიწოდება გაცილებით უფრო ძვირია სამხრეთის ნაკადის გაზსადენის გავლით, ვიდრე სამხრეთის კორიდორის გავლით.
კვლევები იმასაც აჩვენებს, რომ სამხრეთის ნაკადი გაზპრომისთვის მოგებიანი პროექტი არ არის. შესაბამისად, კრემლის მთავარი მიზანია, ინვესტორები დააშინოს იმით, რომ სამხრეთ კორიდორის განვითარების შემთხვევაში, ბალკანეთის და ცენტრალური ევროპის გაზის ბაზრებს სამხრეთის ნაკადის 63 მილიარდი კუბური მეტრი გაზი წალეკავს და აზერბაიჯანის საბადოებში არსებულ კონკურენტულ გაზს შანსს არ დაუტოვებს.
გამოდის, რომ ევროკავშირი და სამხრეთ კორიდორის კერძო ინვესტორები ევროპელ მომხმარებლებს და რუსეთის მოქალაქე გადასახადის გადამხდელებს დიდ სამსახურს გაუწევენ, თუ მოსკოვის ბლეფს არ აჰყვებიან. შაჰ დენიზის გაფართოების მეორე ფაზა მიანიშნებს იმაზე, რომ ევროპის საბედნიეროდ, ინვესტორები სწორედ ამას აპირებენ. რუსეთის გადასახადების გადამხდელთა სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ კრემლი ზუსტად ასევე დაჟინებით ცდილობს სამხრეთის ნაკადის პროექტის ამუშავებას.
თუმცა დღესდღეობით აზერბაიჯანის საბადოების გარდა არ არსებობს გაზის დამატებითი მარაგები, რომელთა წარმოება და ევროპაში გაყიდვაც რეალისტურად შეიძლებოდეს: შაჰ დენიზის საბადოდან გაზის წარმოების შემდეგ, გაზის ყველაზე რეალური მიწოდება აზერბაიჯანის კიდევ ერთი საბადოდან აბშერონიდან შეიძლება და ეს მარაგიც სამხრეთ კორიდორისთვის იქნება განკუთვნილი. გამოდის, რომ შაჰ დენიზის გაფართოების შემთხვევაში, არსებობს გაზის დამატებითი რესურსი, ხოლო სამხრეთის ნაკადმა უკვე არსებული უნდა გაატაროს.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, მას შემდეგ, რაც გაზის ტრანსპორტირების პირველი მარშრუტი გაიხსნება, დამატებითი გაზი და ინფრასტრუქტურაც გამოჩნდება: მოსალოდნელია, რომ სამხრეთ კორიდორის მიერ გატარებული დამატებითი გაზი ბულგარეთს, საბერძნეთს, ალბანეთსა და იტალიას გასცდეს და გეზი სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისკენაც აიღოს.
შაჰ დენიზის პროექტის პარტნიორებს მესამე ფაზის გრძელვადიანი გეგმებიც აქვთ. ეს ხედვა ეფუძნება იმ აღმოჩენებს, რომელიც 2007 წელს BP-იმ კასპიის ზღვაში ყველაზე ღრმა ჭაბურღილის ბურღვისას გააკეთა: აღმოჩნდა, რომ ახალი მაღალი წნევის რეზერვუარის აღმოჩენა შაჰ დენიზის პროექტის კიდევ უფრო გაფართოების შესაძლებლობას იძლევა. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს, როგორც ტრანზიტორი ქვეყნის, როლი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. თუმცა ამ რესურსების ასათვისებლად, მათი მაღალი წნევის გათვალისწინებით, ახალი ტექნოლოგიები და ახალი კვლევები იქნება საჭირო.
წყარო:
http://www.tabula.ge/ge/story/79648-shah-denizis-meore-etapi-da-saqartvelo