ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ს.ს. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”

ჩვენ შესახებ

ს.ს. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” (სსე)  არის სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი სააქციო საზოგადოება, რომელიც ჩამოყალიბდა 2002 წელს შპს "ელექტროდისპეტჩერიზაციისა"  და სს "ელექტროგადაცემის" შერწყმის საფუძველზე. სსე უზრუნველყოფს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის გადაცემას (ტრანსპორტირებას, ტრანზიტს) და ამავდროულად წარმოადგენს დისპეტჩერიზაციის ერთადერთ ლიცენზიანტს. სსე გადაცემა-დისპეტჩერიზაციის მომსახურებას უწევს დაახლოებით 50 კვალიფიციურ საწარმოს.


"საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის" (სემეკ) მიერ გაცემული ლიცენზიებისა და გადაცემა-დისპეტჩერიზაციისათვის დადგენილი ტარიფების საფუძველზე, სსე ახორციელებს სისტემის ტექნიკურ მართვას ელექტროენერგიის მიწოდება-მოხმარების სტაბილური რეჟიმის უზრუნველსაყოფად და, ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის უფლების გარეშე, გადასცემს საქართველოში წარმოებულ ან იმპორტირებულ ელექტროენერგიას სადისტრიბუციო ენერგოკომპანიებს, პირდაპირ მომხმარებლებს ან მეზობელი ქვეყნების ელექტროსისტემებს.


სსე ფლობს სემეკ–ის 2002 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიას 12-004 და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიას 13-004.

 

გადაცემა 

 

    საქართველოს ელექტროენერგიის გადამცემი ქსელი ოპერირებს 500/330/220/110/35/10/6 კვ ძაბვაზე.  

    საქართველოს ენერგოსისტემა   500კვ გადამცემი ქსელის საშუალებით  უკავშირდება მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებს:

  • 500 კილოვოლტიანი მაგისტრალური ელექტროგადაცემის ხაზი "ქართლი-1" - "ქართლი-2" - "იმერეთი" - "კავკასიონი", რომელიც  500კვ ქვესადგურების: „გარდაბანი-500“,   „ზესტაფონი-500“ და  „ქსანი-500“ გავლით  აკავშირებს  საქართველოს ენერგოსისტემას რუსეთთან და  საქართველოს ჩრდილო-დასავლეთით განლაგებულ გენერაციის მსხვილ ობიექტებთან (მათ შორის "ენგურჰესთან")
  • სსე-ს  შვილობილი კომპანიის  „ენერგოტრანსის” მიერ აშენებულია 500კვ მაგისტრალური ელექტროგადაცემის ხაზი  ‘’ვარძია’’ – ‘’ზეკარი’’ – ‘’მესხეთი’’ რომელიც  500კვ ქვესადგურების: „გარდაბანი-500“, „ზესტაფონი-500“ და „ახალციხე-500“ (ეს უკანასკნელიც აშენებულია  სსე-ს შვილობილი კომპანიის „ენერგოტრანსის“ მიერ), გავლით აკავშირებს საქართველოს ენერგოსისტემას თურქეთთან.
  • 500კვ  ქვესადგურიდან „გარდაბანი-500“  გადის აზერბაიჯანის ენერგოსისტემასთან დამაკავშირებელი 500კილოვოლტიანი ელექტროგადაცემის ხაზი „საქართველო-აზერბაიჯანი“ და 330კილოვოლტიანი გადამცემი ხაზი „გარდაბანი-330“

    ასევე არსებობს საკმაოდ ფართო 220კვ გადამცემი ქსელი, რომელიც დაკავშირებულია გენერაციის სხვა ობიექტებთან და მოთხოვნა-მოხმარების ცენტრალურ რეგიონებთან. საქართველოს ენერგოსისტემა უკავშირდება რუსეთს, სომხეთს და თურქეთს – 220კვ გადამცემი ხაზებითაც. ასევე არსებობს იზოლირებული 110კვ კავშირები სომხეთთან და რუსეთთან.

  “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა” და  მისი შვილობილი კომპანიის „ენერგოტრანსის“ ბალანსზე ირიცხება:

 500-220-110-35 კილოვოლტის 130  ერთეული ელექტროგადაცემის  ხაზი ჯამური სიგრძით 3221.97 კმ, მათ შორის:

 

  • 500კვ. ხაზების სიგრძე-289კმ 
  • 220კვ. ხაზების სიგრძე – 1584.41 კმ.
  • 110კვ. ხაზების სიგრძე – 856.79 კმ.
  • 35 კვ. ხაზების სიგრძე – 491.77 კმ.

500-220-110-35 კილოვოლტის   92 ერთეული  ქვესადგური  ჯამური დადგმული სიმძლავრით – 10212.6 მვა.

  მათ შორის:

  • 500 კილოვოლტიანი ქვესადგური - 4  (ჯამური დადგმული სიმძლავრე - 5228,2 მვა)
  • 220 კილოვოლტიანი ქვესადგური - 17  (დადგმული სიმძლავრით - 4396.5 მვა)
  • 110 კილოვოლტიანი ქვესადგური  - 25  (დადგმული სიმძლავრით - 421.4 მვა)
  • 35 კილოვოლტიანი ქვესადგური  - 46  (დადგმული სიმძლავრით - 166.5 მვა)

 

დისპეტჩერიზაცია

 

საქართველოს ენერგოსისტემის ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი განლაგებულია სსე-ის შენობაში, თბილისის ცენტრში. ის პასუხისმგებელია საქართველოს ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე, 500/220/110/35კვ გადამცემი ობიექტების გამართულ მუშაობასა და ენერგოსისტემის მდგრადობაზე. ეროვნული სადისპეტჩერო უზრუნველყოფს ენერგოსისტემის, როგორც ერთიანი ობიექტის მუშაობას ნორმალურ და ავარიულ რეჟიმებში. ცენტრი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, რითაც შესაძლებელია სისტემის შესახებ ინფორმაციის "ონლაინ" რეჟიმში მიღება, სისტემის დისტანციური მართვა და ავარიული სიტუაციების ეფექტური მართვა. კერძოდ, ეროვნული სადისპეტჩერო ქვესადგურებიდან და სადგურებიდან იღებს სრულ ინფორმაციას და მუდმივად განახლებადი მონაცემთა ბაზის საფუძველზე ოპერატიულად რეაგირებს ავარიულ სიტუაციებში.
 

 

მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved